ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოში უკვე მესამე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 315-ე მუხლით, რაც „შეთქმულებით სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“ გულისხმობს. სამივე საქმე ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ყოფილ პრეზიდენტთან, ამჟამად ოდესის გუბერნატორ - მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული.
2014 წელს - ეს იყო „საბურავების ევრომაიდნის საქმე“, 2015 წელს - უკრაინურ ვებ საიტ - uarevo.in.ua-ზე ატვირთული ფარული სატელეფონო ჩანაწერების საქმე და 2016 წლის 27 სექტემბერს - უკვე რუსულ ვებ საიტზე georgia-news.org-ზე გამოქვენებული - აუდიოჩანაწერის საქმე.
დღეს, ინტერნეტში გავრცელებულ, უკანონო ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დაკითხვაზე დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკაღიშვილი, აკაკი ბობოხიძე, თუმცა მათ, მოულოდნელად, არ ჩაიბარეს უწყებები და სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადეს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგემება ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ. თავად სააკაშვილმა და ნაცმოძრაობის სხვა წევრებმა აუდიოჩანაწერს - "სუს-ის ფაბრიკაცია" უწოდეს.
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა დაგმო დესტაბილიზაციის ყოველგვარი გეგმა, თუმცა, ამასთან ერთად ბრძანა, რომ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებით კონკრეტულ ჯგუფს იმედი აქვს რომ 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს:
„არჩევნებამდე დარჩებილ დღეებში, მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი ისეთი მოვლენის, გადაცემის, მოქმედების და განცხადების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდაზე. ვიღაცას აქვს იმედი, რომ სწორედ ამ ემოციური ფონის გაზრდით არჩევნებზე მიაღწევს წარმატებას“დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე
„არჩევნებმადე დარჩა 10 დღე და ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი ისეთი მოვლენის, გადაცემის, მოქმედების და განცხადების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდაზე. ვიღაცას აქვს იმედი, რომ სწორედ ამ ემოციური ფონის გაზრდით არჩევნებზე მიაღწევს წარმატებას.“
უკრაინულ ვებ-საიტზე, ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, ყოფილი დეპუტატის კობა ხაბაზის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ 10-მა წევრმა დატოვა. მათ ოდესის გუბერნატორი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.
„ზონიდან“ წამოსულები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს წააგებს, დაგეგმილია ხალხის ქუჩაში გამოყვანა და სახელმწიფო უწყებების ბლოკირების დაწყება. საბოლოო მიზანია, რომ არეულობას მსხვერპლი მოყვეს.
„ზონის“ ყოფილი აქტივისტების თქმით, ისინი ინსტრუქტაჟს ოდესაში, პირადად მიხეილ სააკაშვილისგან იღებდნენ. მათი დაკითხვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე 318-ე საბოტაჟის მუხლით აღძრა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „თავისუფალი ზონიდან“ წასულ აქტივისტებს სუს-ის მიერ გადაბირებულები უწოდეს.
დღესვე, შესაძლო დესტაბილიზაცისი მოწყობის გეგმებს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელი გამოეხმაურა:
" საარჩევნო გარემო ამ დრომდე არის კარგი. რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის არჩევნები. ნებისმიერი სხვა გზა არადემოკრატიული და არალეგიტიმურია"იან კელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში
"არ მაქვს ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. თქვენც თქვით, რომ ეს არ არის ჯერ დადასტურებული. მნიშვნელოვანია ყველას ინტერესი იქითკენ იყოს მიმართული, რომ ქართველ ხალხს მიეცეს არჩევანის გამოხატვის საშუალება. ამისთვის ერთადერთი გზა თავისუფალი, მშვიდი საარჩევნო გარემო და დებატებია. საარჩევნო გარემო კი ამ დრომდე არის კარგი. რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის არჩევნები. ნებისმიერი სხვა გზა არადემოკრატიული და არალეგიტიმურია".
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, "შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად", სხვადასხვა შემთხვევაში ისჯება 5-დან 20 წლამდე, ხოლო საბოტაჟი - 2-დან 20 წლამდე. ხოლო - "კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა და გავრცელება", ჯარიმით ან ორიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.