ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ჰააგაში


დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ წამყვანი ქვეყნები სანქციების გამკაცრებაზე და დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვაზე შეთანხმდნენ

პრეზიდენტი ობამა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მხოლოდ ატომურ განიარაღებაზე შეთანხმების მისაღწევად არ ჩასულა. წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკრაინის თემა დომინირებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად ჰააგაში 6 ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და იაპონიის- ლიდერები ჩავიდნენ.

„ევროპა და ამერიკა ერთიანდებიან უკრაინის მთავრობის და ხალხის მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ ჯერჯერობით ერთიანი ვართ იმაშიც, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებისთვის უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰოლანდიელ კოლეგასთან პირველი უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულებისთანავე.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:26 0:00
ბმული

თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, ცდილობს მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლოს. ჰააგაში პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთანაც შედგა. ამის შესახებ განცხადება თვითონ შეერთებული შტატების ლიდერმა გააკეთა:

„დღეს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი სამუშაოს პარალელურად, ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა საკითხების ფართო სპექტრზე, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია. მათ შორის - ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე, კლიმატურ ცვლილებებზე და მსოფლიო მნიშვნელობის ისეთ საკითხზე, როგორიცაა უკრაინაში შექმნილი ვითარება“ - აღნიშნავს პრეზიდენტი ობამა.

ჩინეთმა მართლაც უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებული ქმედების სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამასთან განაცხადა, რომ სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა.

ჰააგაში დიდი შვიდიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან გაირიცხოს მანამ, სანამ მოსკოვი „აღებულ კურსს არ შეიცვლის“. ამის შესახებ ჯგუფმა პირველივე დღეს, შეხვედრის დასრულებისთანავე განაცხადა და ისიც დაადასტურა, რომ მომდევნო შეხვედრა სოჭის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება და მასში რუსეთი მონაწილეობას ისევ არ მიიღებს.

ბირთვულ სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა, თუმცა იქ აღარ იყო მისი შეფი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ლავროვი ჰააგაში უკრაინელ კოლეგას ანდრეი დეშიცას შეხვდა. ეს ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრა იყო.

სამიტის მეორე დღეს შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის უკრაინელი ხალხის და მისი მთავრობის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ერთობლივ განცხადებაში შვიდივე ქვეყნის ლიდერმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას „უკანონო“ უწოდა და პირობა დადო, რომ მას არ სცნობს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედება „საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტს და რისკის ქვეშ აყენებს მშვიდობას და უსაფრთხოებას ევროპაში“.

რა ხდებოდა ამასობაში თავად უკრაინაში? უკრაინის გარდამავალმა მთავრობამ განკარგულება ყირიმიდან ჯარების გაყვანის შესახებ გასცა. რუსულმა შენაერთებმა სამი სხვადასხვა სამხედრო უწყება დაიკავეს. ორშაბათს რუსეთმა ყირიმის მახლობლად მდებარე ფეოდოსიის პორტში საზღვაო ბაზის დაკავებისას ავტომატური იარაღი და შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იერიშის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, 60-დან 80-მდე კი დაატყვევეს.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მითითება უკრაინული ძალების შავი ზღვის რეგიონიდან გასვლის შესახებ მიეცა. უკრაინის ძალებმა და მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვება დაიწყეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ყირიმში ჩავიდა და რუსული არმიის ქვედანაყოფები მოინახულა. რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ ცნობით, ყირიმის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რუსტამ ტემირგალიევი აცხადებს, რომ ყირიმის ყველა სამხედრო დაწესებულებას უკვე რუსეთის არმია აკონტროლებს.

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან რუსული არმიის კონცენტრირება კიევში განგაშს იწვევს. აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდანაც გაისმა. ნატო შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინის სავარაუდოდ მეორე პრო-რუსულ რეგიონს, დნესტრისპირეთს უმიზნებს. რუსეთი ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გააქტიურება სამხედრო წვრთნების გამო ხდება და რომ მათ გეგმებში საზღვრის გადაკვეთა არ შედის.
XS
SM
MD
LG