31 თვიანი პაუზა: პროკურატურა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტს იძიებს

17.12.2013 - ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანის შესახებ სასამართლოზე ყვება

საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს იძულებული გახდა დაეწყო გამოძიება, უშიშროების და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ასევე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის, 2013 წლის 14 დეკემბერს, მატროსოვის ციხიდან უკანონოდ გაყვანის შესაძლო ფაქტზე. ბრალდებაზე, რომელიც თავად მერაბიშვილმა 2 წლისა და 7 თვის წინ გააჟღერა.

ეს მოხდა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით, დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 და მე–18 მუხლები, „თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“ და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა „გამოყენებული იქნა როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად, იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.“

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მთავრობამ არ წარმოადგინა რაიმე არსებითი განმარტება 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტის თაობაზე“. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის დაგვიანებულ რეაქციას ასეთი შეფასება მისცა:

„მისასალმებელია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ჰქონდა.“

თუ, მთავარი პროკურატურის გამოძიება პოლიტიკური ზეწოლის გარეშე წარიმართა, მაშინ ამ საქმეზე ჩვენების მიცემა აუცილებლად მოუწევთ: ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დიმიტრი დარბაისელს.

ლექსო ჭიკაიძე და ოთარ ფარცხალაძე

ვანო მერაბიშვილის ჩვენების მიხედვით, 2013 წლის 14 დეკემბრის, ღამის 2 საათზე, ის გაიყვანეს თბილისში, აბუსელიძე-ტბელის ქუჩაზე მდებარე, მატროსოვის ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და მისივე ვარაუდით ვარაუდით, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ანაც პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ.

ღამის საუბრის დროს, მერაბიშვილის მტკიცებით, ფარცხალაძე დაემუქრა მას, რომ თუ „ზურაბ ჟვანია საქმის“ გახსნაში არ დაეხმარებოდა და არ მიაწვდიდა „მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს“, მთავარი პროკურორი - ციხეში პირობებს „გაუუარესებდა“, ხოლო თუ ითანამშრომლებდა, ციხიდან „მალე გაუშვებდა.“

დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იმჟამინდელ მინისტრს, ამჟამად - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელს სოზარ სუბარს. სუბარმა მერაბიშვილის განცხადებას მაშინ „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა.

სოზარ სუბარს სავარაუდოდ მოუწევს ახსნა განმარტების მიცემა, თუ რატომ ვერ დააფიქსირა, მატროსოვის ციხის ტერიტორიაზე და პერიმეტრზე არსებულმა სათვალთვალო კამერებმა, მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის შესაძლო ფაქტი, ან თუ დააფიქსირა, რა ბედია ეწია ამ კადრებს?

რატომ არ იმუშავა მატროსოვის ციხის ვიდეოსათვალთვალო სისტემამ?

თუ მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს საპატიმროდან, გამოძიებას ასევე მოუწევს გარკვევა, ეს მხოლოდ მაშინდელი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირადი ინიციატივა იყო, თუ, საქმის კურსში იყვნენ, მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ლექსო ჭიკაიძე.

იურისტი დავით ჯანდიერი, რომელიც 2008-2011 წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2006 წელს, სადისტურად მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა და საქართველოს სახელმწიფოს მოუგო ეს სკანდალური პროცესი, გირგვლიანისა და მერაბიშვილის საქმეებში მტკიცებულებების გაყალბების ფაქტებს ერთმანეთს ადარებს და ასკვნის, რომ „სისტემა უცვლელი დარჩა“:

„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენი პრეტენზიები იგივე ვანო მერაბიშვილთან და მთელ მაშინდელ სისტემასთან მდგომარეობდა იმაში, რომ როდესაც სანდრო გირგვლიანი თბილისიდან ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს, გზის გარკვეულ მონაკვეთზე იღებდა ბადრი პატარკაციშვილის აგარაკზე დამონტაჟებული ვიდეოკამერა, გამოძიებამ ამოიღო ეს ვიდეოჩანაწერი მტკიცებულების სახით და შემდგომში ის გაქრა.

აქაც, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზეც, ზუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს, საქმე, როდესაც ხელისუფლებამ დამარაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არ არსებობს ვიდეოჩანაწერები ციხის ტერიტორიაზე ვერ მოგვცა, და ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის ასახული.“

ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დაააკავეს. 2014 წლის თებერვალში, სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო „მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში“ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმავე თვეში, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის გამო, მერაბიშვილს კიდევ 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პატიმრობა. 2014 წლის ოქტომბერში კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამატებით 3 წელი მიესაჯა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 და მე–18 მუხლების დარღვევის გამო, საქართველოს სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის „მორალური ზიანის“ ასანაზღაურებლად 4000 ევროს და სასამართლოს ხარჯის - დამატებით, 8000 ევროს გადახდა მოუწევს.

ამასთან სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა ვერ იპოვა 2013 წლის მაისში, ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარ პატიმრობის თავდაპირველი შეფარდების პროცესში.