საქართვველოს კონსტიტუცია იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ და კონსტიტუციის პროექტს წარუდგენენ საზოგადოებას. პროცესში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი. დღეს კონსტიტუცია, რომლის პროექტზეც 73 კაციანმა კომისიამ იმსჯელა და რომელსაც პარტიებიდან მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხარი, გორის საზოგადოებას წარუდგინეს. თეატრის შენობა, რაც განხილვის ლოკაციას წარმოადგენდა, ხალხს ვერ იტევდა.
12 საათზე ჩანიშნული განხილვისთვის ადამიანებმა მობილიზება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს ისე, რომ ნახევარი საათით ადრე მისული მოქალაქეებისთვის შენობაში შესვლაც კი თითქმის შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენდა. საზოგადოების ნაწილმა ამგვარი მობილიზება ხელისუფლების გადაჭარბებულ მცდელობას დაუკავშირა და წარსული პრაქტიკა გაიხსენა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კი არაერთხელ განმარტეს, რომ ეს კონსტიტუციის განხილვისადმი ინტერესითაა გამოწვეული და საგანგებო მობილიზებას ადგილი არ აქვს.
ამფითეატრის რიგებში მწყობრად და თანმიმდევრულად საბავშვო ბაღების დირექტორების, სახელმწიფო აიპებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა განლაგება სპეციალური სცენარის არსებობის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებდა. „მოხსენებითი ბარათების საფუძველზეა ხალხი აქ მოსული. მე მგონია, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უმჯობესია, აქ ხალხი მოდიოდეს პირადი და კეთილი ნების საფუძველზე, ყოველგვარი დირექტივის გარეშე,“– განაცხადა გვანცა დოლუაშვილმა, ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისმა, რომელმაც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა შეკითხვით მიმართა: „ვინაიდან წარმოვადგენ იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც წლებია მუშაობს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ (კანონში „თავისუფლების ქარტია“ ნათქვამია, რომ უნდა შეიცვალოს ტოტალიტარული და ფაშისტური შინაარსის მატარებელი სიმბოლოები და სახელწოდებები ქუჩებზე, ქალაქების, დაბების და ასე შემდეგ დასახელებაში. ამ შემთხვევაში, კითხვის ავტორი გულისხმობს სტალინის ქუჩას, რომელსაც დღემდე არ შეცვლია სახელი გორში.– ნ.დ.) იმპლემენტაცის თაობაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია უნდა გახდეს გარანტი ამ კანონის მუშაობის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 2010 წელსაა მიღებული, დღემდე არ შეკრებილა ქარტიის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის პრაქტიკაში განხორციელებას. ამის უარყოფით შედეგებს ჩვენ ყოველ წელს ვხედავთ ჩვენს ქალაქში, პრორუსული ძალების მიერ გამართულ აქციებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედება და იმ მავნე მემკვიდრეობის გადასინჯვის წახალისება, რაც საბჭოა კავშირის სახით დღემდე შემოგვრჩა“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით მხოლოდ გაკეთილშობილდება, პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესი კი ოდიოზური ფიგურის არჩევის პრევენციას მოახდენს. „პირდაპირ არჩევის წესით ოდიოზურ ფიგურებს ირჩევენ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი“ – აცხადებს ის.
განხილვის პროცესში მდგომარეობა დარბაზში რამდენჯერმე დაიძაბა და დებოშის პირამდე მივიდა, განსაკუთრებით, სერგო რატიანის გამოსვლისას, რომელიც ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს.
ხმაური მოჰყვა მოსკოვის ყოფილი მერის, ლუჟკოვის ვიზიტის ხსენებასაც, რომელიც საქართველოში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად უპრობლემოდ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ პირების სიაში გახლდათ, ვინც დაარღვია „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა საქართველოს გავლით, არამედ რუსეთიდან შევიდა, ხელისუფლებას მასზე კანონით გათვალისწინებული სანქცია არ გაუვრცელებია.
კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება შედის, რომელიც პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილების განმაპირობებელი იქნება. ეს ეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესსდა მისთვის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირებას უშიშროების საბჭოს ჩამოცილებით; ასევე პოლიტიკური ბლოკების გაუქმების საკითხს –შემოდის ეგრეთ წოდებული ბონუსის ელემენტი, რითაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია გადაუნაწილებელ მანდატებსაც წაიღებს და კიდევ უფრო გაზრდის საკუთარ წარმომადგენლობას პარლამენტში, სადაც თავის მხრივ მხოლოდ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხვდება პარტია და სხვა. პარტიები ამ რეგულაციას მათთვის დამღუპველად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. ხათუნა გოგორიშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შესულ პარტიებს შორის განსხვავება 0,1 პროცენტია და გადაუნაწილებელი მანდატების სრულ ოდენობას პირველ ადგილზე გასულმი პარტია იღებს, ეს უსამართლობაა, რადგან ამგვარი მანდატების რიცხვი, შესაძლოა 70 დეპუტატიც იყოს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შინაარსი ერთია და მარტივია: სხვისას ნუ მიიწერ. ჩვენთან მარტივად უნდა იყოს: მიიღე ხმა? აიღე და შენი იყოს, თუ არ მიგიღია, რატომ უნდა წაიღო?“
აუდიტორიიდან დასმულ კითხვებს შორის ყველაზე მეტი გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებულისთვის გადაცემასა და პრეზიდენტის არჩევითობის საკითხს შეეხებოდა. „მე არ მინდა არც ხმოსნების, არც მგოსნების, არც ნდობით აღჭურვილი პირებისმიერ არჩეული პრეზიდენტი, დანიშნული პრეზიდენტი. მე მინდა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რადგან დემოკრატია ესაა ხალხის მმართველობა“, – განაცხადა ნინო ნიპარიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა კასპიდან.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმა პირდაპირი პასუხი არ გასცეს კითხვებს, რაც თვითმმართველობების გაუქმებას ეხებოდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ირმა ინაშვილის გამოსვლაში ასევე ისმოდა საყვედური გადაუნაწილებელი მანდატების თაობაზე: „ჩვენ ხომ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია, საქართველოს პატრიოტებს. სიკეთის მეტი თქვენთვის არაფერი არ გვინდა და არც ჩვენი ქვეყნისთვის. არც ხელისუფლებაში ვყოფილვართ, არც არავინ მოგვიკლავს და გვიწამებია, ღმერთმა დაგვიფაროს. ამიტომ ჩვენც ხომ უნდა დაგვიტოვონ ამათ შანსი, რომ ჩვენც წავიწიოთ წინ, ჩვენც გავიმარჯვოთ, ჩვენც მოვიპოვოთ წარმატება”.
კონსტიტუციის სახალხო განხილვა უკვე გაიმართა ახალციხეში, ზუგდიდში, ბათუმში, ჩოხატაურში, ამბროლაურსა და ქუთაისში. ეს პროცესი თელავის, მცხეთისა და რუსთავის მოვლის შემდგომ თბილისში 15 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც კონსტიტუციის პროექტს კენჭს პარლამენტი უყრის.
Facebook Forum