საქართველოში დღეს გლოვის დღეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არიან უცხოელი ტურისტებიც.
შემზარავი ტრაგედია აჭარაში პარასკევს, 24 ნოემბერს დატრიალდა. საღამოს 20:00 საათზე სასტუმროს საქვაბესა და სპა სალონში გაჩენილმა ცეცხლმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები და მაშველები „ლეოგრანდში“ გამოძახებიდან ოთხ წუთში მივიდნენ, ცეცხლის კერების დროული ლოკალიზება და ადამიანების ორგანიზებული ევაკუაცია ვერ მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გაუმართავი იყო, მათ შორის, შეუძლებელი იყო იქ არსებული საევაკუაციო კიბის გამოყენება; „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციში კი ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველებს აირწინაღები და ჟანგბადის ბალონები გამართული არ ჰქონდათ.
ხანძრის დროს სასტუმროში 120-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის „მისს საქართველო 2017-ის“ კონკურსანტი მოდელები, ორგანიზატორები და ჟიურის წევრები.
ხანძრისგან თავის დაღწევას ყველა ინდივიდუალურად შეეცადა. ერთ-ერთი მათგანი, ბათუმელი სულხან აბულაძე იყო. იგი „ლეოგრანდის“ ფიტნესის დარბაზში ბიძაშვილთან, შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურე, ISAF-ის მისიაში ნაბრძოლ ზაურ აბულაძესთან ერთად იმყოფებოდა. სულხანმა გარეთ სასწაულებრივ გამოაღწია, ზაური კი დაიღუპა:
სავარჯიშო დარბაზის გასახდელში ვიყავით ბიჭები, როცა სავენტილაციო სისტემიდან მოულოდნელად საშინელი, შავი კვამლი წამოვიდა. უცებ გაითიშა შუქი, დაიწყო პანიკა, ვერაფერს ვხედავდით და როგორ გამოვასწარი მაგ საშინელებას ზუსტად აღარ მახსოვს“სულხან აბულაძე, თვითმხილველი
„სავარჯიშო დარბაზის გასახდელში ვიყავით ბიჭები, როცა სავენტილაციო სისტემიდან მოულოდნელად საშინელი, შავი კვამლი წამოვიდა. უცებ გაითიშა შუქი, დაიწყო პანიკა, ვერაფერს ვხედავდით და როგორ გამოვასწარი მაგ საშინელებას ზუსტად აღარ მახსოვს.“
11 გარდაცვლილიდან, ორი - სასტუმროს სატრენაჟორო დარბაზში, ერთი - საცურაო აუზში, რვა - კი ლიფტთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი გაგუდვის შედეგად დაიღუპა. ხანძრის დროს ლიფტით სარგებლობა დაუშვებელია, თუმცა ამის შესახებ პანიკაში ჩავარდნილი „ლეოგრანდის“ სტუმრები, როგორც ჩანს, არავის გაუფრთხილებია.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასტუმროს მენეჯმენტმა ვერც იმაზე იზრუნა, რომ ხანძრის გაჩენისთანავე ლიფტების მოძრაობა დაებლოკა. მათ ინსტრუქტაჟის შესაბამისად, კვამლის გაჩენისთანავე სასტუმროში მხოლოდ ელექტროენერგია გათიშეს. მეორეს მხრივ, გადარჩენილთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი სასტუმროს პერსონალის თავგანწირულმა მოქმედებამ გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვარს გამოცემული № 41 დადგენილების მიხედვით, „სამი და მეტი სართულის მქონე შენობებში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს არანაკლებ ერთი ლიფტისა, რომელმაც ხანძრის და სხვა განსაკუთრებულ სიტუაციების დროს შშმ პირთა და მოხუცთა ევაკუაცია უნდა უზრუნველყოს".
"ლიფტის შახტის ზედა ზონაში დამოუკიდებელი არხის მეშვეობით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარე ჰაერის მიწოდება ჭარბი წნევის შესაქმნელად და ხანძრის შემთვევაში შახტაში კვამლდაგროვების თავიდან ასაცილებლად. ხანძრის დროს ლიფტების მუშაობისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ყოველი სისტემის განუწყვეტელი ელექტრომომარაგება არანაკლებ 2 საათის განმავლობაში“, თუმცა ეს დადგენილებაც, ისევე როგორც არაერთი სხვა, როგორც ჩანს, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. დავით ჩიჯავაძე, საერთაშორისო ინსტრუქტორი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს:
ხანძრის დროს, როცა დეტექტორი კვამლს აფიქსირებს, სავენტილაციო შახტები ავტომატურად უნდა იკეტებოდეს, რომ მისი მეშვეობით დაკვამლიანება არ გავრცელდეს. ხუთვასკვლავიანი სასტუმროს სტატუსი როცა გაქვს ეს სისტემა უნდა გქონდეს"დავით ჩიჯავაძე, საერთაშორისო ინსტრუქტორი უსაფრთხოების საკითხებში
„ძლიერი კვამლის დროს, შენობაში ავტონომიურ კვებაზე მიერთებული მიმართველები, ისრები უნდა ამუშავდეს. როგორც ჩანს ამ სასტუმროში ეს განათებული ისრები არ არსებობდა, ვინაიდან გადარჩენილთა უმრავლესობა ამბობს, რომ სიბნელეში ვერაფერს არჩევდა.
მეორე - ხანძრის დროს, როცა დეტექტორი კვამლს აფიქსირებს, სავენტილაციო შახტები ავტომატურად უნდა იკეტებოდეს, რომ მისი მეშვეობით დაკვამლიანება არ გავრცელდეს. როცა ხუთვასკვლავიანი სასტუმროს სტატუსი გაქვს ეს სისტემა უნდა გქონდეს. და, მესამე - საერთო წესია, როგორც კი განგაშის სისტემა ამუშავდება, ყველა ლიფტი უნდა ჩამოვიდეს პირველ სართულზე, გაჩერდეს და გაიღოს კარები. წინასწარ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა ფაქტები სახანძრო უსაფრთხოების სისტემის ხარვეზებზე მეტყველებს.“
ბოლო ორი წლის მანძილზე, აჭარაში უკვე მეორე ასეთი მასშტაბის ტრაგედია მოხდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა, რუსთავის ბავშვთა ფოკლორული ანსამბლის „სიხარულის“ წევრების, სამი არასრულწლოვანის - თორნიკე ხვიჩიას, დავით ზაქრაძისა და რევაზ დემეტრაშვილის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველოს მთავრობამ მაშინ პირობა დადო რომ ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების წესებს გაამკაცრებდა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე რეგულაციების სავალდებულო აღსრულების თვალსაზრისით. თუმცა, როგორც ახლა აღმოჩნდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიიდან ერთ თვეში, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა, შესაბამისმა სამსახურებმა ექსპლუატაციაში ისე მიიღეს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართული არ ჰქონდა.
ბათუმში 22 სართულიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 40 მილიონიანი თურქული ინვესტიციით კომპანია „მერსინ ტურიზმმა“ ააშენა, რომლის მეპატრონეც თურქი ბიზნესმენი ეროლ ავგერენია. მან ყველა ბრალდება, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა კატეგორიულად უარყო.
„ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით იძიებს, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილთა სია:
ბექა შატაკიშვილი
სიამაქ ზარეი
გიორგი მორთულაძე
გიორგი ცინცაძე
ზაურ აბულაძე
დავით ლორთქიფანიძე
მარად შანთაძე
დავით ქამადაძე
ნუკრი ჩანჩიბაძე
როინ ჯოყილაძე
მიხეილ ქავჟარაძე