2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „შემაშფოთებლად“ აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპელ მეგობრებს სჭირდებათ იხილონ „კონკრეტული ქმედებები“ საქართველოს მთავრობისგან.
„არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება ვნახოთ კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობისგან", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ექსში“, მანამდე კი აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამ დრომდე, ბევრი კითხვა არსებობს. მაშინ, როცა ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ოთხი პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს. არჩევნების შედეგებს არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოაჩენს. 2024 წლის საპრლაამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილიც.
ბრიუსელი და ვაშინგტონი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები და ეს მოხდეს გამჭვირვალედ, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„ქართული ოცნება“ ბრალდებებს უარყოფს, ცესკო კი ამბობს, რომ არც გაყალბებას და არც მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია. ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამაც. თუმცა, საგამოძიებო ორგანოსადმი უნდობლობის გამო, არც პრეზიდენტი, არც არასამთავრობო სექტორი და არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პროკურატურასთან არ თანამშრომლობენ.
Facebook Forum