42-ე ბატალიონის პირველი ავღანური მისია

42-ე და 33-ე ბატალიონის მებრძოლები ჰელმანდში

2013 წლის აპრილის ბოლომდე საქართველო მთლიანად დაასრულებს ქართული ბატალიონების როტაციას ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების შემადგენლობაში. სამი კვირის მანძილზე, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ მე-12 და 32-ე ბატალიონებს, 33-ე და 42-ე ბატალიონები ჩაანაცვლებენ.

მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პრივინციაში, ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში, სწორედ ამ ბატალიონების მებრძოლებს მოუწევთ საბრძოლო ამოცანების შესრულება.

33-ე ბატალიონს უკვე აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამოცდილება. აქვს დანაკარგიც. 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, მათ ჰელმანდში სამი მებრძოლი: სერჟანტი ივანაიძე, რიგითი გოგუაძე და უმცროსი სერჟანტი ბერიძე დაკარგეს. 33-ელთა ახალმა ნაკადმა ამჯერადაც მომზადება გერმანიაში, ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტში გაიარეს.

დღეს კი ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, დასვნით სწავლებას უკვე ჰელმანდში გადიან. 33-ე ბატალიონის კაპრალი ოთარ ხეცურიანი ამბობს:

„ამერიკელი ინსტრუქტორების დახმატებით ბოლო სწავლებას გავდივართ ბაზა „ლეზერნიკზე“ სანამ გავნაწილდებით მოწინავე ბაზებზე. 33-ე ბატალიონი უკვე მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები.“

რაც შეეხება მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონს, ის ავღანეთის მისიაში პირველად იქნა გადასროლილი. 2004 წელს შექმნილმა მეოთხე ქვეითმა ბრიგადამ, 2007 წელს, ერაყის მისიაში გადასროლის წინა მომზადების პროგრამა გაიარა, თუმცა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსი ოკუპანტების შემოჭრის შემდეგ, ცხინვალში მიმდინარე ბრძოლებში ჩაება.

ომის დროს მეოთხე ქვეით ბრიგადას 27 წლის მაიორი გიორგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა. სამხედრო ექსპერტთა აზრით, გაერთიანებული შტაბისა და პირადად ბრიგადის მეთაურის არაერთი უხეში შეცდომის გამო, მეოთხე ქვეითმა ბრიგადამ უმძიმესი დანაკარგები განიცადა. 58 ჯარისკაცი მოკლულის, ხოლო 300-ზე მეტი დაჭრილის სახით დაკარგა.

ბრიგადის თითქმის მთელი საბრძოლო ტექნიკა განადგურდა ან მტერს ჩაუვარდა ხელში. დაიჭრა თავად გიორგი კალანდაძეც და ბრძოლის ველზე ჯარისკაცები მიატოვა.

უმძიმესი იყო 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის დანაკარგებიც. დღემდე გამოუძიებელია, ცხინვალთან ე.წ „დუბოვაია როშჩასთან“ მომხდარი შემთხვევა, როცა მეთაურის ბრძანებით, ბატალიონის მებრძოლებმა დასვენება გადაწყვიტეს, ისე რომ თან არ ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები.

რაც ყველაზე გამაოგნებელია, თავიდან 42-ე ბატალიონის მებრძოლებს რუსული გამანადგურებელი СУ-25 ქართული ეგონათ და ხელსაც კი უქნევდნენ. გამანადგურებელი დაბომბვის შემდეგ კი ბატალიონმა ქაოტურად დაიხია უკან.

ამ კატასტროფული დანაკარგების მიუხედავად, მაიორმა კალანდაძემ კარიერული წინსვლა განაგრძო. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უკვე ბრიგადის გენერლის ჩინით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად დანიშნა.

8 ნოემბერს კი ახალმა ხელისუფლებამ, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიას დაპატიმრების შემდეგ, ჯარისკაცების ფიზიკური შეურაცყოფის ბრალდებით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, გენერალი კალანდაძეც დააკავა. დღეს ისინი გირაოთი არიან გათავისუფლებულები, თუმცა გამოძიება მათ მიმართ გრძელდება.

სამხედრო წრეებში, მეოთხე ქვეითი ბრიგადა, წინა ხელისუფლების დროს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე პრივილიგირებულად ითვლებოდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას რატომღაც სწორედ ამ ბრიგადის ბაზაზე ჰქონდა მოწყობილი ძვირადღირებული აპარტამენტები.

არ არის გამორიცხული, რომ თავდაცვის სამინისტრომ 42-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლით, სწორედ მეოთხე ბრიგადის განსაკუთებული პრივილეგიის შესახებ მოარულ ხმებს მოუღო ბოლო.

ქართული ბატალიონების როტაციის პერიოდში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე, ბაზა „შუკვანს“ ISAF-ის მისიის სარდალი და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური გენერალი ჯოზეფ დანდორფი ეწვია, რომელმაც ქართველ სამხედროებთან საუბრის შემდეგ, კერძოდ აღნიშნა

„ქართული დანაყოფების კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში განსაკუთრებულია. მე პირადად პირველად ქართველებთან სამსახური ჯერ კიდევ 1996 წელს მომიწია, როცა ჩრდილოეთ კაროლინაში არსებულ ბაზა ლიუჯინზე ბატალიონს ვმეთაურობდი. ჩვენი პარტნიორობა უკვე 20 წელიწადზე მეტია გრძელდება.

ქართველი სამხედროების წვლილი
- რეგიონალური სარდლობა სამხრეთ დასავლეთის მიმართ ნამდვილად დასაფასებელია. ქართველი სამხედროები მამაცები და კომპეტენტურები არიან, ისინი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ამ თვისებების გამო ამერიკის საზღვაო ქვეითებს გვეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმსახუროთ ქართველთა გვერდით“

2009 წლიდან მოყოლებული, როცა საქართველო ავღანეთის მისიაში სრულფასოვნად ჩაება უდანაკარგოდ სამშობლოში მხოლოდ მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი დაბრუნდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი: მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს აქვს - 12 დაღუპული; შემდეგ მოდიან მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე და 33-ე ბატალიონები: 3-3 დაღუპული. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა კი ერთი ჯარისკაცი სერჟანტი გიორგი კიკაძე დაკარგა. ისიც არასაბრძოლო ვითარებაში. ამ საქმის გამოძიებას დღემდე გრიფი საიდუმლო ადევს.

სულ 2009 წლიდან, საქართველომ ავღანეთის მისიაში 19 ჯარისკაცი მოკლულის, 100-მდე კი დაჭრილის სახით დაკარგა.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33-ე ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33-ე ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31-ე ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31-ე ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31-ე ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31-ე ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32-ე ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12-ე ბატალიონი)