ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავკასია ამერიკელი ანალიტიკოსების თვალით


კავკასია ამერიკელი ანალიტიკოსების თვალით
კავკასია ამერიკელი ანალიტიკოსების თვალით

ზბიგნევ ბზეჟინსკი: „ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობა რუსეთისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს“

შეერთებული შტატების აკადემიურ წრეებში კავკასიის თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ ფონზე, რასაც ხშირად კავკასიაში შეერტებული შტატების პოზიციების შესუსტებადაც აფასებენ. ასევე საყურადღებოა ერთი მომენტი, ვაშინგტონს უკვე თითქმის ორი წელია აზერბაიჯანში ელჩი არ მიუვლენია. თუმცა, ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი თეთრი სახლისთვის კვლავ მიმზიდველია. ამას გარდა მრავალი კითხვა ისმის როგორც საქართველოსთან ასევე სომხეთთან არსებული ურთიერთობების მართებულობის შესახებ. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა ჯეიმსთაუნის ფონდის და კავკასია-ცენტრალური აზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობები: სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება“. კონფერენციას მიმზიდველობას ისეთი მომხსენებლები მატებდნენ, როგორებიც არიან დოქტორი ზბიგნევ ბზეჟინსკი და ელჩი რიჩარდ მორნინგსტარი. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია.

მან თავის გამოსვლაში ნაბუკოს გაზსადენის პროექტის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„რასაკვირველია აზერბაიჯანი აუცილებელი ენერგოპარტნიორია და დიდი ხნის მანძილზე იქნება ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. კითხვა რომელიც მუდმივად ისმის, შემდეგში მდგომარეობს. არის თუ არა საკმარისი შაჰდენიზის საბადოდან მიღებული გაზი, რომელსაც შემდეგ თურქეთი მოიხმარს, საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებული იყოს ნაბუკოს პროექტი. ეს უბრალოდ შეკითხვაა და მე არ ვიტყვი რომ ეს პროექტი შეუძლებელია. თუმცა, სწორედ ეს შეკითხვა წარმოქმნის ერაყის, როგორც მეორე მიმწოდებელი ქვეყნის ჩართვას ამ პროექტში. მე ასევე არ გამოვრიცხავ ამ პროექტში ისრაელის და ლიბანის მონაწილეობასაც.“

მორნინგსტარის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცნობილი ანალიტიკოსი დოქტორი ზბიგნევ ბზეჟინსკი. მან თავდაპირველად აზერბაიჯანის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი თავის გარდაქმნის უნარი. ყველა ვინც სტუმრად ჩადის აზერბაიჯანში, ცხადად ხედავს ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მათზე შთაბეჭდილებას ახდენს. რასაკვირველია არსებობს ნაკლოვანებები დემოკრატიის საკითხში და ეს ღიად რჩება, თუმცა ამას ისტორიული პერსპექტივიდანაც უნდა შევხედოთ.“

ბატონი ბზეჟინსკის თქმით, დემოკრატია თავად შეერთებულ შტატებშიც ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იყო. ამდენად აზერბაიჯანის ისტორიული ფაქტორიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

„მე ვფიქრობ აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პატივისცემას იმსახურებს და დემოკრატიისკენ მისი სვლა სწოერდ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული და არა აბსოლუტურად აბსტრაქტულ კონტექსტში“ - დასძინა ბზეჟინსკიმ. მან შეერთებული შტატების და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ვალდებულებები აზერბაიჯანის მიმართ, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები საქართველოს მიმართ. ჩვენ საქართველოს დიდ დახმარებას ვუწევთ.სულ ახლახანს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია, რაც წინასწარ იყო განზრახული. ჩვენ ამ ორ ქვეყანას მხარს ვუჭერთ, მათ გადაწყვიტეს რომ განვითარდნენ, როგორც ევროპული თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილები და ეს ძალიან ნათელია.“

ბზეჟინსკის განცხადებით საკმაოდ პრობლემურია ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი, რაც ასევე დიდი პრობლემაა რუსეთისთვისაც და ეხლა უკვე ბევრი აცნობიერებს რუსეთში რომ კადიროვის მხარდაჭერა და მმართველობის ასეთი სტილი რუსეთისთვის პროდუქტიული არ არის. ბზეჟინსკიმ მიუთითა, რომ ახლოვდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა და ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობა რუსეთისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს.

XS
SM
MD
LG