როგორ აღიქვამენ ოლიმპიადის ბოიკოტს ნიუ იორკში

"მიზანია, რუსეთი მოექცეს საეთაშორისო იზოლაციაში და არა თქვენ. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და ემოციის გარეშე მოქმედება" ალექსანდრ ქული

Your browser doesn’t support HTML5

ტრანსნაციონალური ბოიკოტი


სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად რუსეთის მიმართ მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საპროტესტო განწყობა იზრდება. სპორტული საზოგადოების სექსუალური უმცირესობების ზოგიერთი წარმომადგენელი, ამერიკელი დრამატურგი ჰარვი ფირშტეინი, მომღერალი და მსახიობი შერი, ადამიანის უფლებათა დაცვის და ლგბტ ორგანიზაციის აქტივისტები რუსეთში ზაფხულში მიღებულ სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდველ კანონს აპროტესტებენ და სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ. საქართველოში საპროტესტო განწყობის მიზეზი კი რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ქმედებებია. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან სასაზღვრო პერიმეტრის უკანონო გადმოწევის გამო ბოიკოტის ფორმაზე საქართველოშიც აქტიურად საუბრობენ. რა შეფასებებია შეერთებულ შტატებში. ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ექსპერტს საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელს და პოლიტოლოგს ალექსანდრ ქულის ესაუბრა.


ოლიმპიადა სტარტს სოჭში 8 თებერვალს აიღებს, თუმცა რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს, ამის პროგნოზირება ჯერ ნაადრევია. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტის გამოცხადება საქართველოში არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და აქტივისტების დონეზე განიხილება. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე მკვეთრად უარყოფითია, ჯერჯერობით მერყევია პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება. საქართველოს რეგიონებში ბოიკოტის მომხრე ათასობით ადამიანის ხელმოწერა უკვე შეგროვდა. სოჭის ოლიმპიადის მიმართ მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საპროტესტო განწყობა საქართველოს პრობლემების გარეშეც უკვე შექმნილია. მიზეზი ისევ პუტინის რუსეთი და რუსეთის დუმის მიერ ზაფხულში მიღებული ჰომოფობიური შინაარსის კანონმდებლობა გახდა, რომლის მიხედვით სანქტ პეტერბურგში ჰომოსექსუალთა პროპაგანდა აიკრძალა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშების ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ რუსეთის უარყოფითი სახე უკვე წარმოაჩინა. თუმცა თუკი საქართველო ბოიკოტის საკითხში ერთადერთი ქვეყანა იქნება, მაშინ მას აზრი არ ექნება.


ლინკოლნ მიტჩელი: ზაფხულის ოლიმპიადა უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიებაა. ზამთრის ოლიმპიადა კი თავის გეოგრაფიული და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით - თბილი ქვეყნების მონაწილეობის თვალსაზრისით უფრო შეზღუდულია. ამ ოლიმპიადაში საქართველოს რამდენიმე მოკავშირე ქვეყანაც მონაწილეობს. მათ შორის არის შეერთებული შტატებიც. თუმცა ამერიკა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხის გამო ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს. და არ წარმომიდგენია რომ სხვა ქვეყნებმა , მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა ან გერმანიამ ეს გააკეთოს. იქნება თუ არა ეს ამერიკისთვის პრობლემა, თუკი საქართველო ბოიკოტს გამოაცხადებს? რა თქმა უნდა არა. ერთადერთი საკითხი რის გამოც, შეიძლება შეერთებულმა შტატებმა ბოიკოტი გამოაცხადოს, ეს იქნება ჰომოფობიის საკითხი, თუკი ამ თემაზე პუტინის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა. თუმცა არა მგონია რომ ეს მოხდეს. ზამთრის ოლიმპიადა პატარა ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქ სადაც ზამთრის სპორტული სახეობებია განვითარებული ამ შეჯიბრს სერიოზულად უყურებენ. მათ შორის არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, რომელთაც საქართველოს მსგავსად რუსეთის მხრიდან ბევრჯერ შექმნიათ პრობლემები. ეს თემა შეიძლება გახდეს გარკვეული კოალიციის საფუძველი რომ გათვალისწინებული იქნას რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თუმცა საბოლოო ჯამში ასეთ ერთიანობას მაინც არ მოველი.


ტრანსნაციონალურ ბოიკოტზე საუბრობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეორე პროფესორი ალექსანდ ქული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე არაერთი ანალიზის ავტორია. მისი შეფასებით საზოგადოებაში შექმნილ საპროტესტო განწყობას ხელისუფლებაზე ბუნებრივია ზეწოლის მოხდენა შეუძლია. თუმცა საკითხი დგას ასეც- რამდენად მისაღებია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის ფორმა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად. ის ფიქრობს რომ ამ თემაზე საქართველოს მხარდამჭერების პოვნა მსოფლიო საზოგადოებაში შეიძლება გაუჭირდეს ვინაიდან ეს პოლიტიკური საკითხია. თუმცა უკვე აშკარაა რომ რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს ლგბტ, ადამიანის უფლებათა დამცველი და მშრომელთა უფლებათა დაცვის საზოგადოებების მხრიდან. ალექსანდრ ქული ამბობს რომ ბოიკოტის გადაწყვეტილება საქართველომ ემოციურ დონეზე არ უნდა მიიღოს.


ალექსანდ ქული: სახიფათო არ არის როდესაც საპასუხო ნაბიჯს დგამ, თუმცა თუკი მხარდაჭერა არ გაქვს საზოგადოების მხრიდან და უფრო მაღალ დონეზე, ამას შეიძლება შემხვედრი ცეცხლი მოყვეს. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება ამ გადაწყვეტილებას. მიზანია რომ რუსეთი მოექცეს საეთაშორისო იზოლაციაში და არა თქვენ. ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტის დროს სიფრთხილეა საჭირო და ემოციის გარეშე მოქმედება.


საქართველოს ხელისუფლებაში სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ჯერ მყარი პოზიცია არ არის. ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ ბოიკოტის და ოლიმპიადაში მონაწილეობის შემთხვევაშიც მოსახლეობას სწორედ ხელისუფლებამ უნდა განუმარტოს თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამ საკითხზე კვლავ ლინკოლნ მიტჩელი საუბრობს.


ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება რომ ჰქონდეს არა მხოლოდ პოლიტიკური მიდგომა ოლიმპიადასთან მიმართებაში, არამედ სტრატეგიაც. თუ ბოიკოტს გამოაცხადებენ უნდა განუმარტონ მოსახლეობას თუ რას მიიღებენ ამით. თუ აპირებენ სხვა ქვეყნებთან ერთად კოალიციის შექმნას და ერთობლივი ბოიკოტის გამოცხადებას, ამ პოლიტიკური მოტივაციის ახსნაც უნდა შეძლონ. თუკი პირიქით მონაწილეობა გადაწყვიტეს, უნდა დაარწმუნონ იმაშიც, თუ რისთვის აკეთებენ ამას. საზოგადოებრივი აზრი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და მას ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, თუმცა ხელისუფლებასაც შეუძლია საზოგადოებრივი აზრის შექმნა.



ოლიმპიადა, რომელიც სულ რაღაც ოთხ თვეში გაიმართება, უფროდაუფრო პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ვიდრე სპორტულ აზარტს.