ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰელმანდის ინიციატივები“ ომის ვეტერანთა დარბევიდან ორი წლის თავზე


პრეზიდენტი სააკაშვილი ომის ვეტერანებით ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაინტერესდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს, ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში, იქ განლაგებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. უმაღლესმა მთავარსარდალმა 11 მეომარი მაღალი პროფესიონალისზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

თავის მოკლე გამოსვლაში პრეზიდენტმა ბრძანა რომ ავღანეთში ქართველების ყოფნას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ბოლოს კი შეეხო ყველა ჯარისკაცისთვის უმნიშველოვანეს თემას: პენსიასა და კომპენსაციას. მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ აღნიშნა:

„ვფიქრობ, რომ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, გარდა იმ კომპენსაციისა რაც მიეცათ, მისიის დასრულების შემდეგაც უნდა ეძლეოდეთ პენსია, მათ მეუღლეებსა და შვილებს. და ამის შესახებ მე ვაპირებ რომ შევიტანო კანონპროექტი.

რომ თითოეულ მათგანს, გარდა კომპენსაციისა ასევე ჰქონდეს პენსია ცხოვრების განმავლობაში. ისევე როგორც, მისიის ამოწურვის შემდეგ, თითოეულ სამხედროს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ანაზღაურება და პენსია ასევე.“

საპარლამენტო არჩევნეში დამარცხებამდე და ოპოზიციაში გადასვლამდე, პრეზიდენტ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ამ თემის მიმართ კარდინალურად განსხვავებული იყო.

ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეები ომის ვეტერანის სტატუსსაც კი ვერ იღებდნენ; ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებზე გაიცემოდა ერთჯერადი კომპენსაცია, რომელიც დაკრძალვისა ხარჯების ანაზღაურებას და სასაფლაოს მოწყობას ითვალისწინებდა.

ავღანეთიდან ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებით დაბრუნებულ ჯარისკაცებეზე სახელწიფო უარს ამბობდა. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგით ვალერი ლანჩავას, 2011 წელს ავღანეთში თირკმლისა და მუხლების პრობლემა განუვითარდა.

იგი ჯერ სამკურნალოდ გერმანიაში გადააგზავეს, სადაც ფსიქიკური პრობლემებიც დაემატა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავდაცვის მაშინდელმა ბაჩო ახალაიამ, რიგითი ლანჩავა შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა.

დღეს თერჯოლის რაიონის სოფელი ჭოგნარის მკვიდრი 24 წლის ყოფილი ჯარისკაცი მძიმე ავადმყოფობას საკუთარი სახსრებით ებრძვის. ვალერი ლანჩავა ამბობს

„ავღანეთში ფიზიკურად დავაადდი, მერე გერმანიაში ფსიქიკური პრობლემები დამეწყო. იქ ვნახე ჩემი მეგობრები, ძმაკაცები..ზოგს ხელი არ ჰქონდა, ზოგს ფეხი, ზოგი საერთოდ ვერ დადიოდა. ზოგს ნერვული აშლილობა. მიყვებოდნენ ბიჭები რო დავლევთო სახლიდან ოჯახის ყველა წევრი მიდისო.

ავღანეთში გადატანილი სტრესი ახსენდებათ. გააჩნია როგორ ექიმთან მიხვალ, როგორ ჰოსპიტალში, ყველგან სხვადასხვა ფასია. ახლა ერთ მისვლაზე მარტო ანალიზებში 250 ლარი გადავიხადე. საქონელი გვაყვს, ყველს ვყიდით, მამა პენსიონერია. მეტი არანაირი შემოსავალი არ გვაქვს.“

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების რაოდენობა საქართველოში, 2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 77 106 ადამიანს შეადგენდა. აქედან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი იყო 29 543 ადამიანი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 4047; უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე ომის მონაწილე - 3497; სამხედრო ძალების ვეტერანი 1613; მფრინავები - 243;.

2005 წელს, პარლამენტმა, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა ჰქონდა, ომის ვეტერანებს 80-მდე შეღავათი გაუუქმა. მათ შორის: გაზზე, წყალზე, დენზე, ნაგვის გატანასა და ტელეფონზე; 2005 წელსვე, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით გაუქმდა ომის ვეტერანების ძველი მოწმობები.

ამ სფეროში, წლების განმავლობაში არსებული სრული ქაოსის გამო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მოგვიანებით ასეულობით ვეტერანმა ხელახმა ამ მოწმობის აღება ვერ შეძლო, რადგან გენერალური შტაბის G-1-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა ამ ადამიანების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემაზე უარი თქვა.

პარადოქსია, მაგრამ ქართული სახელმწიფო ომის ვეტერანებად დღემდე არ აღიარებს 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ჯარისკაცთა უმრავლეობას;

მაშინ როცა რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე თავის მეომრებს ომის ვეტერანის სტატუსი მიანიჭა. იგივე ხდება კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებთან დაკავშირებითაც. აი–სა–ფის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ხელფასები მხოლოდ ახლა გაეზარდათ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს:

„კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ ის ვინც საერთაშორისო მისიებში ანაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში მიეცემა ვეტერანის სტატუსი. თუმცა, ამ შეთხვევაში არის გარკვეული სამართლებრივი კაზუსი.

კაზუსი მდგომარეობს იმაში, რამდენად ჩაითვლება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია საბრძოლო ოპერაციად?! ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში, რა პრაქტიკით ხელმძღვანელობენ სხვა ქვეყნები და მიიჩნევა თუ არა ავღანეთის სამშვიდობო მისია საბრძოლო ოპერაციად.“

2004 წელს საქართველოში ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 240 000-დან 77 ათასამდე შემცირდა. ვეტერანები თვეში 22 ლარს იღებენ; ვინც შრომისუუნაროდ იქცა 129 ლარს უხდიან;

ვეტერანი, რომელსაც თვეში 250 ლარზე დაბალი შემოსავალი აქვს, კანონით არ იბეგრება. ოჯახს, რომელმაც ომში ორი ან მეტი შვილი დაკარგა, თითო დაკარგულ შვილზე 55 ლარი ეკუთნის; ომში დაქვრივებულებს 44 ლარს აძლევენ.

სააღრიცხვო ბაზაში ასეთი 33 559 ადამიანია დაფიქსირებული. მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო დრომდე დახურვის პირას იყო ომის ვეტერანთა ერთადერთი კლინიკური ჰოსპიტალი.

ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების ინიციატივით ზუსტად ორი წლის თავზე გამოვიდა, მას შემდეგ რაც, მისივე მითითებით, 2011 წლის 3 იანვარს თბილისში, გმირთა მემორიალთან მიმდინარე ომის ვეტერანთა შიმშილობის აქცია პოლიციამ უსასტიკესად დაარბია.

ომის ვეტერანები 2011 წესლ სწორედ უსამართლო სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. საქართველოში ამერიკის ელჩის მოწოდების მიუხედავად, ეს ფაქტი დღემდე გამოძიებული არ არის.

XS
SM
MD
LG