ამერიკელებმა ცხრა ქართული ბატალიონის გადამზადება დაიწყეს

GDRP-ის ფარგლებში, 43-ე ბატალიონი გადამზადებას პირველი გადის

საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხრა ქვეითი ბატალიონის გადამზადება, აღჭურვა და დაკომპლექტება დაიწყო აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჰქვია.

GDRP, რომელიც გასულ შაბათს, ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნა, სამი წლის მანძილზე, 2021 წლამდე გასტანს. თითოეული ბატალიონის გადამზადებასა და აღჭურვაზე სამი თვეა გამოყოფილი. პირველებმა მზადება IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მებრძოლებმა დაიწყეს, შემოდგომაზე მათ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს.

კურტის სკაპაროტი და ვლადიმერ ჩაჩიბაია ვაზიანში

უპრეცედენტო პროგრამას აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა კურირებს. ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ ვაზიანში სტუმრობისას GDRP-ს ამერიკულ-ქართულ სამხედრო თანამშრომლობაში ახალი ერა უწოდა:

საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, საბრძოლო მზადყოფნა, ტაქტიკური ერთეულების განათლება და მართვა არის ფუნდამენტური ელემენტები, როგორც თქვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონისთვის, შავი ზღვისთვის, ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის"
კურტის სკაპაროტი, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი

„საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, საბრძოლო მზადყოფნა, ტაქტიკური ერთეულების განათლება და მართვა არის ფუნდამენტური ელემენტები, როგორც თქვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონისთვის, შავი ზღვისთვის, ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

ეს არის ახალი ერა ჩვენს პარტნიორობაში. აშშ-ის ევროპულ სარდლობას ეამაყება საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენ მტიცედ ვაპირებთ თქვენთან მუშაობას რათა ქართველი ერის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ვუზრუნველყოთ.“

ახალი ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამის დაწყება საქართველოში დროში დაემთხვა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომთან ახლოს, ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ვაზიანში

გეგმის მიხედვით, ვაზიანის CTC, გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე, ევროპაში აშშ-ის არმიის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) შემცირებული ანალოგი უნდა იყოს. ამერიკელების დახმარებით, უკვე დაწყებულია ცენტრის თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეს პროცესიც 2021 წელს უნდა დასრულდეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, 43-ე ბატალიონების გადამზადების პროცესს ამჟამად, აშშ-ის ევროპული არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 503-ე ქვეითი პოლკის, მეორე ბატალიონის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ. 2020 წლიდან კი ეს პროცესი მთლიანად საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი ინსტრუქტორების პასუხისმგებლობის ქვეშ გადავა.

ამერიკელი ინსტრუქტორები ვაზიანში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ ცხრა ბატალიონის გადამზადება ქვეყანას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს:

აუცილებლად დადგება დღე როცა საქართველო ნატოში იქნება, თუმცა დღესვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადების დონითა და სტანდარტებით უკვე ნატო-ს შემადგენლობაშია"
ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

„აუცილებლად დადგება დღე, როცა საქართველო ნატოში იქნება, თუმცა დღესვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადების დონითა და სტანდარტებით უკვე ნატოს შემადგენლობაშია. ჩვენ უკვე წლებია ნატოელი და ამერიკელი მეგობრების მხარდამხარ ღირსეულად ვიბრძვით, მომზადებითა და აღჭურვილობით ნატოს სტანდარტებთან აბსოლუტურად თავსებადები ვართ.“

აშშ-ის სამხედრო დახმარების ისტორია 2002 წლიდან იღებს სათავეს, როცა პენტაგონმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ (GTEP) 70 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა და 2004 წლამდე, ოთხი ქართული ბატალიონი გაწვრთნა და აღჭურვა.

"წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის" დაწყება, თბილისი, 2002 წელი

2005-2006 წლებში, 50 მილიონი დოლარით დაფინანსებული, მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამის (SSOP) ფარგლებში გაწვრთნილი ორი ქართული ბრიგადა, ამერიკელებთან ერთად ერაყში იბრძოდა.

2010 წლიდან დღემდე, ჯერ GDP-ISAF, შემდეგ კი GDP-RSM პროგრამების მეშვეობით, ავღანეთში გადასროლის წინა მომზადება ვაზიანსა და ჰოჰენფელსში 13 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

2011 წლიდან, საქართველოში ყოველწლიურად იმართება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები Agile Spirit, ხოლო 2014 წლიდან, მრავალეროვნული სწავლება Noble Partners-ი, სადაც მთავარ ძალას ამერიკელი სამხედროები წარმოადგენენ.

Agile Spirit 2017

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) აღჭურვაზე პენტაგონი 100 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. სულ 1995-2017 წლებში, აშშ-მ საქართველოს, სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო სფეროში, მილიარდ 110 მილიონი დოლარის ოდენობის უსასყიდლო დახმარება გაუწია.