ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, 12 აპრილს შეხვდნენ.
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
ასევე ნახეთ: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობა" თუ "შემზღუდავი კანონი" - შეფასებები ვაშინგტონიდანოფიციალური შეხვედრის დასრულებისას, ერთობლივ ბრიფინგზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება „არამხოლოდ მთავრობის, არამედ მოქალაქეების სრული უმრავლესობის დიდი სურვილი გახლავთ“.
მან ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, - თქვა, რომ გერმანია იმთავითვე უჭერდა ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და 2023 წლის დეკემბერში ბრიუსელის გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო, ბერლინისთვისაც მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემებზეც ვლაპარაკობთ“, - განაცხადა შოლცმა და ამის შემდეგ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გატარების“ შესახებ.
„ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა და დასძინა, რომ შარშანდელი ვერსია, „პრაქტიკულად, არ შეცვლლა“.
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა განაცხადა „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“.
ასევე ნახეთ: "უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის" - განცხადებები სენატშიგერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლების კრიტიკული გამოხმაურებები „აგენტების კანონზე“. საქართველოს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 11 აპრილს თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს“, - განაცხადა მან. „აგენტების კანონს“ „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმაც.
ამასთან, მიხაელ როთი ერთ-ერთი ხელმომწერი იყო განცხადებისა, რომელიც ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივად გაავრცელეს. ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი „თავისი შინაარსით წარმოადგენს რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ კანონის ზუსტ ასლს“ და რომ „სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს“.
კობახიძის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და „ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი“.
„გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოისმინეს დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზების მიერ, გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული“, - თქვა კობახიძემ.
მან ოლაფს შოლცს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ამ პირობებში სრული უფლება აქვთ, "არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი“.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო უკვე ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეცვლილიყო არა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად“.
კობახიძის თანახმად, „ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული, გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“.
კითხვაზე, ხომ არ დაზიანდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როდესაც საქართველოს პრემიერი, კანცლერი შოლცი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კანონპროექტს სრულიად განსხვავებულად უყურებენ, კობახიძემ უპასუხა, რომ მზადაა დისკუსიისთვის ევროპელ, ამერიკელ და ადგილობრივ პარტნიორებთან.