ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე


კომისიის სხდომა ნიუ-იორკში
კომისიის სხდომა ნიუ-იორკში

გაეროს შტაბ-ბინაში, ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში, კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა საქართველოში ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. რა შეიცვალა გასული წლის ანალოგიური კონფერენციის შემდეგ. ახალი გამოწვევები და სტამბოლის კონვენციის დაგვიანებული რატიფიცერება რეპორტაჟში ნიუ-იორკიდან:

ევროპის საბჭოს კონვენციას, ქალებზე ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, რომელიც სტამბოლის კონვენციით არის ცნობილი, საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა. თუმცა პარლამენტის მიერ საბოლოოდ რატიფიცირება ამ დრომდე ამ მომხდარა. სახელმწიფო აღიარებს, რომ პროცესი გაჭიანურდა. გაეროს შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ კონვენციის რატიფიცირების პროცესი საბოლოოდ წელს, საგაზაფხულო სესიაზე დასრულდება.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, რეპრესიული ღონისძიებების პარალელურად ითვალისწინებს უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასაც-ადევნების კრიმინალიზაციას, და იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაციას. სოფო ჯაფარიძის თქმით, ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაც. პრევენციულ ღონისძიებებში შედის არსებული სოციალური ნორმების დარღვევა და ადგილობრივ თემებთან უფრო აქტიური მუშაობა. ცვლილებები შეეხება შემაკავებელ ორდერსაც. თუ აქამდე მის დამტკიცებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა და 24 საათიან პერიოდს მოიცავდა, კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლიციის მიერ ორდერის გამოწერისთანავე შევა ძალაში. მოძალადეს შესაძლოა სპეციალური სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაეკისროს, ეს ჯერ ინიციატივის დონეზეა, თუმცა ამ საკითხის განხილვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

სოფო ჯაფარიძე: რათქმაუნდა, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, როგორც ფინანსურად, ასევე შინაარსობრივად, თუმცა გაეროს ქალთა დაცვის ორგანიზაციას აქვს შეასაძლებლობა, დაგვეხმაროს სამაჯურების დანერგვაში. ასეთ სისტემას უკვე იყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში შინაპატიმრობის დროს. ეს არ იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა. მთავარია ტექნიკური აღჭურვილობა მომზადდეს და აღსრულებას რაც შეეხება-მოსწონთ თუ არა ეს მოძალადეებს-შეიძლება ბევრი რამე არ მოსწონდეთ, მაგრამ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მონიტორინგს რაც შეეხება, შეიძლება იყოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, მაგრამ როცა მოძალადე არღვევს პირობას და მაგალითად უახლოვდება მსხვერპლს დასაშვებ ზღვარს მიღმა, პოლიცია ამის შესახებ იგებს, როცა მსხვერპლი ახორციელებს ზარს. ხშირ შემთხვვეაში, ამის გამო პოლიციის რეაგირება არის დაგვიანებული.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის" არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი ამბობს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო რგოლები კანონების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. ამის მიზეზი არასათანადო ბიუჯეტი და კადრებია.

ანა არღანაშვილი: 2006 წელს მიღებული კანონი -"ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ"- ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ ჩვენ თუ გავესაუბრებით მსხვერპლ ქალებს, ისინი გვეტყვიან, რომ ვერ იყენებ ბევრ მექანიზმს რომელიც არის კანონში ჩაწერილი. მაგალითად, რეაგირება არის ძირითადად პოლიცის მხრიდან. ვერ ერთვებიან ხვა უწყებები. სოციალური სამსახური კანონით ოფიციალურად კი არის ჩართული, მაგრამ არასაკმარისია სოც. მუშაკების რაოდენობა - სულ გვყავს 225 , ამდენად ისინი ვერ უმკლავდენიან ამას. გარდა ამისა, ქალები ამბობენ, რომ მათზე ზრუნვა შემოიფარგლება მხოლოდ თავშესაფრით, სამი თვე რომ გავა ისინი ვერ ბრუნდებიან რეალურ ცხოვრებაში, ვერ იწყებენ სამსახურს, ვერ ხდებიან დამოუკიდებლბები და ბევრი მათგანი ამის გამო ისევ უბრუნდება მოძალადეს.

ოჯახური ძალადობის დროს ხშირია ბავშვთა ინტერესების შელახვის და მათი დაზარალების ფაქტებიც. სახალხო დამცველის უწყებას კონფერენციაზე ობმუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე წარმოადგენდა, რომელმაც ბავშვთა მსხვერპლად აღიარების მნიშნველობაზე ისაუბრა.

ეკა სხილაძე: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი ბავშვებთან ერთად გადადის სახელმწიფო თავშესაფარში, მაშინაც კი ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტები არ ხორციელდება, რადგან მოიაზრება, რომ მარტო ქალი არის მსხვერპლი.

"ქალები საქართველოდან " - ეს სოციალური პროექტი განსაკუთრებულად პოპულარულია სოციალურ ქსელებში, რომლის იდეა გასული წლის 8 მარტს გაჩნდა. იდეის ერთ-ერთი ავტორი, ფემინისტი აქტივისტი ნინო გამისონია პროექტის ეფექტურობაზე საუბრობს.

ნინო გამისონია: ეს პროექტი გახდა სოციალური პროექტი და ბევრი ადამიანის ცნობიერება შეცვალა. ბევრს ინდივიდუალურად დაეხმარნენ. მაგალითად ერთი უსინათლო გოგოს ამბავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომლის ისტორიაც გამოქვეყნდა. უსინათლობის გამო, მას სტაჟირების პრობლემა ჰქონდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასე გაიცნო ესმა გურგენიძე და საშუალება მისცა სტაჟირება მათთან გაევლო.

პარლამენტის დეპუტატი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მთავარი ეკონომიკური გამოწვევა არის 35%-იანი სახელფასო სხვაობა მამაკაცებს და ქალებს შორის და სახელმწიფომ ესეც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკა განიხილება.

არის თუ არა საქართველო მსოფლიო რუკაზე მარტო, რომელიც გენდერულ პრობლემებს 21-ე საუკუნეში ისევ აწყდება.

მარიამ ჯაში: ძალიან საინტერესო არის, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 15 წლის პერიოდში, არის დასკვნა, რომ არცერთ ქვეყანას პრაქტიკულად არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით, როგორც კონსტიტუციურად, ასევე იერარქიულად ეროვნული კანომდებლობა არის გენდერულად სენსიტიური, ანუ თანაბარ უფლებებს ანიჭებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მამაკაცებს და ქალბატონებს. დღეისათვის, 2016 წლის არჩევნების შედეგებით ყველაზე მაღალი მონაწილეობა გვაქვს პარლამენტში, ქალთა ჩართულობა 15% -ს აღწევს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი და ჩვენ აუცილებად უნდა ვიმუშაოთ კვოტირების დანერგვაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

XS
SM
MD
LG