გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას "ოპოზიციის 10 პრინციპი" გააცნო

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს გააცნო მთავარი პრინციპები, რაზეც, მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ. როგორც ვაშაძემ თქვა, მათ აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შევლენ „ტელეგრამ“-არხზე და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. ოპოზიციის ათი პრინციპი ასეთია:

1. „ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას;

2. არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას;

3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში, შემდეგ მთელ საქართველოში;

4. ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული;

5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად, საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს მოჰპარა არჩევანი. ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. გთხოვთ, გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ;

შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი გრეტა თუნბერგი პარლამენტთან აქციაზე იმყოფება

6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ჩვენი ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე;

7. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ;

8. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მან არჩევნები უნდა გამოაცხადოს გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული;

9. გავავრცელეთ სტიკერები და აქ მოცემული არის კონკრეტული, ასე ვთქვათ, ბარკოდი, შეგიძლიათ შეხვიდეთ „ტელეგრამ“-არხზე, სადაც ჩვენგან სისტემურად, ყოველდღიურად მიიღებთ მუდმივად ინფორმაციას. შეგატყობინებთ, რა მოქმედებები იქნება, როგორ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ ვიყოთ ორგანიზებული, მიზანზე და გამარჯვებაზე ორიენტირებული;

10. რაც მთავარია, ვითხოვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, ერთხელ და სამუდამოდ“.

26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.