შეუძლია თუ არა მინისტრს ერთნაირი წარმატებით მართოს განათლების, პოლიციის, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სფეროები? დისკუსია ამ თემაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, როცა რამდენიმე მინისტრმა თანამდებობები უბრალოდ გაცვალა და საკუთარი გუნდით სულ სხვა პროფილის სამინისტროში გადაინაცვლა.
დიმიტრი შაშკინი - თავდაცვის ახალი მინისტრი მანამდე ორი წელი და ექვსი თვე განათლების მინისტრად მუშაობდა. მინისტრის კარიერა კი 2009 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების სამინისტროში დაიწყო, სადაც 11 თვე გაატარა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად სამ წელზე მეტი იმუშავა ბაჩო ახალაიამ, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2009 წლის აგვისტოდან კი თავდაცვის მინისტრი გახდა. ახალმა სამთავრობო კარუსელმა ახალაიას ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა არგუნა. ახალაიამ დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეცვალა.
პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელსაც 11 თვის განმავლობაში თავადაც ეკავა განათლების მინისტრის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, ამბობს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ისევ არ არის სტაბილური და მთავრობა კონკრეტული ინდივიდების მიმართ ნდობის ხარისხის მიხედვით კომპლექტდება:
„მე ვთვლი, რომ ასეთი გადაადგილებები, როდესაც იმავე პარტიის წარმომადგენელი მინისტრები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ თავიანთი წინამორბედების საქმიანობა მიდიან საკუთარი ე.წ გუნდით, არ არის კარგი პრაქტიკა დემოკრატიულ მმართველობაში.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენში საჯარო სამსახური არ არის სტაბილიზირებული და ნდობა მაინც არის უფრო ინდივიდების მიმართ.
მეორე მხრივ ბოლო ცვლილებების მნიშვნელობა არის ის, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ პრემიერ-მინისტრი რეალურად იქნება მთავრობის ხელმძღვანელი და ვერავინ იტყვის რომ ვიღაც სხვა რიგითი მინისტრი მასზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა.
აქამდე ჩვენ ხშირად ვამბობდით რომ ზურაბ ადეიშვილი ან ვანო მერაბიშვილი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, ვიდრე ნიკა გილაური და ეს ითქმოდა წინა პრემიერ მინისტრებზეც. დღეს ეს ასე აღარ იქნება, დღეს პრემიერი ალბათ პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მნიშნელოვანი ფიგურაა.“
პრემიერ-მინისტრის გამოცვლით დაწყებული საკადრო ცვლილებების ციებ-ცხელება ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თავდაცვაში 6 თანამშრომელი გადაიყვანა: პირველი მოადგილე კოკა სეფერთალაძე, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და პრესსამსახურის წარმომადგენლები.
ბაჩო ახალაიამ თავდაცვის უწყებიდან მოადგილეები - ნოდარ ხარშილაძე და ნიკა ძიმცეიშვილი წაიყვანა; ახალი გუნდი წარადგინა ხატია დეკანოიძემაც. განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი პოზიციები პოლიციის აკადემიის ოთხმა თანამშრომელმა დაიკავა.
პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შოთა უტიაშვილი და ზურა გვენეტაძე გადაჰყვნენ, მერაბიშვილის გუნდის ბევრმა წევრმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა კი დღემდე კადრების განკარგულებაშია გადასული.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო ადმინისტრაციის მართვა ე.წ ახალ ზელანდიური მოდელით მიმდინარეობს, რომლითაც თავად ახალ ზელანდიაში უკვე აღარ სარგებლობენ:
„იმ მოდელს თუ მივყვებით, რომელსაც იყენებს საქართველოს მთავრობა ჩვენ არ გვიგროვდება გამოცდილება იგივე სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, თავდაცვაში. ამ სექტორებში არ ხდება ცოდნის დაგროვება ისე, როგორც მოხდებოდა სრულიად დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის არსებობის პირობებში.
ტიპიურად, უცხოეთში მიღებულია, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები არის პოლიტიკური თანამდებობა, განსაკუთრებით თუ ამერიკულ სტილს მივსდევთ. აი ამ შემთხვევაში სავსებით ბუნებრივი მოვლენაა როცა მინისტრს თავისი მოადგილეები სადმე გადაჰყავს.
უფრო პრობლემატური თემაა, როცა საუბარი ეხება დეპატრამენტის თავმჯდომარეებს, სამმართველოს უფროსებს, შუა რგოლს, იმ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურის ხერხემალს უნდა ქმნიდნენ.
თუ ისინი ვალდებულები არიან ნებისმიერი ცვლილების შემდეგ, რომელიც ხდება უმაღლესს ეშელონში დაწერონ განცხადება და მერე ელოდონ რას გადაწყვეტს მინისტრი ბუნებრივია ეს ვერ ქმნის, ვერ უზრუნველყოფს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ საჯარო სამსახურს, რომელიც იქნება ღირებული ცოდნის მფლობელი მოცემულ სექტორში.“
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს რიგით მეექვსე პრემიერ მინისტრი ჰყავს - ვანო მერაბიშვილი, რომელიც იმავდროულად რევოლუციური მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიანი მინისტრია.
იგი 2004 წლის 7 ივნისს უშიშროების მინისტრად დაინიშნა, იმავე წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, 2012 წლის 4 ივნისს კი პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავა.
მერაბიშვილის მთავრობაში დღეს კიდევ ორი სტაჟიანი მინისტრია. ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც მოღვაწება რევოლუციის შემდეგ იუსტიციის მინისტრად დაიწყო, იყო უშიშროების სამინისტროს პირველი პირი, გენერალური პროკურორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და 2008 წელს ისევ იუსტიციის მინისტრობას დაუბრუნდა. ასევე გიორგი ბარამამიძე, რომელმაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრად იმუშავა, 2004 წლიდან კი სახელმწიფო მინისტრია.