ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საახალწლო „საჩუქარი“ ომის ვეტერანებს


ომის ვეტერანების მშვიდობიანი აქცია პოლიციამ ძალის გაადმეტებით დაშალა
ომის ვეტერანების მშვიდობიანი აქცია პოლიციამ ძალის გაადმეტებით დაშალა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლისას, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

სისხლის სამართლებრივი ან სხვა სახის დევნა არც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომლის ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ განხორციელდება. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან კარგად ჩანს, სამოქალაქო ფორმაში მყოფი, 26 წლის გვენეტაძე, როგორ ეპარება აქციაში მონაწილე ქალბატონს და სახეში მთელი ძალით მუშტს ურტყამს.

კუდ-ის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე
კუდ-ის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე

სიტუაციის დაძაბვა აქციაზე სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა. ქალბატონი, რომელსაც სახეში მუშტი დაარტყეს, ოპოზიციური „ქართული პარტიის“ წევრი და ერთ-ერთი მოშიმშილე ვეტერანის მეუღლე ეკა მათიაშვილი აღმოჩნდა

„როცა პოლიციელთა ჯაჭვი ჩვენსკენ დაიძრა, ერთ მომენტში დამარტყეს. აქ დამარტყეს და რო მივუტრიალდი ვის ურტყამ-მეთქი, რომელიღაცამ, სახე ვერ გავარჩიე კარგად, მუშტი პირდაპირ ცხვირის და თვალის არეში დამარტყა. მაშინვე ჩავიკეცე, ფეხზე ვეღარ დავდექი და წამიყვანეს საავადმყოფოში. ის მოშიმშილე ბიჭები, რომლებიც გამომესარჩლნენ და დაიწყეს ყვირილი ვინ დაარტყა გოგოსო, სუყველა დააპატიმრეს.“

შიმშილობის აქცია გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან 2010 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და მასში, ოცამდე ომის ვეტერანი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მხოლოდ სოციალური ხასიათის იყო.

ისინი ომის ვეტერანთა პრობლემებისთვის ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ, თუმცა აქციაზე ხელისუფლებიდან არავინ მისულა. აქცია სანქცირებული იყო თბილისის მერიის მიერ. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინიტროს სხვადასხვა დანაყოფების ათასამდე წარმომადგენელმა, 3 იანვარს შეკრება ძალის აშკარა გადამეტებით დაშალეს და აქციის თერთმეტი მონაწილე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილენი არ დაემორჩილნენ პატრულის მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე კი ამბობს, რომ აქცია მთელ საზოგადოებას შეურაცყოფდა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ გამოხატოს თავისი პროტესტი, მაგრამ გამოხატვის ფორმას აქვს ზალიან დიდი მნიშვნელობა და ეს ფორმა არ უნდა იყოს შეურაცმყოფელი ქვეყნისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის.

მე ვთლი, რომ ეს აქცია იყო შეურაცმყოფელი, როცა დაყუპული გმირების მემორიალთან „ლეჟანკებზე“, „ადეალებით“ სძინავთ ადამიანებს. და ერთი კვირის განმავლობაში, იქ თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის შეურაცმყოფელი იმ გმირებისთვის და ეს არის შეურაცმყოფელი მთელი ქვეყნისთვის.“

სახალხო დამცველი, რომელმაც უკვე შეისწავლა, მშვიდობიანი აქციის დარბევის დეტალები, აცხადებს, რომ მოშიმშილე ვეტერანების აქცია ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა.

ომის ვეტერანების აქცია
ომის ვეტერანების აქცია

ვეტერანების მხრიდან არ დაფისირებულა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ფაქტები. პირიქით, როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართალდამცავი და „სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს

„რა თქმა უნდა, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება პოლიციის მხრიდან. პირველი ის, რომ პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და შეუძლებელი იყო იმის იდენტიფიცირება, რომ ისინი პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ, იყენებდნენ ფიზიკურ ძალას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

მეორე პრობლემაა ის, რომ დააკავეს ადამიანები, რომლებსაც აშკარად არაფერი არ დარღვევიათ და მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა;

და მესამე ის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, მაშინ როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს იქ მყოფ პირებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა კანონის დარღვევა იყო სამართალდამცავი წარმომადგენლების მხრიდან და ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ, მათი პასუხისგებაში მიცემა.“

გუშინ სასამართლომ თერთმეტივე დაკავებულს 400 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაანთავისუფლა. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არაერთგზის მოთხოვნა ენახა აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეომასალა.

სასამართლო ასევე არ დაინტერესებულა აქციის მონაწილე ეკა მათიაშვილზე პოლიციელის თავდასხმის ფაქტით. იმ ფაქტით, რომ დაკავებულთაგან ორს - იამანიძესა და თოფურიას, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ. რაც აღნიშნული იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმებში, თუმცა უკვე აღარ იყო დაფიქსირებული ადმინისტრაციულ დაკავების ოქმებში. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს

„თავისუფალი დემოკრატები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მა საქმის დეტალების გამოძიება. გაირკვეს თუ ვის ექვედებარებიან, ეს ე.წ გაურკვევლი წარმომავლობის შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც იყენებენ დარბევების დროს და რომლებიც მთელ სამართალდამცავ სისტემას უწევენ დისკრედიტაციას.“

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 5843 მეორე მსოფლიოს ომის მონაწილე, 3618 უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილე და 32 230 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ომების ვეტერანი ცხოვრობს. ასევე 1613 ადამიანს აქვს სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი.

სახელმწიფოსგან ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, 80-დან 129 ლარამდე, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ინვალიდობის მქონე ვეტერანები იღებენენ.

სამსახურის გარეშე დარჩენილ ვეტერანებს კი სახელმწიფო კომუნალური გადასახადებისთვის 22 ლარიანი ვაუჩერითა და თბილისის მაშტაბით, მუნიციპალურ ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით ეხმარება. სახელმწიფომ ასევე უარი თქვა 2011 წელს ომის ვეტერანებისთვის არსებული ერთადერთი ჰოსპიტალის დაფინანსებაზე. დღეისათვის უმუშევრად ათი ათასზე მეტი, შრომისუნარიანი ომის ვეტერანია დარჩენილი.

P.S. მასალა ეთერისთვის მზად იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე.

გვენეტაძემ 3 იანვარს, თბილისში ომის ვეტერანთა აქციის დაშლისას ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენა (სახეში მუშტი დაარტყა) აქციის მონაწილე ქალბატონს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას“. ნიშანდობლივია, რომ სამინისტროს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბატონმა ჯონ ბასმა მკაცრად დაგმო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.

XS
SM
MD
LG