„ოცნებას“ „ფულის ტომრები“ და ხელისუფლება აღარ ეთმობა

პარლამენტის თავმჯდომარის "პრინციპული დაპირება" პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით "ფულის ტომრებმა" დაპირებად დატოვეს

სახელისუფლებო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, ამჯერად 7 წლით, 2024 წლისთვის გადადო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ამომრჩეველს ჯერ კიდევ, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისცა.

„ოცნება“, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტი არჩევებში, პროპორციული სიით მხოლოდ 44 დეპუტატი გაიყვანა, მაჟორიტარული სისტემით - 71 და 856 638 ამომრჩევლის მხარდაჭერის პირობებში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, 2020 წელსაც, საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მისთვის კომფორტული - შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით გეგმავს.

პარლამენტის თავმჯომარისა და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, 38 წლის ირაკლი კობახიძის „პრინციპული პოზიცია“, რომ „შერეულმა საარჩევნო სისტემამ ქვეყანა ორჯერ ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა და აუცილებელია ის პროპორციული სისტემით შეიცვალოს“ საბოლოოდ დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ექვს თვიანი მუშაობის თავზე, „ოცნების“ ძველმა „გვარდიამ“ და მაჟორიტარებმა, „ფულის ტომრებმა“. რომლებიც ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიაში ახერხებენ საკუთარი ინტერესების ლობირებას, ისევ თავისი გაიტანეს.

კახა ოქრიაშვილი, დმანისის უცვლელი მაჟორიტარი 2004 წლიდან

დმანისის მაჟორიტარი, კომპანია PSP-ს მფლობელი კახა ოქრიაშვილი, სამჯერ (2004, 2008, 2012) პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატია. საკონსტიტუციო კომისიის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უკეთესი იქნება თუ ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავა:

მაჟორიტარობა არის ლეგიტიმური არჩევითი თანამდებობა და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მე მომწონს ეს ინსტიტუტი და მიმაჩნია, რომ სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ“
კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი, ქართული ოცნება

„მაჟორიტარობა არის ლეგიტიმური არჩევითი თანამდებობა და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მე მომწონს ეს ინსტიტუტი და მიმაჩნია, რომ სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ.“

ხელისუფლება 2020 წელს, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების „საკომპენსაციოდ“, დანარჩენ პოლიტიკურ კლასს, საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაწევას; 2018 წელს, პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს და 2024 წლიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.

მმართველი პარტიის ერთი-ერთი ნოუ-ჰაუა ბონუსს სისტემა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა „სატყუარად“ მონათლეს. ბონუსს სისტემას სამი ზღვარი აქვს და იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ხმების 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო.

ბონუსის „ზედა ზღვარი“ გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას მანდატების რაოდენობა მაქსიმუმ 89 მანდატამდე შეევსება.

„ფარდობითი ზღვარის“ შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსის სახით, დამატებით ვერ მიიღებს, არჩევნებში დაფიქსირებული შედეგით მოპოვებული მანდატების 35 პროცენტზე მეტს. ხოლო, დარჩენილი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება.

ბონუსის „აბსოლუტური ზღვარის“ შემთხვევაში კი პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსს აიღებს, თუ არჩევნებში მიღებული მანდატების რაოდენობით, უბრალო უმრავლესობას ვერ აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში პარტიას მანდატების რაოდენობა 76-მდე შეევსება.

დღეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკიდურესად უარყოფითად შეაფასა მმართველი პარტიის მიერ მომზადებული „შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები“.

პრეზიდენტის თქმით, "ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებები არ არის დაფუძნებული კონსენსუნსზე და პარლამენტის მოთხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარით უპასუხა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს:

„საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ მივიღეთ რეალობა, როცა მმართველი პარტიის გარდა, არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არც არასამთავრობო სექტორი არ უერთდება ამ დოკუმენტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები მაინც იქნა დაჩქარებული წესით შეტანილი, კონსტიტუციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იქნება“
ანა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ მივიღეთ რეალობა, როცა მმართველი პარტიის გარდა, არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არც არასამთავრობო სექტორი არ უერთდება ამ დოკუმენტს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები მაინც იქნა დაჩქარებული წესით შეტანილი, კონსტიტუციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იქნება.“

პრეზიდენტამდე არასამთავრობო სექტორმაც მოუწოდა პარლამენტს, რომ „სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები. არ ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში და დაიტოვოს გონივრული ვადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის“.

დღესვე, ოპოზუციურმა „ევროპულმა საქართველომ“ 150 000 ხელმოწერა მიიტანა სახელმწიფო კანცელარიაში და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის გამართვას ითხოვს.

პრეზიდენტის უარის, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტია მაინც გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას. ამ მიზნით პარლამენტი რიგგარეშე სხდომას, სავარაუდოდ, ხვალ დანიშნავს.

პრეზიდენტის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო-სახალხო კონსენსუსი არ არსებობს