ობამა-საქართველო და არც უკრაინა არ უნდა მოელოდეს ნატოს წევრობას უახლოეს მომავალში
პრეზიდენტ ობამას პირდაპირმნიშვნელოვანი განცხადება იმის შესახებ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა არ უნდა მოელოდეს ნატოს წევრობას უახლოეს მომავალში, მოულოდნელობა აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ნაწილისთვის. ამერიკის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებას გამოხმარურება არა მხოლოდ საქართველოში მოჰყვა. ABCNews-ის ერთ-ერთი ავტორის მოსაზრებით ბარაკ ობამამ პუტინს ასიამოვნა. საყოველთაოდ ცნობილია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართულების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მკვეთრი და ცალსახა მოსაზრება, რომლის თანახმად, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან და მოსაზღვრე ქვეყნებთან ეგრეთ წოდებული წითელი გადაკვეთის ხაზის გავლებას არ დაუშვებს. რუსეთი დღემდე მოიაზრებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს საკუთარი გავლენის ხელშეუხებელ სფეროებად. მათ შორისაა საქართველო და უკრაინა.
ამის მიუხედავად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი უკვე გადმოწეულია. ამის შესახებ დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს. რაც შეეხება ბარაკ ობამას განცხადებას, მასზე კომენტარებისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს თვისობრივად ახალი არაფერი უთქვამს.
„ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, აბსოლუტურად ადექვატურია და რეალობაა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანა და მიზანია, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ გავუჩინოთ მცდარი მოლოდინები ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და გავარძელოთ გზა ევროკავშირისკენ“,- განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადებაში მოულოდნელი და პანიკის შემცველი არაფერი ყოფილა, თუმცა იგი შემაშფოთებლად მიიჩნევს თავად საქართველოს პრემიერის დამოკიდებულებას და მისი ახსნა-განმარტების ფორმას ამის თაობაზე.
„ეს განცხადება, რა თქმა უნდა არ შეეხებოდა საერთო ჯამში სტრატეგიულ ხედვას ნატოში გაწევრიანების თაობაზე და არ შეეხებოდა მაპის მინიჭების საკითხს, რაც ჩვენი ნაციონალური ამოცანა გახლავთ. არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არაა. საგანგაშო გახლად ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ ღარიბაშვილის რეაქცია ამ, ჩვენთვის არახელსაყრელ კომენტარზე. კერძოდ პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ რაღაც რეალობას. ეს რეაქცია გახლავთ დემონსტირირება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის: არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობა ამ ჩვენთვის არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე, როგორ იმუშაოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, ჩვენ პირველივე მყისიერ რეაქციას პრემიერისგან ვიღებთ, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ასე საქმე არ გაკეთდება,“- ამბობს გიგა ბოკერია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საქართველოს გეგმისთვის არ გადაუხვევია და ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მიმდინარეობს გეგმაზომიერად, სწორედ ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო.
„პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს გზაზე. საქართველო მტკიცედ მიდის ნატოსკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახორციელებს შესაბამის რეფორმებს. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ წლევანდელ სამიტზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ასეც იქნება, რომ წლევანდელ საიტზე აისახება ის პროგრესი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. რადგანაც ამავე მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველაფრის შესრულება, რაც ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, ლოგიკური იქნება, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მთავრობის მეთაურმა. ასე რომ, გაირკვევა, დადგინდება, ვინაა უფლებამოსილი ხელმოწერაზე, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც მოითხოვს კონსტიტუცია და შიდაკანონმდებლობა“,- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
ბარაკ ობამას განცხადება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნებოდა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში მეორე საკითხიც რომ არ წამოწეულიყო წინ, რომელმაც მსჯელობების ინტენსივობის თვალსაზრისით, მთავარი თემა კინაღამ დაჩრდილა. ალექსი პეტრიაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში განაცხადა:
„საქართველოს პრემიერ მინისტრი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მიაღწია შედეგებს ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერეს ხელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.“
ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს: პრეზიდენტმა თუ პრემიერ მინისტრმა. ამ თემის განხილვას, ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე, სავარაუდოდ მნიშვნელოვან დროს დაუთმობს.