დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რიგით 23-ე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა. იგი თავდაცვაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოვიდა, სადაც ბოლო ერთი წელი, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ მუშაობდა.
2012 წლის ოქტომბრიდან, იზორიას კოალიციურ მთავრობაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, „თავისუფალი დემოკრატების“ ქვოტით ეკავა. მან 2014 წლის ნოემბერში, თანამდებობის დატოვებას, პარტიის დატოვება არჩია, როცა კოალიციიდან - ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ წავიდნენ.
42 წლის იზორია ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის კურსთამდავრებულია, სამართლის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი კი გერმანიაში, გოტინგეტის უნივერსიტეტში დაიცვა.
2002 წლიდან, ლევან იზორია, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველ წლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გახდა. იგი ერთ-ერთი ავტორია საპატრულო პოლიციის შექმნის რევოლუციური კონცეფციისა.
დღეს, ლევან იზორიამ, რომელიც პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად, პირველად მივიდა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან და წევრებთან შეხვედრისას კერძოდ ბრძანა:
„საღი გონების პოლიტიკა თავდაცვაში გულისხმობს, ერთის მხრივ, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორეს მხრივ - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით"ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი
„საღი გონების პოლიტიკა იქნება თავდაცვაში პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით.
პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, NATO-ს ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა.“
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უახლოეს ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან მოდის. ეს პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა, როცა 2014 წლის ნოემბერში, თავდაცვის მინისტრად, კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი მინდია ჯანელიძე დაინიშნა.
პირველი რესპუბლიკის დროს, 1919 წელს, კი ნოე რამიშვილს, ერთდროულად ეკავა შინაგან საქმეთა და ომის (თავდაცვის) მინისტრის თანამდებობები.
ბოლო 25 წლის მანძილზე, თავდაცვის მინისტრად უმუშავიათ: მხატვარს (კიტოვანი), საბჭოთა არმიის გენერლებს და კაპიტანს (ფირცხალაიშვილი, შარაშენიძე, ნადიბაიძე, ყარყარაშვილი), ფილოსოფოსს, რომელმაც პროფესიული სამხედრო განათლება მიიღო (თევზაძე), საგარეო უწყებიდან (ბეჟუაშვილი, სიხარულიძე), ფინანსური პოლიციიდან (კეზერაშვილი), სასჯელაღსრულებიდან (ახალაია, შაშკინი) მოსულ კადრებს და პოლიტიკურ ფიგურებს (ბარამიძე, ოქრუაშვილი, ალასანია, ხიდაშელი).
ლევან იზორიამ ამ თანამდებობაზე სწორედ პოლიტიკური ფიგურა, „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ლიდერი, პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელსაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, იზორიას გამინისტრების გამო.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება , რომ თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკურ ფიგურას უშიშროება ანაცვლებს. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს არის იმ პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც NATO-ს მიერ არის აღიარებული და რომლითაც შენ განაცხადი გაქვს გაკეთებული, რომ NATO-ში მიდიხარ"თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
„ამ ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკურ ფიგურას უშიშროება ანაცვლებს. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს არის იმ პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც NATO-ს მიერ არის აღიარებული და რომლითაც შენ განაცხადი გაქვს გაკეთებული, რომ NATO-ში მიდიხარ. თავდაცვის მინისტრები, პრაქტიკულად, ყველა, ცივილიზებულ, NATO-ს წევრ ქვეყნებში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული პოლიტიკური ფიგურები.“
საქართველოს მთავრობაში თინა ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი შეიცვალა. პაატა ზაქარეიშვილის ადგილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში უპორტფელო მინისტრის პოსტზე, მისმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დეკლარირებული „სამშვიდობო პოლიტიკის“ გადახედვა არ იგეგმება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრები (1918-2016)
გრიგოლ გიორგაძე 1918 თებერვალი - 1919 თებერვალი
ნოე რამიშვილი 1919 თებერვალი - 1919 დეკემბერი
გრიგოლ ლორთქიფანიძე 1919 დეკემბერი - 1920 სექტემბერი
ილია ოდიშელიძე 1920 სექტემბერი - 1920 ნოემბერი
პარმენ ჭიჭინაძე 1920 ნოემბერი - 1921 თებერვალი
ჯონი ფირცხალაიშვილი 1991 აგვისტო - 1991 დეკემბერი
ლევან შარაშენიძე 1992 იანვარი - 1992 მაისი
თენგიზ კიტოვანი 1992 მაისი - 1993 მაისი
გიორგი ყარყარაშვილი 1993 მაისი - 1994 თებერვალი
ედუარდ შევარდნაძე 1994 თებერვალი - 1994 აპრილი
ვარდიკო ნადიბაიძე 1994 აპრილი - 1998 აპრილი
დავით თევზაძე 1998 აპრილი - 2004 თებერვალი
გელა ბეჟუაშვილი 2004 თებერვალი - 2004 ივნისი
გიორგი ბარამიძე 2004 ივნისი - 2004 დეკემბერი
ირაკლი ოქრუაშვილი 2004 დეკემბერი - 2006 ნოემბერი
დავით კეზერაშვილი 2006 ნოემბერი - 2008 დეკემბერი
ვასილ სიხარულიძე 2008 დეკემბერი - 2009 აგვისტო
ბაჩო ახალაია 2009 აგვისტო - 2012 ივლისი
დიმიტრი შაშკინი 2012 ივლისი - 2012 ოქტომბერი
ირაკლი ალასანია 2012 ოქტომბერი - 2014 ნოემბერი
მინდია ჯანელიძე 2014 ნოემბერი - 2015 მაისი
თინა ხიდაშელი 2015 მაისი - 2016 ივლისი
ლევან იზორია 2016 აგვისტოდან