საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა

საქართველომ ახალ 2018 წელში ელექტროენერგიისა და წყლის გაძვირებული ტარიფებით შეაბიჯა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებით, თბილისში დენის გადასახადი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის - 1,56 თეთრით გაიზარდა. რეგიონებში კი ელექტროენერგია საშუალოდ - 1,28 თეთრით გაძვირდა.

ახალი ტარიფები, რომლებიც 1 იანვრიდან უკვე ძალაშია, ასე გამოიყურება: თბილისში 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია 12,98 თეთრიდან 14,54 თეთრამდე გაძვირდა; 101 კვტ/სთ-დან 301-ის ჩათვლით - 16,99 თეთრიდან 18,55 თეთრამდე მოიმატა, ხოლო 301 კვტ/სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, დენის ფასი 21,4 თეთრის ნაცვლად, უკვე 23.99 თეთრია.

რეგიონებში პირველი საფეხურის (101 კვტ/სთ-ის ჩათვლით) ახალი ტარიფი 14,23 თეთრით (იყო 12,95 თეთრი) განისაზღვრა, მეორე (101 კვტ/სთ - 301 კვტ/სთ) და მესამე საფეხურის (301 კვტ/სთ-ს ზევით) ტარიფმა კი შესაბამისად 18,21 (იყო 16,931) და 22,73 (იყო 21,45) თეთრამდე მოიმატა.

სემეკმა დენზე ფასის ზრდა, ელექტროენერგიის ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მხრიდან, მომავალი წლებში, ენერგოსექტორში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობით ახსნა. ახალი გაძვირებული ტარიფი დენზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვოლსკი აღიარებს, რომ დენის გაძვირება, განსაკუთრებით, მოსახლეობის საშუალო და დაბალშემოსავლიან ფენას დაარტყამს:

ფასების და გადასახადების ზრდა, ხალხისთვის რასაკვირველია რთულია. ჩვენთვისაც კი რთულია, ვისაც ჯერჯერობით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, სტაბილური ხელფასი გვაქვს. ბუნებრივია, მომატებულ ტარიფებთან გამკლავება წარმოუდგენლად ძნელი იქნება ბევრი ადამიანისთვის"
გიორგი ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

„საერთოდ ფასების და გადასახადების ზრდა, ხალხისთვის რასაკვირველია რთულია. ჩვენთვისაც კი რთულია, ვისაც ჯერჯერობით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, სტაბილური ხელფასი გვაქვს. ბუნებრივია, მომატებულ ტარიფებთან გამკლავება წარმოურდგენლად ძნელი იქნება ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ სახელმწიფო შეღავათების დაწესებით და სოციალური პროგრამებით, მათ გვერდში უნდა დაუდგეს.“

ელექტროენერგიის გაძვირების პარალელურად, 1 იანვრიდან, თბილისელებს, რუსთაველებსა და მცხეთელებს წყლის გადასახადიც გაუძვირდათ. სემეკმა დედაქალაქში იმ აბონენტებს, ვისაც მრიცხველი უყენიათ, 1 მ3 მოხმარებულ წყალზე გადასახადი 6.3 თეთრით - 3,29 ლარამდე გაუზარდა. მათთვის კი ვინც გადასახადს სულადობით იხდის, ტარიფმა 1 სულზე - 75 თეთრით მოიმატა და 3.888 ლარს მიაღწია. კომერციული სექტორისთვის ახალი ტარიფი - 4.40 ლარს შეადგენს.

მრიცხველის მქონე მცხეთელებს წყალი 12 თეთრით გაუძვირდათ, ხოლო მრიცხველის გარეშე აბონენტებს, ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული გადასახადი 1 ლარითა და 48 თეთრით გაეზარდათ (სულზე 3.888 ლარამდე).

8 თეთრით მოიმატა წყლის ტარიფმა მრიცხველის არმქონე რუსთაველებისთვისაც (1 სულზე 2.281 ლარი), არასაყოფაცხოვრებო სექტორი კი მეტალურგების ქალაქში 1მ3 წყალში უკვე - 3.644 ლარს გადაიხდის.

წყლის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, რომელიც იმავდროულად “რუსთავის წყალისა” და ,,მცხეთის წყალის” მფლობელია, სემეკ-ის ახალი ტარიფით 2020 წლის ბოლომდე ისარგებლებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ დენზე და წყალზე გადასახადის გაზრდა ინფლაციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს:

საქართველოს მოსახლეობის 70% არის ღარიბი. ამ 70%-ისთვის ინფლაცია რეალურად არის დაახლოებით, 2,5 ჯერ მეტი, ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახურის გასაშუალებული მაჩვენებელი იძლევა. ეს ხდება იმიტომ, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა"
რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

„საქართველოს მოსახლეობის 70% არის ღარიბი. ამ 70%-ისთვის ინფლაცია რეალურად არის დაახლოებით, 2,5 ჯერ მეტი, ვიდრე ამას სტატისტიკის სამახურის გასაშუალებული მაჩვენებელი იძლევა. ეს ხდება იმიტომ, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე, რომლებიც ინფლაციაზე უკვე ამ თვის ბოლოდან აისახება.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წელს, წლიური ინფლაციის დონემ 6,8 % შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ჯანდაცვის სერვისებზე (8,1%-ით), სურსათზე (7,3%-ით), ტრანსპორტზე (14,9%-ით), ალკოჰოლურ სამსმელებსა და თამბაქოზე (17,5%-ით).

ინფლაციაში თავისი წვლილი ბუნებრივ აირზე გადასახადის მომატებამაც შეიტანა, რომელიც სემეკმა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გაზარდა. გაზზე გადასახადი გაუძვირდათ როგორც, „ყაზტრანსგაზ თბილისის“, ისე „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგაზის“ აბონენტებს. გაზის ახალი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, შესაძლოა, გადასახადმა კიდევ მოიმატოს.

დენზე, წყალზე და გაზზე ტარიფების ზრდას, ეკონომისტების შეფასებით, ფასების ზრდის ჯაჭვური და ეკონომიკის ასიმეტრიული რეაქცია მოჰყვება. ამის მაგალითები უკვე სახეზეა: ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „მაგთიკომი“ 2017 წლის ნოემბერში, ინტერნეტ ტელევიზიის გაძვირების შემდეგ, 18 იანვრიდან, მობილურ ინტერნეტსაც მნიშვნელოვნად აძვირებს და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დენის გაძვირებას ასახელებს.

წყარო: სტატისტიკის სამსახური