საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო

AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში

საქართველომ COVAX პლატფორმიდან ანუ ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდიდან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს პირველი პარტია - 43 200 დოზა მიიღო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა დიდი ხანია ელოდა, თურქული ავიაგადამზიდავის ULS Airlines Cargo-ს ლაინერმა ჩამოიტანა.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველომ ვაქცინა მიიღო

საქართველოში შემოტანილი ვაქცინა დამზადებულია კორეის რესპუბლიკაში, AstraZeneca-SKBio მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „გადაუდებელი მოხმარების“ ავტორიზაცია აქვს მინიჭებული.

ვაქცინაცია საქართველოში სამედიცინო პერსონალით დაიწყება.15 მარტიდან ის ექიმები აიცრებიან, რომლებიც ბოლო 120 დღის მანძილზე კოვიდით არ დაინფიცირებულან. ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, სადაც ნებისმიერს შეუძლია, ვაქცინაცია დაგეგმოს, დღეისათვის 64 051 ადამიანია რეგისტრირებულია, აქედან პირველ ეტაპზე 54 000-ს უნდა აიცრას.

სამედიცინო პერსონალიდან პირველი აცრის გასაკეთებლად ამ პლატფორმაზე საჯაროდ, ექიმი ბაქტერიოლოგი 73 წლის თამარ გიორგაძე დარეგისტრირდა, მას 20 მარტს, დიდი დიღმის პოლიკლინიკაში აცრიან.

ვაქცინაცია ქვეყანაში ნებაყოფლობითია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოუწოდა ექიმებს აცრით დანარჩენ საზოგადოებას მაგალითი მისცენ:

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, სხვა პერსონალს, 15 მარტიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, აიცრან და მთლიანად საზოგადოებას მისცენ მაგალითი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი


„მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და სხვა პერსონალს, 15 მარტიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, აიცრან და მთლიანად საზოგადოებას მისცენ მაგალითი. ეს არის ყველაზე დიდი სიკეთე რაც კაცობრიობას შეუქმნია ამ ორასი წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას - კოვიდ პანდემიას“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია 29 სამედიცინო ცენტრში დაიწყება, მათ შორის, თბილისში იმუშავებს 10 ამცრელი ცენტრი, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, ზუგდიდსა და რუსთავში 2-2 და დანარჩენ რეგიონალურ ცენტრეში თითო ამცრელი კაბინეტი. მარტის თვის განმავლობაში კი ქვეყანაში ვაქცინაციისთვის ამცრელი ცენტრების რაოდენობა 82-მდე გაიზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თავად იგი ამ ეტაპზე ვერ აიცრება. „როცა გრიპის აცრის კამპანიას ვიწყებთ, მე სიამოვნებით პირველი ვიცრები ხოლმე, მე არ დამიმალავს, რომ ვიყავი ინფიცირებული, 29 დეკემბერს დამიდასტურდა. ჩვენი ეროვნული გეგმის მიხედვით, ინფიცირებული ადამიანები 120 დღის შემდეგ იცრებიან, როგორც კი გავა 120 დღე, ავიცრები ნებისმიერი ვაქცინით რაც იმ დროს ქვეყანაში იქნება“. ამ ეტაპზე აცრას ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძეც არ გეგმავს:

მე ალბათ, შევეცდები არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით და (დავთმო) ის ვაქცინა, რომელიც სხვისთვის გაცილებით მეტი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს“
ეკა ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი


„საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა მეც ავიცრები, თუმცა, ვთვლი, რომ გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. მე ალბათ, შევეცდები არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით და (დავთმო) ის ვაქცინა, რომელიც სხვისთვის გაცილებით მეტი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს.“ - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, 60%-ის, დაახლოებით, 1,7 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. ამ გეგმის გადასაჭრელად ქვეყანას ვაქცინის დაახლოებით 4 მილიონი დოზა სჭირდება. ამ ეტპაზე, საქართველოსთვის COVAX პლატფორმიდან, AstraZeneca - 129 600 დოზა, Pfizer-ის - 29 250 დოზა აქვს გამოყოფილი.

დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსის 274 721 დადასტურებული შემთხვევაა, 268 004 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3643 გარდაიცვალა. სტაციონარში ამჟამად 1316 მოქალაქეა.