"სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის - თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტი.
1997 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. მივმართე ინსტიტუტს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი” - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალდებას რომ მისი იურისტის დიპლომი შესაძლოა ყალბია.
შალვა თადუმაძემ ბრძანა, რომ ბრალდება "არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერია", "ამ დიპლომით 18 წელია მუშაობს", გადადგომას არ აპირებს და ახლო მომავალში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასაც გეგმავს.
თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, თადუმაძე ვერ ისწავლიდა 1993-1998 წლებში თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართამცოდნეობის ფაკულტეტზე, რადგან ეს ინსტიტუტი მხოლოდ 1994 წელს გაიხსნა.
თადუმაძის დიპლომში კი რომლის ნომერია AA 0033379 მითითებულია, რომ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაირიცხა. ამ დროს იგი ჯერ კიდევ თბილისის 31-ე სკოლის მოსწავლე უნდა ყოფილიყო. მთავარი პროკურორი ამ ფაქტს ასე ხსნის:
ბუნებრივია დიპლომში, მიმითითეს ის დრო, როდესაც უნივერსიტეტი არ არსებობდა, მაგრამ ეს დრო მიმითითეს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა და დიპლომის გაცემის უფლება ჰქონდა"შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორი
„1998 წელს დავამთავრე ჰუმანიტარური ინსტიტუტის 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5-წლიანი პროგრამის განმსაზრვრელი ვადა.
რომ ჩაეწერათ ოთხწლიანი ფაქტიური თარიღები, ანუ 1994-1998 წლები - ერთის მხრივ მე მექმნებოდა პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი. ბუნებრივია, მიმითითეს ის დრო, როდესაც უნივერსიტეტი არ არსებობდა, მაგრამ ეს დრო მიმითითეს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა და დიპლომის გაცემის უფლება ჰქონდა " - ამტკიცებს თადუმაძე.
მთავარი პროკურორის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით იგი 1994-98 წლებში, დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) სამთო ინჟინრის სპეციალობასაც ეუფლებოდა.
დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომელიც იმ დროს ჯერ 161-ე, შემდეგ კი 62-ე საშუალო სკოლების შენობებში ფუნციონირებდა, დღეს უკვე აღარ არსებობს. ოპოზიციამ პარლამენტში მისულ თადუმაძეს სამი თანაკურსელის და ლექტორის დასახელება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
ნამდვილად სწავლობდა, თუ არა თადუმაძე ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, ვერ გაიხსენა ამ ინსტუტუტის დამფუძნებელმა და ყოფილმა რექტორმა დენის ქასრაშვილმა, რომელიც მომავალი მთავარი პროკურის იურისტის დამადასტურებელ დიპლომზე ხელს აწერს.
სტუდენტი შალვა თადუმაძე ასევე ვერ გაიხსენა ყოფილმა ლექტორმა არჩილ თინიკაშვილმა, რომელიც 90-იან წლებში თბილისი ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს ედგა სათავეში:
წლების მანძილზე ჰუმანიტარულ ინსტიტუტში იურიდიულზე დასწრებულის ხელმძღვანელი მე ვიყავი. დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდა თუ არა თადუმაძე ვერ გეტყვით, მაგრამ დასწრებულზე ეს კაცი ჩემთან არ ყოფილა"არჩილ თინიკაშვილი, ყოფილი ლექტორი
„ინსტიტუტში მაშინ იყო სამართალმცოდნეობის ანუ იურიდიული ფაკულტეტი, როგორც დასწრებული, ისე დაუსწრებელი სწავლების. წლების მანძილზე დასწრებულის ხელმძღვანელი მე ვიყავი. დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდა თუ არა თადუმაძე ვერ გეტყვით, მაგრამ დასწრებულზე ეს კაცი ჩემთან არ ყოფილა, ნამდვილად მახსოვს“ - ამბობს 87 წლის არჩილ თინიკაშვილი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიდოში ეს უკვე მეორე მთავარი პროკურორია, რომელიც იურისტის დიპლომთან დაკავშირებულ სკანდალში ეხვევა.
პირველი მსგავს სკანდალში ოთარ ფარცხალაძე გაეხვა, რომელიც, მისივე დიპლომის მიხედვით, თბილისის ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, 1991 წელს - 15 წლის ასაკში ჩაირიცხა და 1995 წელს - 19 წლისამ დაამთავრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თბილისის ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს სამართამცოდნეობის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონია.
ფაცხალაძე საეჭვო დიპლომის გამო არ გადაუყენებიათ, 2014 წელს მან მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ერთი თვე და 15 დღე იმუშავა და პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც დადასტურდა, რომ 2001 წელს გერმანიაში „ყაჩაღური ქურდობისთვის“ იყო ნასამართლევი.