დღეს, 8 სექტემბერს გამოქვეყნდა ნაფიც მსაჯულთა საგანგებო დიდი კოლეგიის საბოლოო ანგარიში, რომელიც იძიებდა დონალდ ტრამპის მცდელობებს, ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი შეეცვალა. ყოფილ პრეზიდენტს და მის 18 თანაშემწეს ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენეს.
ანგარიშის თანახმად, დიდმა კოლეგიამ რეკომენდაცია გასცა, კრიმინალური ბრალის სამი რესპუბლიკელი სენატორისთვის და ტრამპის სხვა მოკავშირეებისთვის წაყენების თაობაზე. კოლეგიამ ჯამში ბრალის წაყენების რეკომენდაცია 39 ადამიანის წინააღმდეგ გასცა. ჯერჯერობით ბრალი 19 ადამიანს, მათ შორის დონალდ ტრამპს წაუყენეს.
ანგარიშში ნაჩვენებია, რომ დიდი კოლეგიის მიერ რეკომენდებულთა სიაში იყვნენ ჯორჯიის სენატორები: კელი ლეფლერი და დევიდ პერდიუ, ასევე სამხრეთ კაროლინის სენატორი ლინდსი გრემი. მათთან ერთად, სიაში აღმოჩნდნენ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, მრჩეველი ბორის ეფშტეინი და ადვოკატები, ლინ ვუდი და კლეტა მიტჩელი.
ასევე ნახეთ: არჩევნების საქმეზე ტრამპის სასამართლო 4 მარტს დაიწყებანაფიც მსაჯულთა საგანგებო დიდი კოლეგია 2021 წელს, ფულტონის საგრაფოს საოლქო პროკურორის, ფანი უილისის თხოვნით შეიკრიბა, რათა მის გამოძიებას დახმარებოდა. შვიდი თვის განმავლობაში, მსაჯულებმა სავალდებულო წესით ჩვენების მიცემა 75 მოწმისგან მოითხოვეს, მათ შორის იყვნენ ტრამპის მოკავშირეები, როგორიცაა რუდი ჯულიანი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. ასევე ჯორჯიის შტატის უმაღლესი ოფიციალური პირები, მათ შორის - გუბერნატორი ბრაიან კემპი.
საბრალდებო დასკვნაში ჩამოთვლილი იყო შეთქმულების 30 თანამონაწილე, რომელთაც ბრალი არ წარედგინა, მაგრამ სავარაუდოდ სქემაში თავისი როლი ითამაშეს.
ცხრამეტივე ბრალდებულმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. კიდევ სამ კრიმინალურ საქმეს რაც შეეხება, ტრამპმა მისი მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევა უარყო და განაცხადა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
იურიდიული პრობლემების მიუხედავად, ტრამპი რესპუბლიკელების მხრიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რბოლის ლიდერია.