ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

HRW: საქართველოს ხელისუფლება არ აჩვენებს, რომ აქტივისტებზე თავდასხმებს ეფექტურად იძიებს


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ მოუხდენია იმის დემონსტრირირება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე განხორციელებული „სასტიკი თავდასხმების“ თაობაზე ეფექტური გამოძიება მიმდინარეობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების დაუსჯელობა, შემდგომი პოლიტიკური ძალადობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არასტაბილურობის საფრთხეს ქმნის.

„აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების შემთხვევები თუ დაუსჯელი დარჩება, ეს ქმნის მოძალადეების წახალისების და ძალადობის ესკალაციის რისკს საქართველოში მომავალი არჩევნების წინა თვეებში“, – თქვა ჰიუ უილიამსონმა, „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა. ის აცხადებს, რომ ”ამ სასტიკი თავდასხმებსა და ძალადობის მუქარაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაუყოვნებლივაა საჭირო.”

ორგანიზაცია, ამ წლის აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ათზე მეტ აქტივისტზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის შესახებ საუბრობს, რომელთა შემთხვევაში, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არ არიან.

"თავდასხმებმა ხშირად, თავის არეში და სხვა ტიპის დაზიანება გამოიწვია, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა თავმდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ, საჯარო ადგილებში, თვითმხილველებისა და სათვალთვალო კამერების წინ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, ოფიციალურად, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მათ არ დაუდგენიათ ან არ დაუკავებიათ არც ერთი ეჭვმიტანილი. არსებობს იმის შემაშფოთებელი ნიშნები, რომ ისინი არ იღებენ აუცილებელ საგამოძეიბო ზომებს, პასუხისმგებელი პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

თავად „ჰიუმან რაითს უოჩმა“, თბილისში, ხუთი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ექვსი თავდასხმა დოკუმენტურად აღრიცხა. მათ შორის არის, უნივერსიტეტის სტუდენტი, პროფესორი, ახალგაზრდული საპროტესტო ჯგუფის დამფუძნებელი, დემონსტრანტი და საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

ორგანიზაციის განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა გამოკითხეს თავდასხმის სამიზნეები, მათი ადვოკატები და ასევე, განიხილეს იურიდიული დოკუმენტები, სამედიცინო ანგარიშები დაზიანებების შესახებ, სათვალთვალო კამერების რამდენიმე ჩანაწერი და სხვა ვიდეოკადრები, რომლებიც საჯარო სივრცეში მოიპოვება. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ასევე აცხადებს, რომ მათ გამოძიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისგან.

„19 აგვისტოს, პროკურატურამ გვიპასუხა და განაცხადა, რომ თავდასხმებს შსს იძიებს და რომ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამ დრომდე, არ დაწყებულა“, - აცხადებს ორგანიზაცია.

საერთაშორისო უფლებადამცველების განცხადებით, „საჯარო განცხადებებში, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი კანონის გამოყენებას იმ ჯგუფებისა და მედიის წინააღმდეგ აპირებენ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, იცავენ ლგბტ თემის უფლებებს ან ეწევიან სხვა საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს“. მათივე განცხადებით, ლიდერები „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, ასევე მიანიშნებდნენ, რომ ისინი გამოიყენებდნენ "უცხოური გავლენის კანონს" კრიტიკოსების წინააღმდეგ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს ძალადობრივი თავდასხმები, მისცეს პასუხისგებაში პასუხისმგებელი პირები და საჯაროდ და ცალსახად დაგმოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა“, - აცხადებს „ჰიუმან რაითს უოჩი“.

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის, ჰიუ უილიამსონის თქმით, „მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმების დაუსჯელობა უტყუარ სიგნალს აგზავნის, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, როდესაც ის მათ ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას შეუძლია, ამ სიგნალის გაგზავნა თავიდან აირიდოს სწრაფი, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების ჩატარებით, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელების იდენტიფიცირება.“

„ჰიუმან რაითს უოჩი“ ხაზს უსვამს, რომ თავდასხმის სამიზნეთა უმეტესობა, „უცხეთის აგენტის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ იმაღლებდა ხმას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტს 2024 წლის აპრილში წარუდგინა და 6 კვირის შემდეგ მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა მაისში, საკანონმდებლო ორგანომ ის დაძლია. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული და უკვე მიღებული კანონი, თითქმის ზედმიწევნით იმეორებდა 2023 წელს, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლის მიღებაც პარლამენტმა სცადა, თუმცა მასობრივი საპროტესტი აქციების შემდეგ, კანონი "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ, მანამდე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“, „უცხო ძალების ინტერესების მომსახურე ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა, ხელახლა წარადგინა და საბოლოოდ მიიღო. უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები თუ მედიის წარმომადგენლები უცხოეთის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად დარეგისტრირებაზე უარს ამბობენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG