მე-17 დანაკარგი: საქართველო ავღანეთში მსხვერპლის გაღებას განაგრძობს

გივი ფანცულაია

ავღანეთში უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების (ISAF) ყველა მებრძოლი, მათ შორის ქართველი სამხედროებიც ამიერიდან ვალდებულები არიან იარაღი ყოველთვის საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდეთ.

ეს ბრძანება ISAF-ის მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ ალენმა მას შემდეგ გამოსცა, რაც ISAF-ვე გაწვრთნილმა ავღანეთის ეროვნული არმიის ოფიცრებმა, წინა ხუთშაბათს ყანდაღარში, სამხედრო ბაზაზე ორი ამერიკელი სპეცნაზელი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.

2012 წელს, საერთაშორისო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილმა ავღანელმა სამხედროებმა და პოლიციელებმა მოულოდნელი თავდახმების შედეგად, უკვე 39 უცხოელი სამხედრო მოკლეს, რაც ISAF-ს სარდლობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

ISAF-ს ფაქტობრივად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. ისლამური მოძრაობა თალიბანის ლიდერმა მულა ომარმა, გასულ კვირას ავღანელი ხალხისადმი გაკეთებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ თალიბანის მებრძოლები უპრობლემოდ ახერხებენ ISAF-ის რიგებში შეღწევას, რაშიც მათ ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან.

ახალი რეალობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშია განლაგებული.

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თავის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით სწორედ ჰოჰენფელსში ჩავიდა.

„ავღანეთში გამგზავრებამდე ჩვენი ბატალიონები გადიან ინტენსიურ გაძლიერებულ მომზადებას, ხუთი თვე საქართველოში და ერთი თვე გერმანიაში რასაც ორმაგი დატვირთვა აქვს.

პირველი - ჩვენი ბატალიონები, ჯარისკაცები, ოფიცრები იღებენ მნიშველოვან გამოცდილებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქართული ჯარის მშენებლობაში; და მეორე მხრივ, ეს არის დამატებითი გარანტიები ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების.“

ჰოჰენფელსის მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ამჟამად ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოს არმიის მესამე ქვეითი ბრიგადის, 32-ე ბატალიონისა და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მებრძოლებეს წვრთნიან.

ჰოჰენფელსის ბაზაზე იმიტირებულია ავღანული ქალაქი, სადაც ქართველ სამხედროებს ავღანელებთან კომუნიკაციის დამყარებას და ადგილზე ყოფნისას საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიან. გერმანიაში მაქსიმალურად არის იმიტირებული ის გარემო, სადაც ქართველებს როტაციის შემდეგ სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ. სულ 2009 წლიდან რაც. საქართველო ISAF-ის მისიაში ჩაერთო, აქ 2000-ზე მეტმა ქართველმა გაიარა მომზადება.

ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვასაც ასწავლიან.

ჰოჰენფელსში გამგზავრებამდე დიმიტრი შაშკინმა, ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის - 592 ქართველი სამხედრო სხვადასხვა ხარისხის მედლით დააჯილდოვა. ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით დაჯოლდოვებულმა კაპიტანმა ბორის ჩაქსელიანმა კერძოდ აღნიშნა:

„სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა, ISAF-ის პროგრამაში ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა. ჩვენ ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა ამ ოპერაციებში, ყველა ჩვენთაგანს რეალურად უწევდა საბრძოლო ამოცანების შესრულება. ჩვენ მოხარულები ვართ რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში.“

ISAF-ის მისიის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ამჟამად ავღანეთში 800 ქართველი სამხედრო იბრძვის. მათი უმეტესობა ყველაზე ცხელ ჰელმანდის პროვინციაშია განლაგებული.

საქართველომ ავღანეთში უკვე 17 ჯარისკაცი დაკარგა. მე-17 მსხვერპლი კაპრალი გივი ფანცულაია გახდა, რომელიც 26 ივლისს გარდაიცვალა. ფანცულაია ჰელმანდში ჯერ კიდევ იანვარში უმძიმესად დაიჭრა, მაშინ კაპრალი შალვა ფაილოძე ადგილზე დაიღუპა. ფანცულაია კი გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.

მარტიდან მისი სიცოცლხის გადასარჩენად უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ქართველი კაპრალის უგონო მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა ვერ მოხერხდა. 31-ე ბატალიონის მებრძოლი გივი ფანცულაია 28 წლის იყო. იგი სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში დაკრძალეს.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია