სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს - ომბუდსმენი

კესარია აბრამიძე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას. ამის შესახებ ის განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ომბუდსმენის თქმით, მომხდარი ფაქტით დასტურდება, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს.

ასევე ნახეთ: საქართველო ლგბტ+ უფლებების დარღვევაზე თვალს ხუჭავს

"მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.

ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს", - წერს ლევან იოსელიანი.

18 სექტემბერს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს. "პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი", - თქვა მან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "კოალიცია თანასწორობისთვის”, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება უზრუნველყონ. უსამძიმრებს რა გარდაცვლილის ოჯახს, ორგანიზაცია ითხოვს:

"გამოძიების ფარგლებში შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით (ტრანსფობიური მოტივით) და უზრუნველყონ მოტივის გამოკვეთა სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში. საქმის გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, გამოიკვლიონ, ხომ არ უძღოდა წინ მსხვერპლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ ქმედებებზე სათანადო რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას".

ასევე ნახეთ: „ე.წ. ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ერების იდენტობას“ - კობახიძე უნგრეთში

ორგანიზაცია "კოალიცია თანასწორობისთვის” მთავრობის პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს და ამბობს:

"პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. თითქმის ერთი წელია, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება.

პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობია ხელისუფლების ოფიციალურ დისკურსსა და იდეოლოგიად იქცა, რაც ყველაზე ნათლად გუშინ ანტი-ლგბტი ფაშისტური კანონმდებლობის მიღებაში გამოვლინდა. ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქი ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება".