ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მთავრობის გულუხვი მესიჯები: მემარცხენეობა თუ პოპულიზმი?


102 ხმით 7-ის წინააღმდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. პრემიერი ვანო მერაბიშვილი გახდა, შსს მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი და დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე. სხვა მინისტრებმა თანამდებობები შეინარჩუნეს.

განახლებულ კაბინეტთან ერთად, პარლამენტმა ავტომატურად მოიწონა მთავრობის გეგმა, სახელმწოდებით - „მეტი სარგებელი ხალხს!“. ამ გეგმაზე საკუთარი გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა:

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოციალური მიმართულებით, ჩვენ ვაპირებთ, პენსიების დაფინანსების მიზნით დავხარჯოთ 6 მილიარდი ლარი. ჯანდაცვის დაზღვევის და ხელმისაწვდომობის მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად - კიდევ 3 მილიარდის დახარჯვას ვგეგმავთ. სოფლის მეურნეობის განვითარების, სოფლის მხარდაჭერისთვის 4 მილიარდ ლარს დავხარჯავთ. განათლება დაფინანსდება 4 მილიარდი ლარით.

საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტის მიერ 2003 წელს აღებული 100 დოლარიანი პენსიის დაპირება შევა ძალაში, ეს უკვე დევს მომავალი ბიუჯეტის პროექტში, ამ პაკეტში შევა დაზღვევაც, რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა წინამორბედი მთავრობის.“

მერაბიშვილის მთავრობის მასშტაბურ დაპირებებს პოპულისტურს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი კოალიცია „ქართული ოცნება“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ხადური კერძოდ ამბობს:

„ხელისუფლებამ აღიარა, რომ სამთვარობო კრიზისია და ამიტომ ის იძულებული გახდა, ძალიან სწრაფად, მოუმზადებლად ჩაეტარებინა სერიოზული საკადრო ცვლილებები. შეიცვალა პრემიერი და ერთ დღეში შეიცვალა მთელი პროგრამა და მიმართულება.

ხელისუფლება უფრო პოპულისტურ განცხადებებზე გადავიდა, თუმცა ეკონომიკური რეალობაც არ არის სახარბიელო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2004 წელთან შედარებით დღეს უფრო ნაკლები ადამიანია დასაქმებული; 2003 წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით არის შემცირებული სოფლის მეურნეობაში წარმოების მოცულობა, ეს იმ ფონზე როცა სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 50%-ზე მეტია დასაქმებული.

ეკონომიკა რეალურად ყოველთვის გერის როლში იყო ამ ხელისფლების ხელში და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ სოფლის მეურნეობა, დასაქმება და ჯანდაცვა.

1 400 000 ადამიანი გვყავს ქვეყანაში რომელიც ხელფასს საერთოდ არ იღებს, მათგან ჩვენი კანონმდებლობით, უმუშევრად ითვლება მხოლოდ 320 ათასი ადამიანი. ვისაც სახლში თოხი უპოვეს ყველა დასაქმებულად ჩათვალეს. დღეს კი გვეუბნებიან, რომ 273 ათასი სამუშაო ადგილი.“

პრემიერ მინისტრ მერაბიშვილს დღეს პარლამენტში ჰკითხეს, სჯერა თუ არა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია უმუშავარი, რაზეც ახალმა პრემიერმა ბევრისთვის მოულოდნელი პასუხი გასცა:

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში, პირადად ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება სტატისტიკით, საქართველოში რამდენი პროცენტი იქნება უმუშევარი.

იმიტომ, რომ ის რაც კეთდებოდა აქამდე არის უბრალოდ მშრალი სტატისტიკა. შს სამინისტროში არასდროს წამიკითხავს დანაშაულის სტატისტიკა და არ შემიფასებია არცერთი პოლიციის უფროსი სტატისტიკიდან გამომდინარე. ვიძლევი გარანტიას, რომ არცერთ მინისტრს სტატისტიკის მიხედვით არ შევაფასებ.“

ახალი კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა, მთავრობის დამტკიცებამდე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ:

„დღეს არის ისტორიული დღე, რადგან სწორედ დღეს უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია, როგორც ქვეყნის მომავალი პირველი პირის. მაგრამ, მე წეღან ვთქვი, რომ ხალხნო ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ. ჯერ მოიგეთ არჩევნები, მერე დადექით და იტრაბახეთ იმ მიღწევებით, რომელსაც თქვენ 3-4 წლის მერე გეგმავთ. 4 წლიან გეგმავს რო წარმოადგენთ, ჯერ კარგად აგვიხსენით როგორ აპირებთ არჩვენების მოგებას, იმის ფონზე, რაც 7-8 წელი ამ ქვეყანაში აკეთეთ.“

ქრისტიან-დემოკრატებმა საბოლოოდ მთვარობის დამტკიცებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და დარბაზი კენჭისყრამდე დატოვეს. ახალი კაბინეტის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 7-მა დეპუტატმა მისცა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიკა გილაურის შემცვლელად და ახალ პრემიერ–მინისტრად გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 30 ივნისს დაასახელა. სააკაშვილმა ამ დანიშვნას „ძალიან მნიშვნელოვანი“ და „ახალი დასაწყისის მანიშნებელი“ უწოდა.

მთავრობაში ეს ცვლილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო გადაადგილებაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განხორციელდა.

მერაბიშვილის გაპრემიერება პირველი შემთხვევაა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა დაინიშნა.

XS
SM
MD
LG