ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში მკვეთრად იზრდება კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. მხოლოდ გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსი 1 852 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7. სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19 დაუდასტურდა 42 589 ადამიანს.
ქალაქების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში ასე გამოიყურება:
- თბილისი 650
- იმერეთი 441
- აჭარა 389
- სამეგრელო-ზემო სვანეთი 114
- ქვემო ქართლი 69
- შიდა ქართლი 51
- მცხეთა მთიანეთი 51
- გურია 28
- სამცხე-ჯავახეთი 27
- კახეთი 20
- რაჭა ლეჩხუმი/სვანეთი 13
*გამოჯანმრთელებულია 26 800; გარდაცვლილია 342 ადამიანი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერიოდულად კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებით ერთვებიან საავადმყოფოები, ჯანდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ შესაბამისი ტექნიკა, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა სამართავად არის საჭირო, საკმარისად არის ქვეყანაში. სამინისტროში ამბობენ, რომ მათ აქვთ საკმარისი ადამიანური რესურსიც, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19-ი უკვე დაუდასტურდა 2000-მდე სამედიცინო მუშაკს. ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 100 ექიმი ინფიცირდება. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პენსიაზე გასულ ექიმებს და სტუდენტებს ჩართავენ პანდემიასთან ბრძოლაში.
ასევე ნახეთ: ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიანმას შემდეგ, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა ქუჩის დემონსტრაციები დაიწყო და ოპოზიცია უწყვეტ აქციებს აანონსებს, რაც შესაძლოა პანდემიის პიკში მყოფი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდეს. პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში სრული ჩაკეტვა არ გამოცხადდებოდა. ცოტა ხნის წინ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გიორგი შაქარიშვილმა, რომელიც გლობალური ჯანდაცვის ექსპერტია და ჟენევაში ცხოვრობს. ექსპერტი პარალელს ბელარუსთან ავლებს და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩარევისკენ მოუწოდებს.
"რომ გავმიჯნოთ პოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვისგან, მივიღებთ შემდეგ სურათს:
1. ბელორუსში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო აგვისტოს შუა რიცხვებში, კოვიდის დღიური ინსიდენსი იყო 100-150-ის ფარგლებში. ერთ თვეში გაიზარდა 600-დე, დღეს 981-ია (600-700% ზრდა). საქართველოში დემონსტრაციები იწყება დღიური 1700-იანი ზღურბლიდან. მცირე ზრდაც სისტემური კრიზისის რისკს რეალურს გახდის.
2. ბელორუსიაში ინფიცირების ზრდა მოხდა ზაფხულის/ადრე შემოდგომის სეზონში. დღეიდან შევდივართ ზამთრის/გრიპის სეზონში. ამ ორი ვირუსის თანაარსებობა ჯერ არ ყოფილა, არ ვიცით რას ველოდოთ, არ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ, არც კლინიკურად, არც ეპიდმართვის კუთხით.
3. საქართველოში უკვე ინფიცირებულია 2000-მდე მოქმედი სამედიცინო მუშაკი. დიდი ალბათობით მათი რაოდენობა გაიზრდება. ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების დეფიციტი, შემთხვევათა მატების ფონზე, უფრო რეალურს ხდის სისტემურ კრიზისს.
4. მოსალოდნელია სამართალდამცავთა შორის ინფიცირების მატება, და არ არის გამორიცხული ამ სფეროს სისტემური გართულება.
ამიტომ, ყველას ინტერესშია ემოციების ჩანაცვლება გონივრული ქმედებით.
შესაძლო გამოსავალი:
1. აშშ და ევროკავშირის საელჩოები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
2. მასმედია იწყებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას რომ ეს მოწოდება გახდეს საზოგადოებრივი დაკვეთა.
3. მოლაპარაკებისთვის ხდება ნეიტრალური საერთაშორისო მედიატორის მოწვევა," - წერს გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
კოვიდ-19-ით საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრია ინფიცირებული.
რა ზომებს მიიღებს საქართველოს მთავრობა, რომლის რამდენიმე წევრს კოვიდ-19-ი თავად დაუდასტურდა ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, კოვიდ-19 ასევე დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს, თვითიზოლაციაში გადავიდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. ინფიცირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრიც.
ასევე ნახეთ: გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდაოკუპირებული რეგიონები
რთული ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. აფხაზეთში მზარდი მონაცემების გამო ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, შეზღუდვები შემოიღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალშიც სადაც ბოლო 24 საათში 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.