„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რიგით მე-5 მთავარი პროკურორი 40 წლის შალვა თადუმაძე გახდება. მისი კანდიდატურა მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მოიწონონ, თუმცა, დღეს, საპროკურორო საბჭოს წევრების ცალსახა მხარდაჭერა ნათელს ხდის, რომ აღმსრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს პრობლემა არ შეექმნება.
ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის რეზონანსულ საქმეს ირაკლი შოთაძე გადაჰყვა. მთავარი პროკურორობის სურვილი 18 იურისტმა გამოთქვა. იუსტიციის მინისტრის შვებულებაში ყოფნის გამო, აქედან სამი (შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე, ნინო გოგნიაშვილი) კანდიდატურა მისმა მოადგილემ შეარჩია და საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
დღეს, მას შემდეგ რაც, საპროკურორო საბჭომ უარი თქვა კანდიდატურებთან გასაუბრების პროცესი მედიისთვის გახსნილიყო, საკუთარი კანდიდატურა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მოხსნა. შესაბამისად, შალვა თადუმაძის ერთადერთ კონკურენტად ბევრისთვის უცნობი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინო გოგნიაშვილი დარჩა.
15 კაციანი საბჭოდან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც თადუმაძის შვილის ნათლიაა. სხდომას არ დაესწრნენ საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები. საბჭოს დარჩენილმა 12 წევრმა კი თადუმაძეს დაუჭირა მხარი. გოგნიაშვილს ხმა არავინ მისცა.
შალვა თადუმაძე, რომელიც ბოლო ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტი მდივანი, ბოლო ოთხი თვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ირწმუნება, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი იქნება:
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციას ვხელმძღვანელობდი არცერთი პარტიის წევრი არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ. პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია"შალვა თადუმაძე, მომავალი მთავარი პროკურორი
„მთავარი პროკურორი არის დამოუკიდებელი და არანაირი პოლიტიკური ინტერესი, მათ შორის ჩემგან არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციას ვხელმძღვანელობდი არცერთი პარტიის წევრი არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ.
პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, ექვსი წლის მანძილზე მთავრობას პარლამენტში წარმოვადგენდი, მაგრამ არცერთ ოპონენტებთან პოლიტიკურ დებატში არ შევსულვარ. ყოველთვის კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას ვასრულებდი და თუ მთავარ პროკურორი გავხდები ვაპირებ მხოლოდ კანონს დავემორჩილო.“
შალვა თადუმაძის ბიოგრაფიის მიხედვით, მან 1994-99 წლებში, განათლება ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სამთო ინჟინრის, ხოლო თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში - იურისტის დიპლომი აიღო.
თადუმაძის პირველი საჯარო სამსახური, 2001 წელს, დავით თევზაძის მინისტრობის დროს, თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოში იურისკონსულის თანამდებობა იყო.
2002 წლიდან, თადუმაძემ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“ადვოკატად დაიწყო მუშაობა, რომლის დამფუძნებლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იყვნენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე მუშაობდა. თადუმაძე ასოციაციის პროექტებს კოორდინაციას 2012 წლამდე უწევდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, მცირე ხნით, თავდაცვის სამინისტროში (2003-04) იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაბრუნდა. 2007-08 წელს, „აბგ პროფსერვის გრუპის“ ადვოკატი იყო, სადაც იმ პერიოდში დირექტორად პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ამჟამინდელი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მუშაობდა.
2008 წელს, საკუთარი საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე ბი ელ ფი კონსალტინგი“ დაარსა. 2011 წელს პოლიტიკაში მოსულ ბიძინა ივანიშვილს დაუახლოვდა. სასამართლოში იცავდა ივანიშვილის, მისი კომპანიებისა და "ქართული ოცნების" ინტერესებს. იგი ასევე კახი კალაძის ინტერესებსაც წარმოადგენდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთავრობის საპარლამენტო მდივნად (2012-18), შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (2018 წლის აპრილიდან) დაინიშნა.
საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძის შერჩევის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა:
"ხომ არ შევიკავე თავი იმიტომ რომ... დიახ! და ეს მემაყება, მე გახლავართ შალვა თადუმაძის პატარა ქალიშვილის ნათლია"თეა წულუკუანი, იუსტიციის მინისტრი და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე
„არ ვიცი, კენჭისყრაში რომ მიმეღო მონაწილეობა, როგორც მამაკაცს კანდიდატს დავუჭერდი თუ არა თადუმაძეს მხარს. ფაქტია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე. მთავარი კითხვაა, ხომ არ შევიკავე თავი იმიტომ რომ ... დიახ! და, ეს მემაყება, მე გახლავართ შალვა თადუმაძის პატარა ქალიშვილის ნათლია, რომელიც დიდი, განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება.“
მიუხედავად მთავარი პროკურატურის კოლექტივის სურვილისა, რომ მთავარ პროკურორად შერჩეულიყო ადამიანი, რომელიც „სტრუქტურისათვის უცხო სხეული არ იქნებოდა“, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ, პროკურატურის წიაღიდან პროკურორობის მსურველი კადრები: ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე ამჯერადაც დაბლოკა.
ბოლო ექვსი წლის მანძილზე, არჩეული ხუთი მთავარი პროკურორიდან ოთხი: არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი და შალვა თადუმაძე „სტრუქტურისათვის უცხო სხეულები“ იყვნენ და მხოლოდ ირაკლი შოთაძის ჰქონდა პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება.
ერთ-ერთი პირველი რეზონანსული საქმე, რომელზეც ახალ მთავარ პროკურორს ამომწურავი პასუხის გაცემა და ბოლომდე მიყვანა მოუწევს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეა. ამ საქმემ წინა მთავარი პროკურორი შეიწირა.
საქართველოს გენერალური პროკურორები
ვახტანგ რაზმაძე 1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992 (მეორედ)
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი 2008-12 (მეორედ)
თეა წულუკიანი 2012
მთავარი პროკურორები
მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013
გიორგი ბადაშვილი 2014-15
ირაკლი შოთაძე 2015-2018
შალვა თადუმაძე 2018 -