თითქმის ორი თვის განმავლობაში, ღაზის სექტორში, სადაც ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს აწარმოებს, 5 300-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ავრცელებს. კეტრინ რასელი ამბობს, რომ დღეს ღაზის სექტორი „ბავშვებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილია".
რასელს მიაჩნია, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში გამოყენებული ძალა „არაპროპორციული“ იყო, „ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის შედეგები" კი - "კატასტროფული“. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი, გასულ კვირას, ღაზის სექტორში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო. მასთან ერთად ომის ეპიცენტრში იმყოფებოდა გაეროს ქალთა სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორიც, რომელმაც ნანახის შესახებ განცხადება მოგვიანებით, ნიუ-იორკში გააკეთა.
Your browser doesn’t support HTML5
„ღაზაში მცხოვრებმა ქალებმა გვითხრეს, რომ ისინი მშვიდობისთვის ლოცულობენ. მაგრამ, თუ მშვიდობა არ მოდის, ისინი სწრაფი სიკვდილისთვის ლოცულობენ, ძილში, შვილებით ხელში. უნდა გვრცხვენოდეს ყველას, რომ სადმე, ნებისმიერი დედა, ამაზე ლოცულობს“, - თქვა გაეროს ქალთა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, სიმა ბაჰუუსმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, თითქმის ორთვიანი ომის პირობებში, ღაზის სექტორში, გაეროს 100-ზე მეტი თანამშრომელიც დაიღუპა.
ღაზის სექტორში, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს თავს დაესხა. თავდასხმის დროს, „ჰამასის“ მებრძოლებმა 1400-ადამიანი მოკლეს, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ბავშვები. გაიტაცეს 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილი დაიღუპა. მას შემდეგ, ისრაელი "ჰამასის" მიერ მართულ ღაზის სექტორს ბომბავს. მოგვიანებით კი, სახმელეთო ოპერაციების დაიწყო. ამ ეტაპზე, ისრაელი ამბობს, რომ „ჰამასის“ არერთი სამიზნეა განადგურებული.
მსოფლიო საზოგადოება მოუწოდებს ისრაელს გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით.
ათობით ქვეყანას, მათ შორის 1997 წლიდან აშშ-ს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.