კობა დავითაშვილის რეკორდი

ბოლო 12 წლის მანძილზე დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა მესამედ დატოვა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


კობა დავითაშვილი პირველი დეპუტატი გახდა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. „ხალხის პარტიის“ ლიდერი 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა. დავითაშვილი კოალიციის საარჩევნო სიაში მე-11 ნომერი იყო. მისმა პარტიამ არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისგან შემოწირულობის სახით – 1 100 000 ლარიც მიიღო, იმის და მიუხედავად რომ „ხალხის პარტია“ კოალიციის წევრი არ იყო.

კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და კობა დავითაშვილს შორის უთანხმოების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა. ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში დავითაშვილსა და „ნაციონალ“ დეპუტატ სერგო რატიანს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, დავითაშვილი განსაკუთრებით მწვავედ კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ თინა ხიდაშელმა გააკრიტიკეს.

აპრილში, დეპუტატი დავითაშვილი უკვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა და იგი ღიად კორუფციაში დაადანაშაულა. დავითაშვილი უკმაყოფილო იყო „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ მიმდინარეობითა და სერგეენკოს კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებაში სდებდა ბრალს. სერგეენკოზე თავდასხმის გამო დეპუტატმა პრემიერ ივანიშვილის მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა.

„ბოლო წვეთი“ როგორც თავად კობა დავითაშვილი ამტკიცებს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენზე, მმართველი კოალიციის რეაქცია გახდა.

იმისათვის რომ კრიტიკის უფლება დავიტოვო ხელისუფლებას აღარ უნდა წარმოვადგენდე
კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი


„როგორც კი მივიღე გზავნილი, სადაც ოფიციალურ პოზიციად შემოთავაზებული იყო, რომ თურმე ბაჩო ახალაიას გამართლება უნდა გამოვაცხადოთ ჩვენ დემოკრატიის ზეიმად და იმის დასტურად რომ სასამართლო დამოუკიდებელია და თავისუფალი, აი სწორედ ამ გზავნილის საპასუხოდ მივწერე ჩემს კოლეგებს რომ მე ამას ვერ გავაკეთებ მეთქი...

მაშინ მივხდი- იმისათვის რომ კრიტიკის უფლება დავიტოვო ხელისუფლებას აღარ უნდა წარმოვადგენდე ..იმიტომ, რომ პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ცინიზმის განსახიერება იყო.“ - აცხადებს დავითაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ათთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, კობა დავითაშვილი არა მხოლოდ ოპოზიციაში გადავიდა. მან ასევე ღიად დააფიქსირა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.

„ხალხის პარტიის“ აქტივისტები უკვე შეუდგნენ 25000 ხელმოწერის შეგროვებას, რაც დავითაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირების საშუალებას მისცემს. პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ დავითაშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველელი არ არსებობდა, რომ კობას ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიეღო. ჩემთვის ისიც გასაკვირია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ეს გეგმები საერთოდ არ განხილულა ნამდვილად გუნდის შიგნით. და თუ გუნდია, ეს საკითხები უნდა დააყენო ჯერ და შემდეგ უნდა გაიტანო გარეთ. ასე იქცევიან ადამიანები, რომლებიც გუნდს პატივს სცემენ.“ - მიაჩნია მანანა კობახიძეს.

42 წლის კობა დავითაშვილი, პროფესიით იურისტი, პირველად პარლამენტში 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ სიით მოხვდა. იგი მმართველ პარტიას 2001 წლის სექტემბერში გაემიჯნა, ოპოზიციაში გადავიდა და ე.წ რეფორმატორების ჯგუფს შეუერთდა, რომელშიც მაშინ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილიც შედიოდნენ.

2004 წლის მოწვევის პარლამენტში, კობა დავითაშვილი უკვე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სტატუსით შევიდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან მწვავე დაპირისპირების გამო საპარლამენტო უმრავლესობა მალევე დატოვა და ოპოზიციური ”კონსერვატიული პარტია“ ჩამოაყალიბა.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დავითაშვილი, საარჩევნო ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად იქნა გადასახელებული. ამის გამო მან პარლამენტი დატოვა. საბოლოოდ, ბლოკმა თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი ადგილი მოიპოვა და ის კობა დავითაშვილს ერგო.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კობა დავითაშვილი პარლამენტში უკვე გაერთიანებული ოპოზოციის სიით შევიდა, თუმცა კოალიციამ არჩევნების შედეგები არ სცნო. 11 დეპუტატიდან, ვინც მანდატზე უარი განაცხადა, ერთ–ერთი კობა დავითაშვილიც იყო.

დღეს, მერვე მოწვევის პარლამენტში, უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, კობა დავითაშვილი ამბობს, რომ საერთოდ წავა პოლიტიკიდან თუ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების სამ პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

„მე ეხლა ცის გამოკერებას არ ვგეგმავ ნამდვილად. თუ შედეგი იქნება სამარცხვინო საერთოდ თავს დავანებებ ამ პროფესიას. სამ პროცენტზე ნაკლები რომ იყოს შედეგი, ნამდვილად თავს დავანებებ.“
კობა დავითაშვილი



2006 წლის ოქტომბერში, კობა დავითაშვილზე გავრცელდა კომპრომატი-ფარული ვიდეო, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი, საქართველოს მოქალაქე ალადინ მირზაევს, საარჩევნო ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ საარჩევნო სიაში შეყვანის სანაცვლოდ 20 000 აშშ დოლარს ართმევს. ვიდეო მაისში იყო ჩაწერილი, ოქტომბერში კი მირზაევი ოპოზიციური ბლოკის მეხუთე ნომერი იყო.

ფარული ვიდეო, თბილისში, რიყეზე მდებარე რესტორანში, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკანონოდ იყო გადაღებული და არა მხოლოდ კობა დავითაშვილის, არამედ მთლიანად ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

თუმცა,არჩევნებში, ოპოზიციის ისედაც გამანადგურებელი მარცხის ფონზე, კომპრომატმა სათანადოდ ვერ იმუშავა. დავითაშვილი მაშინ პოლიტიკიდან არ წასულა, მხოლოდ პარტია გამოიცვალა, „კონსერვატორები“ დატოვა და „ხალხის პარტია“ დაარსა.

კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს, გატაცების შემდეგ

2007 წლის 7 ნოემბრის მძლავრი საპროტესტო ტალღის დროს, კობა დავითაშვილი სოდ-ის სპეცრაზმის მებრძოლებმა დიდუბეში, ელიავას ბაზრობიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. დავითაშვილმა სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსაც მიმართა.