ბოლო ინფორმაციით რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს", - თქვა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ 11 დაღუპულიდან ნაწილი ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნო.
რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შოვში 7 ადამიანი დაიღუპა. "210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეც. საშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ორშაბათი, 7 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.
Facebook Forum