ხუთშაბათს, დაბა ჯვარში, ხუთი ახალგაზრდის ცხედარს მიაბარებენ მიწას. ხუთივე მათგანის სიცოცხლე, გასულ შაბათს, 28 იანვარს, ერთ ავტომობილში, წალენჯიხა-ლიას გზაზე მომხადარი შემზარავი ავტოავარიის შემდეგ შეწყდა. ერთმანეთს, „ოპელი“ და „ფორდი“ შეასკდნენ. ავტოავარიის დროს სასწაულად გადარჩენელი, ექვსი ადამიანის სიცოცხლისთვის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
სიკვდილი გზებზე, უკვე დიდი ხანია საქართველოს ყოველდღიურობა, ერთგვარი საფირმო დამღა გახდა. დღე იშვიათად გავა, რომ ქვეყნის რომელიმე კუთხიდან საშინელი ავტოავარიის შესახებ ცნობა არ გავრცელდეს. შარშან, ივლისში მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო სოფელ გლდანთან მომხდარმა შემთხვევამ, როცა ხუთი ახალგაზრდა ხევში გადაიჩეხა.
ამ ტრაგედიას ერთ თვეში, სოფელ ყვავილნართან საგზაო შემთხვევა მოჰყა, რომელშიც ბალხამიშვილების შვიდსულიანი ოჯახი მთლიანად ამოწყდა, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონი და ორი წლის გოგონა იყო. აგვისტოშივე, ქუთაისი-სამტრედიის ახალ ავტობანზე, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
დეკემბერში, თბილისში, ავტოავარიამ ხელიდან გამოგვაცალაერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ფუნქციონერი, უეფას თანამშრომელი დავით პეტრიაშვილი, იგი პატრულის მანქანამ გაიტანა. 2016 წლის შობამდე ერთი დღით ადრე, სოფელ ნორიოში, ავტომანქანების შეჯახებას, შვიდი სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ცოფურაშვილების ოჯახის ოთხი წევრი იყო.
რაც მთავარია, ეს შემზარავი ჯაჭვი არ წყდება. ყოველ ასეთ ტრაგედიას, კიდევ უფრო მძიმე და საშინელი ტრაგედია ცვლის. ამას სტატისტიკაც მოწმობს. 2015 წელს, სულ საქართველოს გზებზე, 6432 ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც 602 ადამიანი შეიწირა, აქედან - 28 ბავშვი იყო. (შედარებისთვის, 2014 წელს, 511 ადამიანი ანუ 91-ით ნაკლები დაიღუპა - ზ.წ) ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვნელი გელა კვაშილავა ამბობს:
„ბოლო სამი წლის განმავლობაში 30 000-მა ადამიანმა მიიღო ტრავმა, საუბარია ძალიან სერიოზულ ტრავმებზე. სიკვდილიანობა მაღალია, 17-დან 40 წლამდე ადამიანების სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ავტო-საგზაო შემთხვევებია.
ხშირად ოჯახები ამის გამო კარგავენ მარჩენალს, ფაქტობრივად, ეროვნული ტრაგედიის მიზეზია, თან სახელმწიფო კარგავს ასეულობით მილიონ დოლარს.“
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად, 7044 ადამიანი დაიღუპა, 80 ათასზე მეტი კი დაშავდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2013 წლის მდგომარეობას აღწერს, საქართველო ყოველ 100 000 მოქალაქეზე, 12 ადამიანს ავტოავარიის შედეგად კარგავდა. ეს ციფრი ბოლო ორი წლის მანძილზე, კიდევ უფრო გაზრდილია. და, რაც მთავარია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის კონტინენტზე.
საქართველო ტრასპორტის უსაფრთხოების კუთხით გაჭედილია პრობლემების მთელ კასკადში: სრულიად მოძველებულია ავტოპარკი, რომლის 90 პროცენტს, ათი და მეტი წლის წინ გამოშვებული ავტომობილები შეადგენენ.
მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ ეწევა ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ტემპს. თუ 2010 წელს, საქართველოში მხოლოდ 700 000 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული, 2015 წელს - ავტოპარკმა მილიონ ავტომობილს გადააჭარბა.
ქვეყანაში არის მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების სერიოზული დეფიციტი, უმწვავესია პარკინგის პრობლემა, ამის გამო „გამქრალია“ ათეულობით კილომეტრი ტროტუარის მონაკვეთი, თითქმის არ არსებობს ველოტრასები.
რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია მძღოლთა მომზადების საერთო დონეც: მაღალი სიჩქარე, ნასვამობა, ტექნიკური გაუმართაობა, მოძრაობის წესებისა და საგზაო ნიშნების არცოდნა- ავტო-საგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზებია.
ტრასპორტის სპეციალისტების აზრით, 1992-2004 წლებში მართვის მოწმობები კანონის უხეში დარღვევით გაიცემოდა, ბევრ შემთხვევაში კი უბრალოდ იყიდებოდა. (ასეთი ფაქტები, შედარებით, მცირე რაოდენობით, შემდეგ წლებშიც ხდებოდა -ზ.წ) და ეს ყველაფერი საქართველოს გზებზე ნათლად ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი საზოგადოებრივი კამპანია ჩატარდა („შეიკარი ღვედი შენი სიცოცხლისთვის“, „მეგობრული გზები“, „აირჩიე უსაფრთხო გზა“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულები) და ახლაც მიმდინარეობს (შსს მინისტრის პროგრამა - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“), საგზაო უსაფრთხოების მხრივ ცნობიერების ამაღლების კუთხით, საზოგადოების მენტალიტეტი ძნელად იცვლება. ფსიქოლოგი ირმა ბერძენიშვილი ამბობს:
„ჩვენ ახლა მივიღეთ საზოგადოება ანუ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, როცა გარკვეული დაუწერელი წესები მუშაობს. ანუ წესის დარღვევა არის წესი! როცა ჩვენ რაღაცას ვარღვევთ, ჩვენი სოციუმისთვის ეს არის ნორმა. მაგალითად, წითელ შუქზე გადასვლა ნორმაა, ხომ არ შევხედავთ ისეთ ადამიანს ცუდად, რომელიც არღვევს ამ წესს?
როდესაც საზოგადოებაში გვაქვს ასეთი მდგომარეობა, როცა დადგენილი წესის დარღვევა ფაქტობრივად, არის წახალისებული, აქ უკვე აუცილებულია, რომ კანონი იყოს გამკაცრებული, დაზუსტებული და ძალიან კონკრეტული.“
საქართველოს მთავრობა ბოლო დროს, ორი მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პირველი მათგანი - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღმრიცხველი ქულების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. წელიწადში 100 ქულის ამოწურვას - მართვის უფლების გაუქმება და ხელახალი თეორიული გამოცდის ჩაბარება უნდა მოჰყოლოდა.
მეორე ინიციატივა - ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იყო. თუმცა ორივე ეს ინიციატივა, საზოგადოების და პოლიტიკური ოპონენტების არაერთგავროვანი რეაქციის შემდეგ, პარლამენტის ლაბირინთებში გაიჭედა. საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ სულ რაღაც ცხრა თვეა დარჩენილი.