ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა


"ნაციონალებს" თბილისის საკრებულოში 23 დეპუტატი დარჩათ
"ნაციონალებს" თბილისის საკრებულოში 23 დეპუტატი დარჩათ

პრეზიდენტი სააკაშვილი მიანიშნებს, რომ იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ დატოვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00
ბმული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ახალი რეალობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავჯდომარის, კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მან დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დატოვა.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა თბილისის საკრებულოში, „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის თავჯდომარის გარეშე რჩება. თებერვალში პარტიიდან უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი და ფრაქციის თავჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი წავიდა. სწორედ მის ნაცვლად დაინიშნა კოკი იონათამიშვილი, რომელმაც ხუთი თვის შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

იონათამიშვილის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება“.

კოკი იონათამიშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დანიშვნა სერიოზული შეცდომა იყო

„როდესაც არჩევნებს აგებ, ბუნებრივია რომ რაღაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ზოგჯერ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელებსაც კი ხსნიან, კარგი შედეგიც რო აქვთ მაშინ, არა მხოლოდ დამარცხების შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენთან არანაირი ცვლილება მოხდა.

ძალიან ცუდია ეხლა, კაცი ციხეში ზის და თავისი პრობლემები აქვს, ვანო მერაბიშვილზე ვამბობ, მაგრამ, ალბათ მისი გენერალურ მდივნად დატოვებაც არ იყო ჩემი აზრით სწორი. მას შემდეგ, რაც ამ ბოლო დროს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თვითონაც შიგნით პარტიაში, ნომეკლატურიდანაც კი აღიარებენ რომ ყველა წარმატებას უკვე ხაზი აქვს გადასმული.

ამაზრზენი ვიდეოკადრების აღმოჩენა სამეგრელოში ჩემთვის პირადად რუბიკონი გახდა, პარტიის ხელმძღვანელობას ნაწილობრივ მაინც ხო უნდა სცოდნოდა, 13 000 თუ არა 13 ასეთი ფაილის არსებობის შესახებ?!“

დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე პროცესებს, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, პირველი დეპუტატი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა და კოკი იონათამიშვილს უნებისყოფო უწოდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი ყოფილი თანაგუნდელის მოქმედება „მორალთან მწყრალად“ შეაფასა

„ამ მასშტაბის ტერორს ბევრი უძლებს, ბევრი ვერ უძლებს; ბევრს აქვს ნებისყოფა, ბევრს - არა; ზოგის ფასეულობებში ბზარი ჩნდება. ეს არის პოლიტიკა, ეს არის კოკი იონათამიშვილის არჩევანი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.“

„ნაციონალურ მოძრაობას“ კოკი იონათამიშვილის წასვლის შემდეგ თბილისის საკრებულოში 23 დეპუტატი დარჩა. სულ საკრებულოში ამჟამად 47 დეპუტატია. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ საკრებულოში ასევე 23 ხმას აკონტროლებს.

მათგან 6 დეპუტატია ფრაქცია „თავისუფლებაში“; 4 დეპუტატი ფრაქცია „დამოუკიდებელ დემოკრატებში“; 3-3 დეპუტატი ჰყავთ, ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისს“ და „ქართული ოცნება-თბილისელებს“. ასევე "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს", სადაც ყოფილი ქრისტიან-დემოკრატები არიან გაერთიანებულნი. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში ოთხი კანონმდებელი მუშაობს.

დღეს მათ კოკი იონათამიშვილიც დაემატათ, თუმცა, მისივე თქვით, ის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს. ასეთ ვითარებაში, თბილისის საკრებულოში მყარი უმრავლეობა, ჯერჯერობით, არცერთ პარტიას არ აქვს

„საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ხშირად არის საუბარი, რომ საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ბუნებრივია ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ.“

ამავე დროს, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე დავით ჯინჭარაძეს, რომელიც საკრებულოში ასევე „ნაციონალების“ სიით მოხვდა, და ფრაქცია მარტში დატოვა, იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ალიანსი, ახალ უმრავლესობად ჩაოყალიბდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამჟამად რჩება 23 დეპუტატი, ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები და პლუს დამოუკიდებელი დეპუტატები ეხლა ვართ 24 ადამიანი. თუ ჩვენს შორის მოხდა შეთანხმება და ოპოზიციური ფლანგს მოგვინდება რაღაც გადაწყვეტილების მიღება, საკრებულოს რეგლამენტის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ თბილისის საკრებულოში.“

2010 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში 50 ადგილიდან 39 მანდატი მოიგო და მყარი უმრავლესობა მოიპოვა. იმავე წელს, ერთმა დეპუტატმა (გელაშვილი) მანდატი დათმო და საკრებულოში 49 კანონმდებელი დარჩა.

2012 წელს ნაციონალების ფრაქცია ჯერ ექვსმა დეპუტატმა (შიხიაშვილი, ნემსაძე, ქავთარაძე, რაფავა, დოლიძე, თევდორაძე) დატოვა; 2013 წელს კიდევ (ნიკოლაიშვილი, სინაურიძე, გაჩეჩილაძე, ხაჩირაშვილი, ბენდელიანი, ომანაძე, ქველაძე, ჯინჭარაძე, გურული, იონათამაშვილი) ათმა დეპუტატმა, აქედან ორი თვითმმართველობის ორგანოდან საერთოდ წავიდა (ნიკოლაიშვილი, სინაურიძე), რის გამოც დეპუტატთა რაოდენობა საკრებულოში 47-მდე შემცირდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ნაციონალების“ ფრაქციის დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ხმების მობილიზების შემთხვევაში, უკვე შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გატანა, მათ შორის, თბილისის საკრებულოს თავჯდომარის, „ნაციონალი“ ზაალ სამადაშვილის გადაყენება. და, თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე გენერალური იერიშის მიტანა.

P.S. დღის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა კოკი იონათამიშვილის პირადი წერილი, სადაც იგი პრეზიდენტ სააკაშვილს წერს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და მისი ბიზნესის გაყიდვაში დახმარებას სთხოვს. კომპანია „საბურთალო 2007“-ში 2 პროცენტიან წილს იონათამიშვილი 100 000 აშშ დოლარად აფასებს.

წერილს მოჰყვა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტება, რომ სააკაშვილის აზრით, „პოლიტიკა სავაჭრო თემა“ არ უნდა გახდეს. საპასუხოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, კოკი იონათამიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს „ამაზრზენი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG