გენერალ ჰეტლინგის ვიზიტი და შაშკინის სამი T

დიმიტრი შაშკინი და გენერალი ჰეტლინგი

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველოში დღეს დასრულდა, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაურის, სამვარსკვლავიანი გენერლის მარკ ჰერტლინგის ოფიციალური ვიზიტი. ჰერტლინგი შეხვდა როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს, ასევე ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს და მის მოადგილეს მაია სიფრაშვილ-ლის, რომელიც შაშკინს თავდაცვაში განათლების სამინისტროდან გადაჰყვა.

ამერიკელი გენერალი ასევე შეხვდა გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძესა და ბრიგადის გენერალ გიორგი კალანდაძეს. მარკ ჰერტლინგი დაესწრო, ამერიკის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის მიერ ქართველი სამხედროებისთვის ორგანიზებულ სემინარს.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განმარტა თუ რა მოლოდინები აქვს ამერიკულ-ქართულ სამხედრო თანამშრომლობიდან:

„ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი მათი მონაწილეობა ჩვენი ჯარის შექმნის პროცესში. საქართველო შეასრულებას ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გვაქვს აღებული ISAF-ის მისიის ფარგლებში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ჯარისკაცები იღებენ უზარმაზარ გამოცდილებას, მონაწილეობენ და ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენი პარტნიორების წინაშე.

ეხლა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს, იმ გეგმის შესრულება რომელზეც იყო საუბარი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზტის დროს იმისათის რომ ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული იყოს.“

გენერალი ჰერტლინგი ევროპის 51 ქვეყანაშია პასუხისმგებელი ამერიკული ჯარების როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ ოპერაციებზე, მასვე ექვემდებარება გერმანიაში, ჰოჰენფელსის მომზადების ცენტი, სადაც ავღანეთის ოპერაციისთვის გადამზადებას ქართული ბატალიონები ყოველი როტაციის წინ გადიან.

ივნისის ბოლოდან კი კახეთში, პალდოს სამხედრო ბაზაზე, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და 361-ე ბრიგადის დახმარებით, საქართველოს სამინისტროების 200 წარმომადგენლის წვრთნა მიმდინარეობს. წვრთნის მიზანია, მასშტაბურ წყალდიდობაზე რეაგირება, სტიქიური უბედურების შეფასება, დაგეგვმა და რეაქცია. ამერიკული მხრიდან წვრთნებს პოლკოვნიკები დევიდ ჯონსონი და რიჩარდ სტეკლა, ქართული მხრიდან კი პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი ხელმძღვანელობს.

ანალოგიური წვრთნები საქართველოში პირველად, შარშან ივლისში გაიმართა და მაშინაც თბილისში გენერალი მარკ ჰერტლინგი იმყოფებოდა.

დიმიტრი შაშკინმა ევროპაში ამერიკული ჯარების მეთაურს ასევე გააცნო თავდაცვის ახალი კონცეფცია 3T, რომლითაც შაშკინი თავდაცვის სამინისტროში მოვიდა:

„3 T-ს მეორე კომპონენტი ტოტალური წვრთნა გულისხმობს ჯარის ტოტალურ გადამზადება-მომზადებას ნატოს სტანდარტების მიხედვით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ მხრივ ამერიკული პარტნიორებისგან მიღებული დახმარება, ასევე დიდი ბრიტანეთისგან და ნატოს სხვა წევრებისგან.

ტოტალურ თავდაცვაში ვგულისხმობ რომ ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს ჰქონდეს ყველა ის უნარი, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის.

ტოტალურ თავდაცვაში ვგულისხმობთ იმას, რომ როგორც ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენ უარს ვამბობთ ჯარის გამოყენებაზე აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების დროს.“

ტოტალური წვრთნისა (Total Training) და ტოტალურ თავდაცვის (Total Defence), გარდა, თავდაცვის სამინისტროს 3T პრინციპი ასევე მოიცავს, ტოტალურ ზრუნვას (Total Care) ქართულ ჯარს შაშკინის გამინისტრების შემდეგ სლოგანიც ახალი აქვს - „არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ!“

ამერიკელი გენერლის მარკ ჰერტლინგის გარდა, საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმაც გაიცნო, რომელიც თბილისს დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.