შტატის ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთ აღმოსავლეთ ალასკის კუნძულოვან დასახლებასთან დამაკავშირებელ მთავარ გზატკეცილზე, მეწყერმა სულ მცირე სამი ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ სამი დაკარგულად მიიჩნევა.
ორშაბათს, მეთევზეთა და ტყისმჭრელთა 2000 მცხოვრებიან პატარა ქალაქ ვრანგელთან, რომელიც შტატის დედაქალაქ ჯუნოდან 250 კილომეტრითაა დაცილებული, ტყით დაფარული მთის ციცაბო ფერდობი გზატკეცილთან ერთად ჩამოიშალა.
შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტის პრესმდივნის თანახმად, ნგრევა და მეწყერი მოჰყვა შტორმს, რომელმაც ბოლო დღეებში სამხრეთ აღმოსავლეთ ალასკას ძლიერი წვიმებით და ქარებით გადაუარა, ნიადაგი გაჟღინთა და მთელ რეგიონში მეწყერსაშიში ვითარება შექმნა.
ოფიციალური პირების ცნობით, ტალახისა და ხეების ნარჩენების ნაკადმა სამი სახლი დააზიანა და გზის 152 მეტრიანი მონაკვეთი დამარხა.
მაშველებმა გადარჩენილების ძებნისას, თავდაპირველად, ორშაბათ ღამით მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. სამშაბათს კი დამეწყრილი ადგილიდან გადარჩენილი ქალი ამოიყვანეს. სამშაბათს, მოგვიანებით, ადგილზე კიდევ ორი ცხედარი იპოვეს.
ღამით სამაშველო სამუშაოები შეაჩერეს, სანამ გეოლოგები ამ ადგილზე დამატებითი მეწყრის საშიშროებას შეაფასებდნენ, მაგრამ სამშაბათს მეწყრის ზონის ნაწილები საკმარისად სტაბილურად მიიჩნიეს იმისთვის, რომ სამძებრო სამუშაო გაგრძელებულიყო.
ძებნა-გადარჩენის სამუშაოებში საჰაერო ხომალდი და დრონები ჩართეს. მეწყრის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 20-30 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია მოხდა.