პრემიერი და ჟურნალისტები

შეხვედრა ჟურნალისტებთან პოლემიკის რეჟიმში გადაიზარდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ რეზიდენციაში დღეს ცენტრალური ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებსა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებს მოდერატორის გარეშე შეხვდა. თავად შეხვედრის ფორმატი სიახლეს წარმოადგენს, პრემიერი უშუალოდ, ღია ეთერში ესაუბრა ჟურნალისტებს და მიუთითა იმ ნაკლოვანებებზე, რასაც მისი აზრით თოქ-შოუების ეთერში ყოველდღიურად აქვს ადგილი. „პატარა ექსკურსს გავაკეთებ, დამოკიდებულებას მედიის, ტელევიზიების განსაკუთრებით, რომ როდესაც რესპონდენტები, რესპონდენტია ვინც მოდის, ხშირად ამბობენ იმას, რაც სურთ და ჟურნალისტები ვერ ახერხებენ, ან არ ახერხებენ ჩაკითხვას, რომ დააზუსტონ, გადააზუსტონ პოზიციები, რომელსაც ცალმხირვად პასუხობს რესპონდენტი და ესაა ძირითადად, პრეტენზია ტელევიზიებისადმი. პრეტენზია, შეიძლება ძალიან მძიმე სიტყვაა, სურვილს ვიტყოდი უფრო, რომ უნდა ჩაეკითხოთ, როდესაც ისინი ცალმხრივად არიან და გადააზუსტოთ ზოგიერთი ინფორმაცია. ისეთ რამეებზე საუბრობს, ვთქვათ სააკაშვილიც რუსთავი 2-ში და იმედში და სანაიაც და იმედის ჟურნალისტებიც ელემენტარულ კითხვებს არ სვამენ, გასაოცარია. მაგრამ ნუ, რა ვქნათ, გასაგებია, ეთერში გასვლამდე რუსთავი 2-თან მე არ ვაპირებ დღეს პოლემიკაში შესვლას, მე უფრო ისეთ პოზიციურ ტელევიზიებთან ვაპირებ, ვინც ჩვენს მხარდამჭერად აღიქმებოდა და არა ოპონენტად,“- განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრა ჟურნალისტებთან პოლემიკის რეჟიმში გადაიზარდა. ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, ვინაა პრემიერის მრჩეველი, როდესაც იგი ამზადებს შეხვედრას ჟურნალისტებთან. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტიკის როლზე პრემიერსა და ჟურნალისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. „მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ფოსტალიონები ვართ, ბატონო ბიძინა. ჟურნალისტიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოში წერია, რომ ჩვენ ვართ ფოსტალიონები, ჩვენი ამოცანა, უბრალოდ, ოცდამეერთე საუკუნეში, განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში არის იდენტიფიცირება კრიტიკული პრობლემების საზოგადოებაში, კითხვების მოძიება, ფოსტალიონებივით, ოღონდ ჟურნალისტები გვქვია დღეს, თქვენამდე მოტანა, პასუხების მოძიება და უკან მიტანა. ამ პროცესში ყველაზე კრიტიკული პასუხების ვალდებულება აქვს იმ მომსახურე პერსონალს, რომელსაც ხელისუფლებაში ირჩევს საზოგადოება კონკრეტული ვადით, ამ შემთხვევაში თქვენ. ჩვენ, კი ბატონო ვართ პროფესიონალები“,- განაცხადა ნინო ჟიჟლაშვილმა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ სწორედ აქ აქვს კითხვის ნიშანი, რისაც არ მოერიდება.

პრემიერის აზრით მედია არ უნდა იყოს მხოლოდ გამკრიტიკებლის როლში და მან „გაკეთებული საქმეც“ უნდა დაინახოს და დააფიქსიროს. „ნუ გაქვთ კომპლექსი იმისა, რომ გაკეთებულზე თქვათ, რომ გაკეთებულია და დააფიქსიროთ და ნუ გაქვთ ამის შიში. ასე არაა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ მედია მხოლოდ აკრიტიკებს. მედია აანალიზებს და სწორ აქცენტებს აკეთებს,“- აცხადებს პრემიერი.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა მოიშველია ციტატები სხვადასხვა გადაცემებიდან, რაც მისი აზრით ჟურნალისტების არასწორ პოზიციას გამოხატავდა. ამის გამო მან ჟურნალისტ ვახო სანაიასთან იკამათა. „იცით, თქვენ ყოველთვის ითხოვს არგუმენტირებულად ჩვენგან და არა მარტო ჩვენგან რაღაცას. მე რომ თქვენი ძალიან ვრცელი წერილიდან კონტექსტი ამოვგლიჯო და ასე მივაწოდო საზოგადოებას, რა რეაქცია გექნებათ? მე ეს გადაცემა წავიყვანე ბატონო ბიძინა და დარწმუნებული ვარ, რასაც თქვენ ამბობთ, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩემი ციტატაა,“- ამბობს ვახო სანაია.

ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელსაც შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „სხვა ფორმატში იქნება ნამდვილად ძალიან საინტერესო პრემიერთან ურთიერთობა, სადაც არ იქნება კონფრონტაციის ხაზი გავლებული მასპინძელსა და სტუმრებს შორის და სადაც იქნება საუბარი ძალიან საჭირბოროტო საკითხებზე, თუნდა რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო დაყენებული. ცხადია, კონფრონტაციის რეჟიმში გადაჭრა ამ საკითხების ვერ მოხერხდება, მათი დაყენება მოხერხდება. ამიტომ მგონია, დღევანდელი ფორმატი არის ნორმალური ფორმატი, მაგრამ არაა საკმარისი, საჭიროა სხვა ფორმატი, სადაც უფრო წყნარ რეჟიმში შესაძლებელი იქნება უფრო სიღრმისეული განხილვა. თუ ამაზე უარს იტყვის პრემიერი ან მთავრობის წარმომადგენლები, თუ ამგვარ ფორმატში არ იქნებიან მზად ურთიერთობის წარმოებისთვის, გნებავთ ექსპერტებთან და გნებავთ ჟურნალისტებთან, მაშინ გამოვა ცალმხრივი თამაში და ეს არ ივარგებს, რა თქმა უნდა,“- ამბობს ია ანთაძე.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტები საკუთარ შთაბეჭდილებებს კამერების წინ აფიქსირებდნენ.

შეხვედრას არ დაესწრო თამარ ჩერგოლეიშვილი, ათი დღის წინ გახსნილი ტელევიზია ტაბულას დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრაზე მისი მიწვევა არავის გახსენებია.