„ნაციონალების“ სახეცვლილება თბილისურად

An anti-government protester takes a morning bath with others at a public pump during the Revolution March in Islamabad, Pakistan.

თბილისის მოსახლეობის რამდენი პროცენტის ინტერესს გამოხატავს დედაქალაქის ამჟამინდელი საკრებულო?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


თბილისის საკრებულოს თავზე ახალი დროშა ფრიალებს, თუმცა, ვისი გაურკვეველია. ბოლო ორი კვირის მანძილზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მართვის ყველა ბერკეტი მეტად ორიგინალურად „გადააბარა“ ე.წ “ ინტერპარტიულ უმრავლესობას”.

ძალაუფლების „გადაბარებაში“ ლომის წილი თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დაიდეს, რომლებსაც „ამაგი“ მნიშვნელოვან თანამდებობზე დანიშვნით დაუფასდათ.

თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე „ნაციონალი“ ზაალ სამადაშვილი, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აპრილიდან ეკავა, ირაკლი შიხიაშვილმა შეცვალა. ახალი თავმჯდომარე 2010 წელს საკრებულოში, „ნაციონალების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შევიდა.

წლების მანძილზე, პრეზიდენტ სააკაშვილისა და თბილისის მერის უგულავას აქტიური მხარდამჭერი, დედა პარტიას 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაემიჯნა.ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ირაკლი შიხიაშვილმა კერძოდ ბრძანა:

„იყო ხანა, როცა ამ ქალაქში, სამწუხაროდ, ერთ პიროვნებაზე მორგებული ძალაუფლება იყო...დღესდღეობით, ეს ასე აღარ იქნება. საკრებულოს თავჯდომარე არის თანასწორთა შორის პირველი და ჩვენ მხოლოდ გუნდურად ვიმუშავებთ.“

ირაკლი შიხიაშვილის არჩევნებს და სხვა თანამდებობების გადანაწილებას თბილისის საკრებულოში, არ დაესწრო შიხიაშვილის ყოფილი პარტია, დღეს უკვე საკრებულოს უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“.

საკრებულოს 25 წევრიანი უმრავლესობიდან კი შიხიაშვილს ხმა 24-მა მისცა, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ შიხიაშვილის მხარი არ დაუჭირა.

გულიკო ზუმბაძე ღიად ამბობს, რომ ირაკლი შიხიაშვილი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. თბილისის საკრებულოს თავჯდომარის თანამდებობაზე კი შსს-დან ლობირებდნენ.

„ირაკლი შიხიაშვილმა 2012 წლის დეკემბერში, დაკითხვის დროს დაადასტურა რომ მონაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემაში. იგი იყო სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ მფლობელი, რომელიც სხვაზე ჰქონდა გაფორმებული.

როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო და „ქართუ ბანკზე“ იერიში მიიტანეს, შიხიაშვილს შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შესთავაზეს, რომ არ დაებრუნებინა „ქართუდან“ გამოტანილი მრავალმილიონიანი კრედიტი, თავი გამოეცხადებინა გაკოტრებულად.

სქემის მიხედვით, ფორმალურად გაკოტრებული „ეკრანი“ შეისყიდა ეკონომიკის სამინისტრომ და შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, შიხიაშვილის საკუთრებაში მყოფ კომპანიას უკანვე დაუბრუნა.“

შიხიაშვილის გარდა, ახალი კონფიგურაციის თბილისის საკრებულოში 13 კომისიიდან 8 კომისიის თავჯდომარედ ასევე, ყოფილი „ნაციონალები“ დაინიშნენ. სარევიზიო და ეკონომიკური განვითარების კომისიებიის თავმჯდომარეების პოსტები მიხეილ ქავთარაძესა და ზაზა დოლიძე ერგოთ. მათ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, 2012 წლის 12 ოქტომბერს დატოვეს.

ნინო თევდორაძე, რომელმაც „ნაციონალები“ 2012 წლის 18 დეკემბერს დატოვა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე გახდა. განათლებისა და კულტურის კომისია შოუმენმა ზურაბ გაჩეჩილაძემ ჩაიბარა. იგი საზოგადოებაში უფრო შონზოს სახელით არის ცნობილი, „ნაციონალები“ მან 2013 წლის 16 თებერვალს დატოვა.

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყოფილი თავჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი კი ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე აღმოჩნდა. ხაჩირაშვილმა „ნაცმოძრაობა“ 2013 წლის 20 თებერვალს დატოვა.

2013 წლის 15 მარტს მიატოვა დედა პარტია დავით ჯინჭარაძემ. იგი იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. 2013 წლის 27 მარტს, „ნაციონალებს“ გელა ომანიძე დაემშვიდობა, მას სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ერგო. კახა გურული „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ რაღაც თვენახევრის წამოსულია. განცხადება 2013 წლის 14 ივნისს დაწერა. იგი საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელი გახდა.

დანარჩენი ხუთი კომისიის თავჯდომარეობა კი ერგოთ, „ეროვნული საბჭოს“ სიით გასულ კახა კუკავას (ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია) და კახა ფირუაშვილს (გარემოს დაცვის კომისია); ასევე საკრებულოში საარჩევნო ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის“ ქვოტით შესულებს: მაკა გვარამიას (ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია) , ნათელა მაჭავარიანსა (სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია) და მემარჯვენე მამუკა კაციტაძეს (ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისია).

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების“ ხელმძღვანელის ლევან გაბრიჩიძის აზრით, ასეთი კონფიგურაციის თბილისის საკრებულოს უკან რეალურად თბილისელი ამომრჩეველი არ დგას.

„სამწუხაროდ, მთავარი რაც აქ დაირღვა არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. ანუ ამომრჩეველი უნდა იდგეს თბილისის საკრებულოს უკან. როცა, დღეს საკრებულოს წევრები უცებ მრავალპარტიულობაზე საუბრობენ, ეს სასაცილოა. არანაირი არჩევნები არ გამართულა, ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა თავად დეპუტატებმა გადაწყვიტეს.

მათ შორის, ბევრი მათგანი პარტიული სიით არის მოხედრილი საკრებულოში ანუ მათ პირდაპირ ამომრჩეველი ხმას არ აძლევდა. იგივე ჯაბა სამუშია, იყო „ქრისტიან-დემოკრატების“ მეორე ნომერი და დღეს, როცა იგი უკვე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდა და ეს ამომრჩევლის ნებით არ მომხდარა.

ეს არის ფუნდამენტური ცვლილება. ანუ დეპუტატებმა თავად გადაწყვიტეს ე.წ ინტერპარტიული უმრავლესობის შექმნა და არა ამომრჩეველმა. ზნეობრივად რომ შევაფასოდ ეს პროცესი, ძალიან მძიმეა ეს შეფასება. გაუგებარია დღეს ეს დეპუტატები ვის წარმოადგენენ, ჩვენ ვხედავთ რომ მიდის მხოლოდ თანამდებობებისთვის ბრძოლა.“

თბილისის მოქმედი საკრებულო 2010 წლის 30 მაისს გამართული თვითმმართველობის არჩვენების შედეგად აირჩა. საკრებულოში შევიდა მაჟორიტარული სისტემით არჩეული 25 წევრი და ამდენივე წევრი არჩეული პროპორციული საარჩევნო სისტემით. საბოლოო ჯამში - ნაციონალურმა მოძრაობამ 39 მანდატი მიიღო; ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის“ – 5, ქრისტიან-დემოკრატებმა - 3, ეროვნულმა საბჭომ - 2 და თოფაძე-მრეწველებმა - 1 მანდატი.

დღეის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში 47 დეპუტატია დარჩენილი, სამი „ნაციონალი“ (გელაშვილი, ნიკოლაიშვილი, სინაურიძე) თვითმმართველობის ორგანოდან საერთოდ წავიდა; „ნაციონალ მოძრაობაში“ 22 დეპუტატი დარჩა; ოთხი წევრი - „დამოუკიდებელი დეპუტატის“ სტატუსით აგრძელებს მუშაობას, მათგან 3 ყოფილი „ნაციონალია (ხაჩირაშვილი, გურული, წერეთელი);

21 დეპუტატიანი, ე.წ ინტერპარტიული უმრავლესობა კი ფორმალურად ექვს ფრაქციაში არიან გადანაწილებულები, მათ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. აქედან 11 ყოფილი „ნაციონალია“ (ომანიძე, ქველაძე, ჯინჭარაძე, გაჩეჩილაძე, თევდორაძე, ნემსაძე, რაფავა, შიხიაშვილი, ქავთარაძე, იონათამიშვილი, ბენდელიანი), სამი კი ყოფილი „ქრისტიან-დემოკრატი“ (სამუშია, გაბუნია, ბროკიშვილი).

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა მრავალფეროვან უმრავლესობაში არ მალავენ, რომ მომავალი სამიზნე სწორედ უგულავა იქნება.