ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მიმართვის შესავალ ნაწილში მან აღნიშნა, რომ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი ოცდაათი წლის წინ გახდა. პრემიერის თქმით, ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.
ღარიბაშვილის განცხადებით, 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.
ასევე ნახეთ: აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს $11 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარება გადასცა
„მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა“, - თქვა მან.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ.
„2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთ-უკრაინის ომი
ასევე ნახეთ: ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართაირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეც გააკეთა აქცენტი. „ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - აღნიშნა მან და განაგრძო, - საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ზრუნავს უკრაინელ მოსწავლეებზე, გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის", - თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც“.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონული არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ევროინტეგრაცია
ერთ-ერთი თემა, რომელსაც ღარიბაშვილი თავის სიტყვაში შეეხო, იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მისი აზრით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოუტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს.
„საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საერთაშორისო როლი
ასევე ნახეთ: მაკრონი: კონფლიქტის მოლაპარაკებით დასრულება კვლავ მთავარი მიზანიაპრემიერმა ასევე ილაპარაკა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე.
„საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით NATO-ს მიერ განხორციელებულ მისიებში. სულადობრივად, ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ, ამ ინიციატივებში. საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის”, - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს.
„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ", - თქვა ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერი კლიმატის ცვლილებით შექმნილ პლანეტარულ კრიზისებსაც შეეხო.
„დღეს, როდესაც მე აქედან მოგმართავთ, მთელი კაცობრიობა საფრთხეების წინაშეა, რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია. კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სრული ტექსტის ნახვა შეგგიძლიათ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.