ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალები მეტ საჯაროობას მოითხოვენ


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ მერაბიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უყურადღებოდ არავინ არ უნდა დატოვოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00
ბმული

ქუთაისში დღეს ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ზეწოლის შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ადგილი მის მიმართ ჰქონდა. მერაბიშვილი ამბობს, რომ ღამის საათებში საკნიდან გამოიყვანეს, სახეზე მისივე ტანსაცმელი ააფარეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა

ნათია სონღულაშვილი, პროკურორი, რომელიც სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, ამბობს, რომ მერაბიშვილის განცხადება სიცრუეა, რაც მას მოწმეებზე ზეწოლის მიზნით დასჭირდა.

„ბრალდებული ივანე მერაბიშვილის განცხადება მიზანმიმართული სიცრუეა, რომელიც ემსახურება იმ მოწმეთა ჩვენებების გადაფარვას, რომლებმაც წინა სასამართლო პროცესებზე უშუალოდ ხელი დაადეს მას აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი პროცესის გადადებასთან დაკავშირებით სასამართლომ დააჯარიმა მერაბიშვილის სამივე ადვოკატი სასამართლოსადმი უპატივცემლობის ფაქტზე, პროცესი გადაიდო იმ მოტივით, რომ პროცესზე დაინიშნა სახაზინო ადვოკატი, რომელსაც მიეცემა დრო ბრალდების მასალების გასაცნობად“,- ამბობს პროკურორი ნათია სონღულაშვილი.

მერაბიშვილის განცხადებას ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მერაბიშვილის განცხადება მისი თქმით, საყურადღებო მინიშნებებს შეიცავს და საეჭვოდ ემთხვევა თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მძღოლად მუშაობდა. ვანო მერაბიშვილმა დღეს პროცესზე, პროკურორის მხრიდან ზეწოლის მოტივის ახსნისას დაასახელა გარდაცვლილ პრემიერზე ინფორმაციის გაცემა, ასევე ყოფილი პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობების მიწოდება. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილი ამით სააკაშვილს აშანტაჟებს. ირაკლი ღარიბაშვილი:

„გატაცებები, თავზე ჩამოცმები არ უკავშირდება ჩვენს პერიოდს. ჩვენ მსგავსი მეთოდებით არ ვმუშაობთ. ჩვენ თუ რაიმე გვაინტერესებს, არსებობს მთელი რიგი პროცედურები, გამომძიებლები შევლენ და დაკითხავენ. სხვა რამის საჭიროება არ არსებობს უბრალოდ. ალბათ მას მოჭარბებული შიში აქვს. მე მოვისმინე, რომ დააკავეს ძველი თბილისის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც წარსულში იყო ზურაბ ჟვანიას მძღოლი, თუ პირადი დაცვა. მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ცდილობს დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი.“

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია საჭიროდ თვლის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების გადაცემას ადვოკატებისთვის, რაც მერაბიშვილის ნათქვამის თაობაზე ეჭვს გაფანტავს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ საქმეზე გამოძიების წარმოებას საპარლამენტო კომისიის მიერ, სადაც უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„ნორმალურ ქვეყანაში, პირველ რიგში კმაყოფილდება ადვოკატების მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფირები იქნას მიღებული სამეთვალყურეო კამრებიდან, რათა ვნახოთ, რა მოხდა. ასეთ დროს, ასეთი სკანდალური ბრალდების და საფუძვლიანი ბრალდების ფონზე ეს გამოძიება უნდა აწარმოოს საპარლამენტო კომისიამ, რადგან არანაირი ნდობა ამ პირისა, რომელიც ასეთ მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობს და ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ციხეში ზის მძევლად აქცევს, თავისი საკნიდან მიჰყავს კაბინეტში, იქ აშინებს და „აკაჩევებს“, ცდილობს დააკაჩაოს, მან საერთოდ რა უნდა გამოიძიოს, არ მესმის,“- ამბობს გიგა ბოკერია.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ მერაბიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უყურადღებოდ არავინ არ უნდა დატოვოს და მასზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევა დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი.

"ეს ჩემთვის არის სრულიად ახალი ინფორმაცია და ძალიან მიკვირს, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ასეთი რამე უნდა მომხდარიყო, თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომელიც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობს და მით უმეტეს, მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ამგვარი მეთოდი. მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად. თუმცა, რაკი ეს განცხადება გაკეთდა, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა - ისინი პირდაპირ ამბობდნენ, ყოველგვარი სერიოზული მიდგომის გარეშე, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა მათ გარდა. მგონია, რომ ეს არის გამორიცხული, თუმცა, რაკი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ასეთი განცხადება გააკეთა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი კომენტარები უნდა გააკეთონ, სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ განცხადებას და გასცენ სერიოზული და დასაბუთებული პასუხი", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

სასამართლო სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა საკუთარი ადვოკატების აცილების საკითხიც დააყენა. სხდომა 25 დეკემბრისთვის გადაიდო. სავარაუდოდ მას სახაზინო ადვოკატები მოემსახურებიან.
XS
SM
MD
LG