ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლებამ მერაბიშვილის „გატაცების საქმე“ დაასრულა


არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ვანო მერაბიშვილი მეცხრე თვეა პატიმრობაშია
არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ვანო მერაბიშვილი მეცხრე თვეა პატიმრობაშია

„მატროსოვის“ ციხის ვიდეოჩანაწერები წაშლილი აღმოჩნდა, „ფაქტი არ დადასტურდა“

თითქმის ერთთვიანი შიდა მოკვლევის მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ვერ გასცა არგუმენტირებული პასუხი, შეკითხვას ნამდვილად გაიყვანეს თუ არა, უკანონოდ, „მატროსოვის“ ციხიდან ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2013 წლის მაისიდან პატიმრობაში იმყოფება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინ გავრცელებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ „მატროსოვის“ ციხეში 13-14 დეკემბერს განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, უკვე წაშლილი იყო 17 დეკემბერს, როცა პატიმარმა მერაბიშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განაცხადა.

სამინისტრომ „მატროსოვის“ ციხის თანამშრომლების გამოკითხვითა და დაწესებულებაში არსებული ჟურნალების შემოწმებით დაასკვნა, რომ პატიმარ მერაბიშვილის მიერ გახმაურებული ფაქტი არ მომხდარა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი:

„მე ვფიქრობ, რომ კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით კვლავ არსებობს. ამიტომ, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, აუცილებელია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რათა იმ კითხვებს რაც არსებობს პასუხი გაეცეს.

მე სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადების შემდეგ, მაინც ბევრი კითხვა დამრჩა.“

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს, ქუთასიში, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა.

ვანო მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ იგი 14 დეკემბერს, ღამის 2 საათზე, გაიყვანეს „მატროსოვის“ ციხიდან, თავზე გადააფარეს მისივე მოსაცმელი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, სადაც მთავარი პროკურორო ოთარ ფარცხალაძე დახვდა და დაემუქრა.

„მთავარმა პროკურორმა წამომიყენა ულტიმატუმი. რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები.“

ყოფილმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ღამის შეხვედრას ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი პირი ესწრებოდა, რომელიც მისი აზრით, დიმიტრი დარბაისელი უნდა ყოფილიყო. პოლიციის პოლკოვნიკი დარბაისელი 2013 წლის 1 დეკემბრიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადა, თუმცა, ამ სკანდალიდან ორ კვირაში, მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება. ოღონდ ნასამართლეობის სკანდალის გამო.

დღეს ოპოზიცია ისევ საპარლამენტო კომისიის შექმნას და დამატებით, სასჯელაღსრულების მინისტრის გადადგომასაც ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა სოზარ სუბარი მტკიცებულებების განადგურებაში დაადანაშაულა.

„პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ვიდეოჩანაწერების განდგურებით ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება.

„ქართული ოცნების“ მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას.“


მინისტრ სუბარის გადაყენების მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკი, რომელიც ვერც ახალი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. იგივე პოზიცია აქვთ, კოალიციის ლიბერალურ ფრთას - „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“.

„კარგი იქნებოდა რომ ვიდეოჩანაწერები არ ყოფილიყო წაშლილი, ალბათ, იქ ვიდეოთვალთვალის სისტემა მუშაობს გაუმართავად, რომელსაც 24 საათში არ უნდა წაეშალა ეს მასალა. მაგრამ, არავითარი საფუძველი არ მაქვს, არ დავუჯერო სამინისტროს, რომელიც წესიერად მართავს და ადამიანს უფლებებსაც ითვალისწინებს.“

საქართველოს მთავრობა და საპალამენტო უმრავლესობა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში „შეთქმულების თეორემის“ მომხრეა. კოალიციის რიგებში ძალზედ პოპულარულია მოსაზრებები, რომ მერაბიშვილი ჯერ დაპირდა ფარცხალაძეს „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ გადაცემას, შემდეგ კი „პროვოკაცია მოუწყო“.

ასევე, მერაბიშვილმა „წინასწარ იცოდა“, რომ 14 დეკემბრის ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში აღარ იქნებოდა და ამიტომ, განცხადება 17 დეკემბერს გააკეთა.

ხელისუფლებაში მიჩნიათ, რომ ამ საქმეზე ყველა შეკითხვას პასუხი უკვე გაეცა. თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, „მცდარი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის დაუმძიმდება თუ არა ბრალი პატიმარ მერაბიშვილს.
XS
SM
MD
LG