დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც მისმა პრესმდივანმა განაცხადა, პრემიერმა დაახლოებით 35 შეკითხვას გასცა პასუხი. თუმცა უნდა ითქვას, რომ თემატურად გაშლილი და მრავალფეროვანი არც კითხვები ყოფილა და შესაბამისად, არც პასუხები. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ „გაიმეორა“ ის, რაც აქამდეც იცოდა.
ბრიფინგის დასაწყისში დასმული კითხვები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს შეეხო. პრემირი აცხადებს, რომ ყველა საქმე, რაც კი სასამართლოშია, წყდება მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად. მისივე თქმით, არ შუძლია აზრი გამოთქვას ექს პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო დაკავების, ან არ დაკავების თაობაზე.
„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული, ბინძური კამპანია ფარცხალაძის წინააღმდეგ. „მერაბიშვილი გაიტაცეს“ და ასე შემდეგ. არავის არ სჭირდება მისი გატაცება. ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, კანონიერი გზით, მივლენ და ამ შეკითხვებს დაუსვამენ. რაც შეეხება სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას და გენინსპექციის დასკვნას, მე არ ვიცი, რატომ აქვს ვინმეს მის შესახებ კითხვები, ან რატომ არაა ეს დასკვნა კომპეტენტური. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა დარჩენილი, შეუძლიათ გაესაუბრონ სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას. ასე რომ, მე პირადად, არ მაქვს არანაირი კითხვა დარჩენილი,“- ამბობს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოთქმულ აზრს ღარიბაშვილის მიერ, რომლის თანახმად, იგი „კარგად ზის და ასევე იჯდება“, აღშფოთება მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შორის. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი და ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა, რის შემდეგაც მას, როგორც ბრალდებულს ანალოგიურ საქმეში, ყველანაირი იმედი გადაეწურა. „პრემიერმა ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა დღეს. საზოგადოებას მინდა დავუსვა კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს მე და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
პრემიერი ღარიბაშვილი უცხოელი კოლეგების მხრიდან არსებულ კითხვებს და გამოთქმულ შეშფოთებებს, რაც მოხსენიებულია, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა, კომუნიკაციის პრობლემებით ხსნის.
ზოგადად, ბრიფინზე საუბარი საერთაშორისო პოლიტიკას ნაკლებად შეეხო. ჟურნალსიტების მხრიდან არც ერთი შეკითხვა არ გაჟღერებულა კონფლიქტის ზონების შესახებ. პრემიერმა, თავის მხრივ ეს საკითხი ბრიფინგზე ორჯერ ახსენა. მისივე თქმით, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ და თუ საგანგაშო არაფერი ხდება, აჟიოტაჟის ატეხვა წინასწარ არაგონივრულია.
„ამის თქმა რთულია წინასწარ, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ზოგადად, უნდა გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ვიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში. იქ არ ჩადის მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი. იქ ჩადიან სპორტსმენები და ოლიმპიური კომიტეტი. იქ თუ რაიმე პოლიტიკურ აქციას ექნება ადგილი და ეს მიუღებელი იქნება ჩვენთვის, რეაქცია ამაზე იქნება, მაგრამ წინასწარ რა აქცია უნდა დავგეგმოთ, არ ვიცი. ერთის მხრივ ვაგზავნით სპორტსმენებს, ბოიკოტს არ ვუცხადებთ და მეორეს მხრივ აქციები გავმართოთ, უბრალოდ არალოგიკურია, არ მოდის შესაბამისობაში“- ამბობს პრემიერი.
პრემიერი ასევე ამბობს, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებით ზეწოლის ისეთი ბერკეტები არ გააჩნია, როგორიც, მაგალითად უკრაინის მიმართ აქვს. პრემიერი ამბობს:
„არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ შეფასებას, რომლის მიხედვით ჩვენთან მიმართებით შესაძლოა განმეორდეს ურკაინის სცენარი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც უკრაინა. რუსეთს არ აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიც მას ჰქონდა და აქვს უკრაინაში, შესაბამისად, რისკი ამ მიმართულებით არის მინიმალური. მე ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. ამ პროვოკაციებს ვხედავდით და ვხედავთ მთელი წლის განმავლობაში, იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში, ხაზთან მიმდებარე სოფლებში, მიმდინარეობდა ბორდერიზაციის პროცესი. ამასთან ერთად, სხვა პროვოკაციებიც შესაძლოა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს, რაღაც განსაკუთრებით ჩვენ არ ველოდებით. რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი? ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტი. მე გეუბნებით, რომ ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ჩვენს მიმართ, უკრაინისგან განსხვავებით, არ გააჩნია“.
ბრიფინგზე საუბარი ეკონომიკური კუთხით არსებულ რთულ ვითარებასაც შეეხო. პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის პოგნოზი ეკონომიკური ზრდის შესახებ დამაიმედებელია. მთავრობა 2014 წელს 5 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს. გასული წლის დაბალი მაჩვენებელი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვილი მძიმე მემკვიდრული შედეგებით ახსნა. „წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო დამოკიდებული გამხდარიყო ექსპორტზე. არაფერი კეთდებოდა ნაციონალური მრეწველობის ხელშეწყობისთვის. სირცხვილია, რომ ახლა საქართველო 80 პროცენტითაა დამოკიდებული ექსპორტზე მეზობელი ქვეყნებიდან, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოდის იმიტომ რომ საქართველოში სამაცივრე და შემნახველი მეურნეობაც კი არაა განვითარებული“,- ამბობს პრემიერი.
ჟურნალისტების შეხვედრა პრემიერთან ორ საათს გაგრძელდა.