NATO VS რუსეთი: „შავი ქორები“ ვაზიანში და „ნიანგები“ ძარწემში

ამერიკული Blackhawk-ის ვერტმფრენები საქართველოს ცაში, ვაზიანი, 01.08.2018

ოკუპანტმა რუსეთმა როგორც მოსალოდნელი იყო, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე NATO-ს მრავალეროვნული სწავლების დაწყებას, რომელშიც 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი მებრძოლია ჩართული, ასიმეტრიულად უპასუხა.

მოსკოვმა ცხინვალთან ახლოს, ქართველების ნასოფლარ ძარწემში, მე-4 საჰაერო არმიის შვეულმფერენების ესკადრილია გადმოისროლა. რუსეთმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც დოვერის საჰაერო ბაზიდან მოფრენილმა ამერიკული სტრატეგიულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა Lockheed C-5 Galaxy-მა, თბილისში Blackhawk-ის ტიპის შვეულმფრენები ჩამოიტანა.

ვაზიანი, "ღირსეული პარტნიორი 2018"

ოკუპანტების ესკადრილია, რომელიც Ми-35М-ის (მეტსახელად „ნიანგი“), Ми-24-ის და Ми-8АМТШ ტიპის ვერტრენებისგან შედგება, რუსეთის ქალაქ სტავროპოლიდან აფრინდა და კავკასიის ქედი გადმოიფრინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ძარწემის პოლიგონზე, 58-ე არმიის სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 2000 ოკუპანტია ჩართული.

მოსკოვმა პარალელურად დაიწყო სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მასშტაბურ სწავლებაში 600 ერთეული სამხედრო ტექნიკით, მათ შორის: T72 B3 ტანკებით, БТР-82А ჯავშანმანქანებით, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2S1 Gvozdika-თი, 2S12 Sani-ით, RPO-A Shmel-ით, AGS-17 და RPG-7-ით შეიარაღებული, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 2500-მდე საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.

ამჟამად, ძარწემში მყოფი, რუსეთის 4-ე საჰაერო არმიის 55-ე ცალკეული შვეულმფერენების პოლკი, სწორედ ის შენაერთია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც შიდა ქართლში, ისე ზემო აფხაზეთში, ქართულ არმიასა და მოსახლეობას აქტიურად ებრძოდა.

ვაზიანში მყოფ დოვერის საჰაერო ბაზაზე მიმაგრებულ ამერიკელ მფრინავებს კი 10 წლის უკან, თბილისში C-17 Globemaster III-ებით ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები ჩამოჰქონდათ. აშშ-ს არმიის 171-ე საავიაციო პოლკის მაიორი სტივენ ბოდა ამბობს:

„სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-დან საქართველოში Blackhawk-ის ვერტმფერენები, ეკიპაჟის წევრებთან ერთად ჩამოვიყვანეთ“
სტივენ ბოდა, აშშ-ს არმიის 171-ე საავიაციო პოლკის მაიორი

„ღირსეული პარტნიორის სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-დან საქართველოში UH-60 Blackhawk-ის ვერტმფერენები, ეკიპაჟის წევრებთან ერთად ჩამოვიყვანეთ. წვრთნებში ჩართვამდე საფრენი აპარატები შევამოწმეთ, პირველ დღეს, მათ შესაბამისი საჰაერო მხარდამჭერი ოპერაციები უსაფრთხოდ განახორციელეს.“

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. მასში, 1300 ქართველი, 1170 ამერიკელი, 500 ბრიტანელი, გერმანელი, ფრანგი, ლიტველი, ესტონელი, პოლონელი, ნორვეგიელი, თურქი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცია ჩაბმული.

საქართველოს არმიის 12-ე ბატალიონი ამერიკული "აბრამსის" ფონზე

„შავი ქორის“ ტიპის ვერტმფრენების გარდა, რომლებმაც საქართველოს ცაში საბრძოლო დავალებები პირველად შეასრულეს, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას ასევე იღებენ: M1 Abrams-ის ტიპის 5 ტანკი, Stryker-ის ტიპის 28 ჯანშანმანქანა, 12 ცალი საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ი, წლევანდელი წვრთნის სიახლე - გერმანული ჯავშანმანქანა Dingo ATF და ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder.

სწავლებაში ასევე გამოყენებულია საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები, საბრძოლო მანქანები BMP-2 და ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები დიდგორი-Medevac.

ბრიტანეთის 160-ე ქვეითი ბრიგადის, თოფოსნების პირველი ბატალიონი

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში ამჯერად პირველი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სატანკო ბატალიონია ჩართული;

აშშ-ს არმიიდან - მე-2 საკავალერიო პოლკის მე-3 ესკადრილიის, 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ნაწილები; დიდი ბრიტანეთიდან, უელსში დისლოცირებული, 160-ე ქვეითი ბრიგადის, თოფოსნების პირველი ბატალიონი; უკრაინიდან - პირველი ცალკეული ბატალიონის საზღვაო ქვეითები; გერმანიიდან - ბუნდესვერის 39-ე მოტოქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები;

აშშ-ს არმიის 171-ე საავიაციო პოლკი

NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების დიდი ნაწილი, რომელიც ვაზიანში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში ჩაება, ივნისში ლიტვაში, ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა. Perkuno Griausmas 2018-ში პოტენციური მტრის უკუგდების ოპერაციები 9000-მა მებრძოლმა დახვეწა.

ვაზიანში, სწავლების გახსნაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ Noble Partner ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების ყოველწლიური კალენდრის ნაწილი გახდა:

ეს სწავლება აშშ-ს ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებიდან ერთ-ერთია. წვრთნების ციკლი, შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მასში 40 ათასამდე ჯარისკაცია ჩაბმული"
ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი

„აშშ და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ყოველწლიურად ახორციელებენ. ეს სწავლება აშშ-ს ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებიდან ერთ-ერთია. წვთნების ციკლი, შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მასში, ნატოს წევრი და პატრნიორი ქვეყნების 40 ათასამდე ჯარისკაცია ჩაბმული.“

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში ოთხწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, წვრთნებში ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო მონაწილეობს. სომხეთის არმია სწავლებაზე ოთხი ოფიცრით არის წარმოდგენილი, ხოლო აზერბაიჯანის არმია ერთი ოცეულით. სამხედრო წვრთნები ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე 15 აგვისტომდე გასტანს. სექტემბერში კი საქართველო უკვე ქართულ-ამერიკულ სწავლება Agile Spirit-ს უმასპინძლებს.