Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მთავარი პროკურორი 37 წლის ოთარ ფარცხალაძე, 2001 წელს, გერმანიის ბავარიის მხარის ქალაქ აუგსბურგში ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იყო გასამართლებული.
აუგსბურგის პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე (ქურდობა) და 252-ე (ქურდობა ყაჩაღობით) მუხლებით იქნა გასამართლებული და სასჯელის სახით, განესაზღვრა პატიმრობა 1 წლის და 3 თვის ვადით.
ოთარ ფარცხალაძემ სასჯელის ნაწილი აუგსბურგის ციხეში მოიხადა.
ეს სკანდალური ინფორმაცია, გუშინ გიგი უგულავამ გაავრცელა, კორუფციასა და საბიუჯეტო სახსრების დატაცებაში ეჭვმიტანილმა, თბილისის არჩეულმა მერმა, რომელსაც კვირას, სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი ამბობს, რომ პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება ნასამართლევი პირი. გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პირდაპირ მოსთხოვა მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერება
„მე მოვითხოვ ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან ჩამოშორება მოხდეს, ვიდრე საზოგადოება გერმანიიდან სრულად მიიღეს პასუხს ამ სისხლის სამართლის საქმესთან და დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენაშიც მსჯავრდებული იყო, საქართველოს მოქმედი მთავარი პროკურორი.“
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიგი უგულავას სკანდალურ ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებია. იგი შვებულებაშია. ნოემბრის დასაწყისში, როცა გადაწყდა, რომ ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილს შეცვლიდა, წულუკიანმა ღიად განაცხადა, რომ ფაცხალაძეს არ იცნობს, თუმცა ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არჩევანს ენდობა.
კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც. ფარცხალაძის დაწინაურება სწორედ მისი აქტიური ლობირების შედეგი იყო. პრესასთან არ გამოჩენილა თავად ოთარ ფარცხალაძეც. მთავარმა პროკურატურამ კი გვიან ღამით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ეს არის პოლიტიკური შანტაჟისა და დისკრედიტაციის კამპანია მთავარი პროკურორის წინააღმდეგ“.
დღეს, 17 საათსა 40 წუთზე გავრცელდა ოთარ ფარცხალაძის განცხადებაც:
"2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას." (სტილი დაცულია)
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრემიერს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს ყველა შემთხვევაში მოუწევთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება:
იცოდა თუ არა პრემიერმა ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ?
როგორ დაიწყო ნასამართლევმა ოთარ ფარცხალაძემ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში? და როგორ იკავებდა შემდგომ წლებში მაღალ თანამდებობებს?
რატომ წარადგინა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის „უცნობი“ ფარცხალაძე ესოდენ მაღალ თანამდებობაზე?
ფარცხალაძე 2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ მისი ნასამართლეობის შესახებ არაფერი იცოდა
„ თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა უკვე ხანდაზმულობის ვადა გასულია. მეორეც მიმაჩნია, რომ ბატონი ფარცხალაძე იყო წარმატებული ადამიანი. იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა საგამოძიებო სამსახურს, ახლა წარმატებული პროკურორია.
რაც არ უნდა მოიგონოს ბატონმა უგულავამ ან ნაციონალურმა მოძრაობამ, ბატონი ფარცხალაძე და მთელი სისტემა, რომელიც ვალდებულია გამოიძიოს ფინანსური დანაშაული, გარწმუნებთ ყველა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.“
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებს 23 ნოემბრიდან ასრულებს და უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. კვლავაც გაუგებარია, როგორ დაამთავრა 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ, 19 წლის ასაკში, 1995 წელს, საეჭვო რეპუტაციის, თბილისის „ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ეს უნივერსიტეტი დიდი ხანია აღარ არსებობს.
საინტერესოა, რომ მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფარცხალაძის დაბადების თარიღად, გარკვეული დროის მანძილზე, 1971 წელი იყო მითითებული, მოგვიანებით კი ის 1976 წლით შეიცვალა. ეს მექანიკური შეცდომა იყო თუ პერსონალური ინფორმაციის შეგნებული დამახინჯება ამ დრომდე გაუგებარია.
გასულ კვირას, პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 14 დეკემბერს, ღამის 2 საათზე, იგი მალულად გაიყვანეს ციხიდან და მიიყვანეს მისთვის უცნობ ადგილას, სადაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პირობების გაუარესებით ღიად დაემუქრა, თუ მისთვის საჭირო ინფორმაციას არ მიიღებდა.
მერაბიშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძეს თან ახლდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი უცნობი პიროვნება. მთავარმა პროკურატურამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ შორის მესამე სექტორის მხრიდან, გამოძიების დაწყებასა და ვიდეოფირების განსაჯაროებაზე უარი განაცხადა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს
„თუ ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის ფაქტი არის ნამდვილი, გამომდინარე იქედან რომ 8 წელზე მეტია გასული, საქართველოს კანონმდებლობით, ნასამართლეობა გაქარწყლებულია. შესაბამისად აღარ არის დაბრკოლება რაიმე, მათ შორის მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავებისა.
მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს ფაქტი არის მართალი, ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ყაჩაღურ ქურდობაში მსჯავრდებული ადამიანი საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებდეს.“
იმ შემთხვევაში თუ ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობას დაატოვებინებენ, ეს იქნება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კაბინეტის იმიჯზე უმძიმესი დარტყმა. მეორეს მხრივ, ოთარ ფარცხალაძე გახდება პირველი მთავარი პროკურორი, რომელმაც ასე მცირე ხნით გაძლო დაკავებულ თანამდებობაზე.
აქამდე არსებული „რეკორდი“ გენერალურ პროკურორ ვაჟა აბაკელიას ეკუთნის. 1991 წლის 2 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ვაჟა აბაკელიათი ვახტან რაზმაძე შეცვალა. 1992 წლის 6 იანვარს, გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო პუტჩით დამხობის შემდეგ, გენერალურ პროკურორ ვაჟა აბაკელიას უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა.