საქართველოს პრეზიდენტი ისტორიულ ჰერეთში

გიორგი მარგველაშვილი კახის რაიონის ქართველობას შეხვდა

ადგილობრივი ქართველი: „კანდიდ ჩარკვიანის შემდეგ პირველი პირი საქართველოდან არასდროს მოსულა“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანი მოიარა და რამდენიმე საათით კახის რაიონშიც იმყოფებოდა, სადაც ეთნიკური ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის პირველი პირი ისტორიულ ჰერეთში ჩავიდა, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული.

ჰერები, წლებია ოფიციალურ თბილისს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. თავის დროზე, იქ ჩასასვლელად ვერ მოიცალეს, ვერც პრეზიდენტმა შევარდნაძემ და ვერც პრეზიდენტმა სააკაშვილმა. (პრეზიდენტ გამსახურდიას ამის საშუალება ობიექტურად არც ჰქონია - ზ.წ)

ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის რაიონში, იმყოფებოდა, როგორც ჰეიდარ ალიევი (1996 წლის მარტი), ისე მისი ვაჟი ილჰამ ალიევიც (2004 წლის ივნისი).

საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ჯუმბერ ხუროშვილი, რომელსაც „ამერიკის ხმა“ კახში დაუკავშირდა, ამბობს, რომ ბოლოს ჰერეთს, ამ დონის ფიგურა, 65 წლის წინ სტუმრობდა და ის საბჭოთა საქართველოს ლიდერი (1938-53) კანდიდ ჩარკვიანი იყო.

„ერთი რამე ვიცი, ისტორიკოსი ვარ, კანდიდ ჩარკვიანის შემდეგ, საქართველოდან პირველი პირი ჰერეთში არასდროს მოსულა. მართალია, პატრიარქი ორჯერ იყო, მისი ჩამოსვლა თავისთავად დიდი მოვლენაა, მაგრამ პრეზიდენტის ჩამოსვლით ძაან გავიხარეთ აქაურებმა.

ეს გუშინდელმა დღემაც ცხადჰყო, მთელი ხალხი დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მას, ეს იყო იგივე, ჩვენი სიყვარულის გამოვლინება საქართველოს მიმართ. ეს გრძნობა, ამდენი ხანია არ ჩამქრალა და არც ჩაქრება ჩვენში.

მთავარი პრობლემა ეხლა აქ, მიგრაციაა, ხალხი გარბის. ორი ქართული სკოლა ფაქტობრივად დაკეტვის საშიშროების წინაშეა. მიგრაციის პრობლემა ჩვენში დიდია, დიდი მწუხარებაა ეს ჩვენთვის. უმუშევრობა თავისთავად დიდი პრობლემაა, როგორც მანდ, აქაც, ჩვენში.“

დღეისათვის, კახის რაიონში 7000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა აღმსარებლობით, მართლმადიდებელია. აქ, შვიდი ქართული სკოლა არსებობს.

პრეზიდენტი მარგველაშვილი სოფელ მეშებაშის საჯარო სკოლას ეწვია. ეს სკოლა 2012 წლის მაისში, მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა, თუმცა აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ მისი რეკონსტრუქცია განახორციელა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, კახის რაიონის ქართული სკოლები, ქართული სახელმძღვანელოების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოდან წიგნების შეტანას ეწინააღმდეგებოდა. (ანალოგიურ ბრალდებას გვიყენებს ოფიციალური ბაქოც - ზ.წ)

2013 წლის ნოემბერში, ეს პრობლემა ნაწილობრივ, სწორედ განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ძალისხმევით გადაილახა. საქართველოს განათლების სამინისტროს კახში ქართული ენა-ლიტერატურისა და მათემატიკის წიგნების შეტანის უფლება მისცეს, თუმცა სხვა მიმართულებით პრობლემა ისევ რჩება. ისტორიის მასწავლებელი ჯუმბერ ხუროშვილი ამბობს:

„სასკოლო წიგნებიდან მხოლოდ ქართულის და მათემატიკის წიგნების შემოტანის ნება დაგვრთეს. დანარჩენი წიგნები არ შემოდის. გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია.... ისტორიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. 10, 12 და 15 წლის წინანდელი წიგნებით ვასწავლით.“

კახის რაიონში ჩასვლამდე, პრეზიდენტი მარგველაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს შეხვდა, შემდეგ დაათვალიერა ბაქოს ისტორიული გული - იჩერი შეჰერი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ეს კომპლექსი - შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს მოიცავს.

მარგველაშვილმა შემდეგ, ბაქოდან 215 კილომეტრით მოშორებულ გაბალაში გადაინაცვლა, სადაც იანვარში გახსნილი სამთო-სათხილამური კომპლექსი „ტუფანი“ და საკონსერვო ქარხანა მოინახულა.

კახის ქართველობასთან შეხვედრის შემდეგ კი, რომელიც კახინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილმა კერძოდ ბრძანა

„ეს ხალხი აზერბაიჯანის ღირსეული მოქალაქეები არიან. აძლიერებენ ამ ქვეყანას. ჩემთან საუბრისას, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სწორედაც ამ ხალხით ძლიერდება აზერბაიჯანი. ამავე დროს, ეს ხალხი არ ჰკარგავს, იმ საოცარ სპეციფიკას და სილამაზეს, რაც ჩვენს კულტურას გააჩნია.

აზერბაიჯანში, როცა ვართ ჩვენ ვამაყობთ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართული ეროვნების ხალხით და ზუსტად, ასევე საქართველოში, ჩვენ ვამაყობთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებით.“

საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმა, „ამერიკის ხმას“ აცნობეს, რომ პრეზიდენტ მაგველაშვილს, გუშინ გვიანობამდე ელოდნენ ბელაქანშიც, სადაც გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, აღმსარებლობით მუსლიმ ქართველებს, თუმცა ეს შეხვედრა, დაუდგენელი მიზეზების გამო, არ გაიმართა.

2014 წელს, ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია. იანვარის ბოლოს იგი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც, ოფიციალურ შეხვედრების პარალელურად, მარგველაშვილმა ისტორიულ ტაოში ასევე მოინახულა ქართველებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები და ოშკი და იშხანი დაათვალიერა.