ქალების ბრძოლა პოლიტიკაში თანასწორობისთვის

განახლებულია 2018 წლის 23 მარტს:

დღეს 75 პარლამენტარისგან შემდგარი ქვორუმის პირობებში გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი 66–მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 მის წინააღმდეგ წავიდა, შედეგად მისი მიღება ჩავარდა.
გუშინდელი საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, გარკვეულწილად,პოზიტიური განწყობა შეიქმნა იმის შესახებ, რომ კანონპროექტი, რომლის ინიცირებასაც 37 ათასი მოქალაქის ხელმოწერით შედგა, კანონად იქცეოდა. მოლოდინი არ გამართლდა. პოლიტიკის მკეთებელთა უმეტესობა საქართველოში დღეს მიიჩნევს, რომ 35 ქალი ძალიან ბევრი იქნებოდა 2024 წლის მოწვევის პარლამენტში.

საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, მათ 60 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს. ამის მიუხედავად, მათი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა ახერხებს პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე მოხვედრას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში, რომელიც 150 წევრისგან შედგება, მხოლოდ 23 ქალი დეპუტატია, რაც დაახლოებით, 15 პროცენტს შეადგენს.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი

თბილისის საკრებულოში ქალთა პროცენტული რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა, დაახლოებით 13 პროცენტი. რეგიონებში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი ასევე იკლებს. შრომისუნარიანი და შესაბამისი განათლების მქონე მოქალაქეთა საპასუხისმგებლო პოზიციებზე გადანაწილების არსებულ მოცემულობას უსამართლოდ მიიჩნევს არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ საზოგადოების მნიშნველოვანი ნაწილიც.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ქალთა ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რადგან წარმატებულად ქცეული ქვეყნების განვითარების მოდელი სწორედ ამგვარ, თანასწორობის პრინციპს ემყარება.

საქართველოს პარლამენტი გენდერული კვოტირების საკითხს განიხილავს, რომლის თაობაზეც საკუთარი მოსაზრება დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა.

„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს", - ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინდელ საპარლამენტო მოსმენას ისტორიული უწოდა იმის გამო, რომ განიხილებოდა ქალთა კოალიციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით შეტანილი პროექტი კვოტირების აუცილებლობის შესახებ.

„ქალები გასაგები მიზეზების გამო არ მოდიან პოლიტიკაში, რადგან კაცებმა საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე ჩამოაყალიბეს პოლიტიკური წესრიგი, რომელიც არის კაცების, რომელიც არის ძალიან უხეში და ქალებს აქ შემოსვლა არ უნდათ“,– ამბობს ცქიტიშვილი.

მან 1919 წლის ამბავიც გაიხსენა, თავისუფალი საქართველოს ისტორიიდან: „ეს ამბავი ახლაც კაცების გადასაწყვეტია ისევე, როგორც 1919 წელს, როდესაც კაცების აბსოლუტურმა შემადგენლობამ მიიღო ევროპისთვის და მსოფლიოსთვის რევოლუციური გადაწყვეტილება, როდესაც 5 ქალი შემოიყვანა პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ეს პროცესი შეწყდა 70 წლიანი კომუნისტური მმართველობის დამყარებით.“

ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით მეთორმეტე საუკუნის საქართველო გაცილებით პროგრესულად გამოიყურება, ვიდრე დღევანდელი. იმ შემთხვევაში, თუ ინიცირებული პროექტი კანონად იქცა, ისეთ სურათს მივიღებთ, რომლის მიხედვით მხოლოდ 2024 წლის მოწვევის პარლამენტში შეიძლება ვიხილოთ გარანტირებულად 30 პროცენტი ქალი პარლამენტში. 50–მდე ქალი დეპუტატი ექვსი წლის შემდეგ – ეს წლების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული შესაძლებლობაა ქალთა ორგანიზაციების მიერ.

პოლიტიკური წესრიგი, არის კაცების შექმნილი, ის არის ძალიან უხეში და ქალებს აქ შემოსვლა არ უნდათ
პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას საიას აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ამბობს: „სავალდებულო იქნება ქალთა ჩართულობის გათვალისწინება პოლიტიკური პარტიებისთვის, როდესაც პარტიულ სიებს წარადგენენ არჩევნებისთვის. 2024 წლიდან, იმედი გვაქვს, თუ ბოლომდე გავიტანთ ამ ცვლილებას, ყოველ სამეულში ერთი იქნება განსხვავებული სქესის, შესაბამისად, მივიღებთ 30 პროცენტიან ჩართულობას. მანამ, სანამ პროპორციული სისტემა ამოქმედდება, ქალები პარლამენტში (გარანტირებულად) პროპორტიული სიის 77 წევრიდან ნახევარი, დაახლოებით 25 პროცენტით იქნება წარმოდგენილი.“

"ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კვოტირების სისტემის შემოღების საკითხს პარლამენტში ოპონენტები ჰყავს, მათ შორის მმართველ გუნდში.

გედევან ფოფხაძე კვოტირების შემოღებას საზოგადოების განვითარებაში ხელოვნურ ჩარევად მიიჩნევს და ამის გამო არ მოსწონს. იგივე აზრს იზიარებს პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი. „არაერთი მცდელობა იყო აქამდე გენდერული კვოტირების შემოღების პარლამენტში, როგორც დროებითი სპეციალური ზომა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული თანასწორობისთვის. ვფიქრობ, გუშინდელი პროცესი, სხვებთან შედარებით, იყო გაცილებით ინტერაქტიული, გაცილებით დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა. დისკუსია დიდხანს გაგრძელდა, დაისვა ბევრი კითხვა და იყვნენ მოწინააღმდეგეები“.

კვოტირების შესახებ ინიციატივის მიხედვით, პარტიებს მოეთხოვებათ საარჩევნო სიების პროპორციულ ნაწილში ქალების 50 პროცენტი გაითვალისწინონ. ანუ, 77 დეპუტატს შორის ნახევარი ქალი უნდა იყოს. ანალოგიური რეგულაციის განხილვა მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია. პარლამენტი კანონპროექტის პირველ მოსმენას ხვალ დაასრულებს.