ღარიბაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის მიზანი საქართველოში მმართველობის სისტემის დისკრედიტაციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დაუსაბუთებელი ცნობები ქვეყანაში მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ამას ოპოზიცია პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად იყენებს. პრემიერი ევროკომისიას მოუწოდებს, გაემიჯნოს რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც მისი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის მიწერილ ღია წერილში, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. მათგან ერთ-ერთი უპირველესი და "მისთვის პირადად შეურაცხმყოფელი" ბიძინა ივანიშვილის როლთან და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ჩანაწერებია. მისი თქმით, ივანიშვილის გავლენა და ჩარევა ქართულ პოლიტიკაში ოპონენტებს არასდროს დაუსაბუთებიათ. ივანიშვილს არ აქვს საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი ან საქმიანი კავშირის პრეცედენტები და ყველაფერი, "რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის", - ამბობს პრემიერი და დასძენს, რომ ევროპარლამენტის დოკუმენტი შვეიცარიულმა ბანკმა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის კანონიერი უფლებების შესალახად და ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად, რაც ასევე ქვეყნის დისკრედიტაციაა.

ასევე ნახეთ: ჰარცელი: მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს... ეს პოლიტიკური მხარეების თანაბარი პასუხისმგებლობაა

"მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს", - წერს საქართველოს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილში საუბარია დეოლიგარქიზაციაზეც და მისი თქმით, ევროკომისია მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს ამ ჩანაწერების პერსონიფიკაციას, რათა "არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის და ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ". პრემიერი წერს, რომ მაშინ, როცა ივანიშვილის აღქმას "ოლიგარქად" არანაირი საფუძველი არ აქვს, "საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს".