ღარიბაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში

საქართველოს პრემიერი უმაღლესი დონის შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესში, სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს

22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებს ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესში, სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს. ვიზიტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის -ჯო ბაიდენის- მიწვევით ხორციელდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, ეს პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტია ახალი ხელისუფლებისთვის და მას „უაღრესად დიდი მნიშვნელობა“ ენიჭება. „ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო განმტკიცებას“ - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სამთავრობო დელეგაციაში პრემიერთან ერთად იქნებიან: მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი - სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში პირველ მარტამდე გასტანს.