მკვლელობა 3,5 ჰექტარი მიწისთვის ოკუპირებულ კოლხიდაში

ახალდაბას ნასოფლარი ოჩამჩირის რაიონში. ცხედრები ამ ჭაში იპოვეს

კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის სასტიკი მკვლელობა აფხაზთა „დეპუტატმა“ კვიცინიამ დაუკვეთა. მისი ძმა აფხაზეთის „გენპროკურორის“ პირველი მოადგილეა

Your browser doesn’t support HTML5

კლემანტოვიჩის საქმე


რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის დაბა კოლხიდაში 3,5 ჰექტარი მიწა გახდა. ასეთია სოხუმში მიმდინარე გამოძიების მთავარი ვერსია. ნომერ პირველი ეჭვმიტანილი კი მიწის ყოფილი მფლობელი, აფხაზთა „პარლამენტის“ წევრი ნოდიკ კვიცინიაა.

სოხუმის „პროკურატურას“ გააჩნია მტკიცებულებები, რომ კვიცინიამ კლემანტოვიჩს კოლხიდაში მდებარე მიწა, ფარულად 2 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ფორმალურად კი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 1 500 რუბლზე იყო გაფორმებული, კლემანტოვიჩმა კვიცინიას მხოლოდ 580 ათასი დოლარი გადაუხადა, შემდეგ კი კონფლიქტი მოხდა.

2012 წლის 10 სექტემბერს, კვიცინია და კლემანტოვიჩი ერთმანეთს სოხუმში, კვიცინიას სახლში შეხდნენ, სადაც რუსი ბიზნესმენი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა. შეხვედრის შემდეგ, აფხაზმა „დეპუტატმა“ ოთხ თანამზრახველს მათი გატაცება დაავალა.

მომდევნო ორი დღის მანძილზე, კლემანტოვიჩი და სკარედნოვა ჯერ სოხუმში, მაიაკის დასახლებაში, მიტოვებულ სახლში ჰყავდათ დამწყვდეული. მას შემდეგ, რაც კვიცინიამ რუსი ბიზნესმენისგან ფულის ამოღება ვერ მოახერხა, თანამზრახველებს მათი მოკვლა უბრძანა.

კლემანტოვიჩი სკარედნოვასთან ერთად, 2012 წლის 12 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, მთლიანად გადამწვარ, ქართველების ნასოფლარში - ახალდაბაში გადაიყვანეს, დახოცეს და ჭაში ჩაყარეს.

ცხედრების აღმოჩენა და იდენტიფიცირება მხოლოდ ერთი წლის მერე, 2013 წლის 12 ოქტომბერს მოხერხდა. გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო ავტომანქანა „ლექსუსს“, რომლითაც კლემანტოვიჩი გადაადგილდებოდა.

თავად ეჭვმიტანილი „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია ჯერ მიიმალა, შემდეგ ისევ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა თანამზრახველებმა მას ხელი უკვე დაადეს, კვიცინია დანაშაულში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

„კო ბატონო, დამიმტკიცეთ და დამსაჯეთ! იპოვეთ კვალიფიციური გამომძიებელი რომ მან ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. მე ვითანამშრომლებ, რაც ვიცი, რაც შემეძლება იმით დავეხმარები.

მე ხომ ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ნუ მაბრალებენ, ნუ უნდათ ამკიდონ ეს ყველაფერი. მე კი არა ვინც გააკეთა ეს, ისინი უნდა ჩამოკიდო.“


რუსეთის და საბერძნეთის მოქალაქე, წარმოშობით ბელორუსი სერგეი კლემანტოვიჩი ოკუპირებულ აფხაზეთში წლებია ღორღის და ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული. მოსკოვში რეგისტრირებულ მის კომპანიას - „ელ პეტროლიუმს“ გაგრაში, შვილობილი „ელ პეტრიულიმ აფხაზეთი“ ჰქონდა დაარსებული.

2010 წელს, „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კლემანტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს სანაპირო დაცვამ მისი კუთვნილი 20 ტონა ჯართის კონფისკაცია მოახდინა, თუმცა „ეხლა რუსეთის სამხედრო ბაზები დაიცავენ ჩვენს უსაფრთხოებას“.

კლემანტოვიჩს ფართო კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს, მამის, პეტრე კლემანტოვიჩის დამსახურება იყო. მინსკის სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული წლების მანძილზე საბჭოთა უშიშროებასა და კონტრდაზვერვაში მსახურობდა.

ბოლოს იყო რუსეთის ფედერაციის მესამე კლასის სახელმწიფო მრჩეველი. 2000 წელს, როცა რუსეთის პრეზიდენტის საკადრო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდა. პეტრე კლემანტოციჩი შვილის გატაცებამდე ერთი წლით ადრე დაიღუპა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლის შედეგი იყო, ის, რომ ნოდიკ კვიცინიამ გუშინ თავად დაწერა განცხადება „სადეპუტატო იმუნიტეტის“ მოხსნის თაობაზე.

მანამდე, აფხაზთა "პარლამენტი" კოლეგის მუნდირის დაცვას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ ზეწოლას ვერ გაუძლო. „აფხაზთა პარლამენტის“ თავჯდომარე ვალერი ბგანბა ამბობს

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიმეორებთ რომ არ ვაბარებთ ჩვენს კოლეგას. ჩვენ მასაც და პროკურატურასაც ვაძლებთ შესაძლებლობას ბოლომდე მივიდეს გამოძიება.

თუ ნოდიკ კვიცინია თავს დამნაშავედ არ ცნობს და იგი მართლაც არ ცნობს თავს დამნაშავედ, ეს პროცესი მისცემს საშუალებს, გაიმართლოს თავი, აღიდგინოს შელახული სახელი და გვარი.“

56 წლის დეპუტატი ნოდიკ კვიცინია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარას მკვიდრია, კვიცინიების კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. ნოდიკ კვიცინიას ძმა - ბესლან კვიცინია, სოხუმის რეჟიმის „გენერალური პროკურორის“ პირველი მოადგილეა. უკვე გაისმა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა ბესიკ კვიცინიას ინფორმაცია საზარელი დანაშაულის შესახებ და რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება?!

აფხაზურ მედიაში, ასევე „გაჟონა“ სერგეი კლემანტოვიჩის 2011 წლით დათარიღებულმა წერილმა. რუსი ბიზნესმენი წერს, რომ ჯართის ბიზნესში, კონკურენტი ფირმის „აბხაზვტორრესურსის“ მფარველები, მათ შორის ბესიკ კვიცინია სიკვდილით ემუქრება. ამ ფირმას 2003-2005 წლებში ნოდიკ კვიცინია ხელმძღვანელობდა.

„აფხაზური ოპოზიცია“ უკვე ცდილობს, სკანდალური მკვლელობის საქმე, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთ-აფხაზეთის „ძმურ ურთიერთობას“ სათავისოდ გამოიყენოს.

ოპოზიცია გენერალურ შეტევას ბესიკ კვიცინიას უშუალო უფროსზე, ოკუპირებული აფხაზეთის „გენერალურ პროკურორზე“ საფარბეი მიქანბაზე ამზადებს, რომელიც აფხაზთა „პრეზიდენტის“ ალექსანდრე ანქვაბის მთავარი მოკავშირეა.