საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია პრაქტიკულად ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს დაფინანსება უმცირდებათ. მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 2 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზრდება და 25 მილიონ ლარს მიაღწევს.
2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის გაფორმებული კონტიტუციური შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას არ ითვალისწინებს.
კონკორდატის მე-11 მუხლში სახელმწიფო ადასტურებს რომ მე-19-მე-20 საუკუნეებში, როგორც ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპესანციაზე.
ერთობლივი კომისია ჯერ კიდევ 2003 წლიდან მუშაობს, მაგრამ ზარალის ოდენობა ამ დრომდე განსაზღვრული არ არის. ამის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარს იღებს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიაქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს რომ კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრული არ არის და აქედან გამომდინარე ეკლესიაში არც ის იციან თუ როდის უნდა დასრულდეს კომპენსაციის გადახდა.
მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეს ვადაში შეზღუდული არ ყოფილა. ალბათ, მანამ, სანამ ეკლესია არ დაიბრუნებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ჰქონდა მას რევოლუციამდელ ეპოქაში. ალბათ, არ ვიცი, ეს შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს.“
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი ეკლესიაა, რომელიც 330 წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე შეიქმნა.
დღესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, 83 პროცენტი თავს აღმსარებლობით მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, 10 პროცენტი - მუსლიმია, 4 პროცენტამდე გრიგორიანელი; ერთ პროცენტი კათოლიკე, ერთ პროცენტი სხვა რელიგიის მიმდევარი და დანარჩენი ათეისტი.
თეოლოგები ლევან აბაშიძე და ბექა მინდიაშვილი განმარტავენ თუ რა პრობლემებს იწვევს სახელმწიფოს ბიუჯეტში მხოლოდ ერთი, თუნდაც ყველაზე ძველი ეკლესიის გამორჩევა.
ლევან აბაშიძე: „სახელმწიფო უნდა იყოს ნეიტრალური. არცერთის მხარე არ უნდა დაიჭიროს, არცერთი ეკლესიის და კონფესიის. მე ვსვამ კითხვას. პროპორციულად ფინანსდება სხვა ეკლესიები?! მაგალითად, კათოლიკური ეკლესია? მუსლიმური თემი?!
თუ არ ფინანსდება, ჩვენ ხო ერთი სახელმწიფო ვართ?! ჩვენ ვკრებთ გადასახადებს ყველასაგან. იქნება ეს მართლმადიდებელი თუ არა და შემდეგ ამ საერთო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას?! რატომ?
ბექა მინდიაშვილი: „რაც უფრო ნაკლები იქნება სახელწმიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს, მათ შორის ეკლესიას შორის კავშირი, მით უფრო ძლიერი იქნება ეკლესია.
შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები იქნება ფინანსური კონტაქტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, მით უფრო ნაკლები საშუალება ექნება სახელმწიფოს, მოახდინოს ზეგავლენა ეკლესიაზე.“
დემოკრატიულ სამყაროში, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსების რაიმე ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. იდეალური სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობა ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნულია.
ევროპის კონტინენტზე, მაგალითად, სლოვაკეთში, რომელიც საქართველოს მსგავსად შედარებით ახალგაზრდა სახელწმიფოა, ქვეყნის ბიუჯეტი 18 ეკლესიას და 7 რელიგიურ გაერთიანებას ყოველწლიურად 37 მილიონი ევროთი აფინანსებს, აქედან ყველაზე დიდ დაფინანსებას 21 მილიონ ევროს კათოლიკეები იღებენ.
საეკლესიო გადასახადის ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია მოქმედებს გერმანიაში. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ამ სახის გადასახადმა 8-9 პროცენტს მიაღწია და გადამხდელი თავად უთითებს თუ რომელ ეკლესიას უგზავნის საკუთარ ფულს სახელმწიფოს ხელით.
2011 წელს, 25 მილიონმა გერმანელმა კათოლიკემ საეკლესიო გადასახადის სახით 5 მილიარდი ევრო გადაიხადა, 24 მილიონმა გერმანელმა პროტესტანტმა კი 4.5 მილიარდი ევრო.
ამასთან ბოლოს ორი წლის მანძილზე, 300 ათასამდე კათოლიკემ ეკონომიკური მოსაზრებებით უარი თქვა საეკლესიო გადასახადის გაღებაზე. საპასუხოთ, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, გერმანიის კათოლიკურმა ეკლესიამ გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც საეკლესიო გადასახადზე უარის მთქმელი ავტომატურად ეკლესიის მიღმა რჩება.
მას აღარ აქვს წმინდა ზიარებაში, აღსარებაში და ყველა სხვა სახის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის საშუალება, ქრისტიანული წესით დაქორწინების, ნათლობის და დაკრძალვის ჩათვლით. ლაიფციგის სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის დეკრეტი კანონიერად მიიჩნია.